ნეტგაზეთი | რუსეთი ამბობდა, რომ ქართველები ოსებისგან დასაცავად დააკავეს – დავის დეტალები რუსეთი ამბობდა, რომ ქართველები ოსებისგან დასაცავად დააკავეს – დავის დეტალები – Netgazeti
Batumelebi | RU

რუსეთი ამბობდა, რომ ქართველები ოსებისგან დასაცავად დააკავეს – დავის დეტალები

2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ერთ-ერთ ნაწილში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობა სასამართლოში მიუთითებდა, რომ ქართველი მოქალაქეების დაკავება მათი დაცვის მიზნით მოხდა, — რათა ისინი „სამხრეთ ოსეთელების მხრიდან შურისძიების მიზნით პოტენციური თავდასხმისგან“ დაეცვათ. სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა.


მრავალწლიანი განხილვის შემდეგ, 2021 წლის 21 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე. საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული არაერთი უფლების დარღვევას ედავებოდა.

„ნეტგაზეთმა“ მკითხველს უკვე შესთავა სტატია, საიდანაც გაიგებთ, თუ რას გულისხმობს სრული განაჩენი და რას ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს დავის იმ ნაწილიდან, რომელიც დაკავებულებს შეეხებათ:

არაადამიანური მოპყრობა

სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო არ ყოფილა ის საკითხი, რომ საქართველოს 160 მოქალაქე, ძირითადად „საკმაოდ ხნიერი ადამიანი, რომელთა მესამედიც ქალი იყო“, სამხრეთოსეთულმა ძალებმა დააკავეს 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში და მოათავსეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში.

„იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი სამოქალაქო პირები ძირითადად საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ დააკავეს, სასამართლომ დაასკვნა, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ ექცეოდნენ“.

ამასთან, სასამართლოს თქმით, ქართველი სამოქალაქო პირების ჩვენებები მათი დაკავების პირობების შესახებ შესაბამისობაში მოდიოდა სასამართლოსთვის სხვა წყაროებიდან ცნობილ ინფორმაციასთან.

ამასთან, სასამართლოს თანახმად, დე ფაქტო დაკავების ცენტრის ხელმძღვანელმა მოწმეების მოსმენაზე აღიარა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფი არ იყო მორგებული ამ რაოდენობის დაკავებული ადამიანის მოსათავსებლად. ეს მაშინ, როდესაც მამაკაცები და ქალები გარკვეული დროით ერთად იყვნენ მოთავსებული, არ იყო საკმარისი საწოლები და არ იყო დაცული ჯანმრთელობისა და ბაზისური ჰიგიენური ნორმები.

„მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ არ ყოფილა დემონსტრირებული რუსული ძალების უშუალო მონაწილეობა, ის ფაქტი, რომ ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში შედიოდა, ნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ხელისუფლების მოქმედებებზე პასუხისმგებლობაც ამ უკანასკნელს ეკისრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ, რუსული ძალები არ ჩარეულან, რათა თავიდან აერიდებინათ [ქართველების მიმართ] ისეთი მოპყრობა, რაც გასაჩივრებული იქნა“.

შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–3 მუხლის [წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა] დარღვევას და ეს იყო ადმინისტრაციული პრაქტიკა. დამამცირებელმა ქმედებებმა კი საქართველოს მოქალაქეებს „უდავო ტანჯვა მოუტანა და ეს უნდა ჩაითვალოს, როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა“.

„ამრიგად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას და ამ დარღვევაზე პასუხისმგებელი იყო რუსეთის ფედერაცია“, – ასკვნის სასამართლო.

რუსეთის განმარტება

სასამართლოს განმარტების თანახმადვე, მოპასუხე მხარემ, ანუ რუსეთის მთავრობამ, განაცხადა, რომ „ქართველი მოქალაქეები დაკავებულნი იყვნენ თავიანთივე უსაფრთხოებისთვის, — გამომდინარე პოტენციური თავდასხმის საფრთხიდან სამხრეთ ოსეთელების მხრიდან, რომლებიც ქართველებზე შურისძიებას ცდილობდნენ ცხინვალზე თავდასხმის გამო“.

სასამართლო წერს, რომ ეს განმარტება, „რაც ფაქტობრივად კიდევ უფრო მეტად იყო საკამათო, არ იქნა დაკავების საფუძვლად მიღებული. მეტიც, დაკავებულებს არ განუმარტეს მათი დაპატიმრების და დაკავების მიზეზი“.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლი [თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება], რაც ასევე ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა, და ამ დარღვევაზე რუსეთის ფედერაცია იყო პასუხისმგებელი.


გარეკანის ფოტოზე: ცხინვალში დაკავებული ქართველები, 2008 წლის 15 აგვისტო. ფოტო: ALAMY/REUTERS/Denis Sinyakov 

ვრცლად:

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com