ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: “საქართველოს მოქალაქემ მძიმე ეკონომიკური პირობების გამო გადმოკვეთა საზღვარი”

22 იანვარი, 2021 • 1496
ცხინვალი: “საქართველოს მოქალაქემ მძიმე ეკონომიკური პირობების გამო გადმოკვეთა საზღვარი”

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დააკავეს “კიდევ ერთი პირი”, რომელიც ცხინვალის რეგიონში უკანონო გზებით გადასვლას ცდილობდა.

მათივე განცხადებით, დაკავებული “საზღვირს გადაკვეთას” საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო ცდილობდა.

შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა. ინფორმაცია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტომ გუშინ, 21 იანვარს გაავრცელა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამჟამად აღრიცხავს საზღვრის კვეთის უამრავ უკანონო მცდელობას. ამრიგად, 2020 წლის 28 დეკემბერს ლენინგორის [ახალგორის] რაიონის სოფელ ახმაძში საზღვრის კონტროლის წარმომადგენლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 1993 წელს თბილისში დაბადებული ბექა ფარჩუკაშვილი”, – ნათქვამია დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოსური მხარის განცხადებით, გამოძიებისას დაკავებულმა განაცხადა, რომ საზღვრის უკანონო კვეთა “საქართველოში ძირითად საჭიროებებზე ხელმიუწვდომლობამ და სამსახურის პოვნის შეუძლებლობამ აიძულა”.

“ფარჩუკაშვილის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა ქვეყნისთვის კრიტიკული აღმოჩნდა. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა. ოფიციალური თბილისი დაკავებულია პოლიტიკური გადანაწილებებით, რაც საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა და იჩენს სრულ უყურადღებობას საკუთარი ხალხის პრობლემების მიმართ”, – აცხადებს ოსური მხარე.

“სამსახურის უშედეგო ძიების შემდეგ, მან საზღვარი გადაკვეთა იმ იმედით, რომ იპოვიდა სამსახურს და დარჩებოდა სამხრეთ ოსეთში საცხოვრებლად. გამოძიების დროს დაკავებულმა განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და დემონსტრაციულად გაანადგურა საკუთარი პირადობის მოწმობა”, – აცხადებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საიდუმლო სამსახური.

ოსური მხარის განცხადებით, “საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარება, საქართველოს რიგით მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის მმართველების მიმართ ნდობას უკარგავს და აიძულებს, რომ უკანონო ქმედებებს მიმართონ [გადაკვეთონ ე.წ. საზღვარი]”.

რას ამბობენ სუსში

ნეტგაზეთს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ოფიციალურად ამოქმედებული ცხელი ხაზით მოწოდებული ინფორმაციით, “ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქე ბექა ფარჩუკაშვილის პატიმრობაში ყოფნის ფაქტი არ დასტურდება”.

ნეტგაზეთისთვის ამ ეტაპზე უცნობია, გაათავისუფლეს თუ არა დაკავებული უკანონო პატიმრობიდან და იმყოფება თუ არა, კვლავ ცხინვალის რეგიონში.

ყველაზე არათავისუფალი ადგილი ევროპაში

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom house-ის მიხედვით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და ტერიტორიებში თავისუფლების ინდექსს ითვლის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ევროპაში ყველაზე არათავისუფალი ტერიტორიაა.

ორგანიზაციის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მთავრობის გამჭვირვალობა და ღიაობა 4 ქულიდან ნული ქულით შეფასდა.

ასევე 0 ქულით შეფასდა სასამართლოების დამოუკიდებლობის საკითხიც. ცხინვალში არ არის მთავრობის გავლენებისგან დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ორგანიზაციის განცხადებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში არ არსებობს ადამიანების ფიზიკური ძალადობისგან დაცვის მექანიზმები. “ფიზიკური ძალადობა და მძიმე პირობები გავრცელებულია ციხეებსა და წინასწარი დაკავების ცენტრებში”.

საბოლოო ჯამში, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს, როგორც ტერიტორიას, პოლიტიკურ და სამოქალაქო თავისუფლებების ინდექსში 100 შესაძლო ქულიდან მხოლოდ 10 ქულა აქვს.


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პერიოდულად იტაცებენ ან აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს. მათი განცხადებით, დაკავებულები არღვევენ საქართველო-სამხრეთ ისეთის ადმინისტრაციულ საზღვარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი