ახალი ამბები

ოპოზიციასთან მოლაპარაკება დავასრულეთ, მზად ვართ საჯაროდ შევხვდეთ “ოცნებას” – ელისაშვილი

21 იანვარი, 2021 • 1332
ოპოზიციასთან მოლაპარაკება დავასრულეთ, მზად ვართ საჯაროდ შევხვდეთ “ოცნებას” – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესი დაასრულეს და მზად არიან “ქართულ ოცნებასთან” შესახვედრად.

როგორც ელისაშვილი Facebook-ზე წერს, მმართველ პარტიასთან პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე აპირებს საუბარს და იმის გაგებას, არის თუ არა მზად ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებისას შეთანხმებული პირობების შესრულებაზე.

“ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის “მოქალაქეების” სახელით განვაცხადო: ჩვენ დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ, რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი, სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში. ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო “ქართულ ოცნებას” – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს, ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად”, – აცხადებს ელისაშვილი.

Posted by ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili on Thursday, January 21, 2021

პარტია “მოქალაქეების” ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა გასულ კვირას ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყეს. ისინი უკვე შეხვდნენ “გირჩის” წევრებს. მათ განიხილეს იდეა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გამოიყენონ, როგორ პლებისციტი. რაც იმას გულისხმობს, რომ  თუ ჯამურად ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებს მოიგებს და  “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს, ახალი საპარლამენტო არჩევნები სწორედ იმ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს.

როგორც “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, ის “90%-ით დარწმუნებული” იყო  რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებდა, თუმცა ვაშაძემ ელისაშვილსა და “გირჩს” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე უარი უთხრა.


პოლიტიკური პარტიების, “ლელოს” და “მოქალაქეების” ლიდერები ერთმანეთს 19 იანვარს გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში დაუპირსპირდნენ. დაპირისპირებას კი წინ უძღოდა ჟურნალისტის შეკითხვა ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, რომლის თანახამადაც, ხაზარაძემ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ შეხვედრაზე ოპოზიციის გეგმების შესახებ განაცხადა, რომ “ომია ძმაო და რაღაც იქნება”. როგორც გადაცემის კადრებში ჩანს, სწორედ ამ კითხვის დასმის პროცესში შემოდის ალეკო ელისაშვილიც სტუდიაში.

ხაზარაძემ ელისაშვილის ამ განცხადებას ტყუილი უწოდა და თქვა, რომ “სამწუხარო ფაქტია, როდესაც დახურული შეხვედრიდან ინფორმაცია გადის დამახინჯებულად”. ხაზარაძის ამ განცხადებას უპასუხა ალეკო ელისაშვილმაც. მისი თქმით, ხაზარაძემ ეს ნამდვილად თქვა და ხალხმა უნდა იცოდეს, რაზე ლაპარაკობდა ოპოზიცია დახურულ შეხვედრებზე.

ამის შემდეგ ხაზარაძემ ელისაშვილს მატყუარა უწოდა, ელისაშვილმა – “ხალხის მყვლეფავი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი