ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიურად გამოვიყენებთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას” | მინისტრი

21 იანვარი, 2021 • 632
“კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიურად გამოვიყენებთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას” | მინისტრი

“ბუნებრივია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა შემდგომშიც დავიცვათ ინტენსიურად საქართველოს ეროვნული ინტერესები და უზრუნველვყოთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგების საკითხებში თეა ახვლედიანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტო და ისტორიულია, რაც წარმოადგენს საქართველოს გამარჯვებას რუსეთის ფედერაციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეში.

ეს კი მნიშვნელოვანწილად განპირობებულ იქნა 2013 წლიდან საქართველო ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევითა და წარდგენილი მტკიცებულებებით.

პირველად საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით, ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე. ეს კი, შესაბამისად, ნიშნავს იმას, რომ რუსეთს, როგორც საოკუპაციო ძალას, ეკისრება სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, მიმოსვლისა და საკუთრების უფლება.

რუსეთის ფედერაცია ასევე პასუხისმგებელია იმაზეც, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დღემდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება”, – აცხადებს ახვლედიანი.

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი