ახალი ამბები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

21 იანვარი, 2021 • 1157
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ვიზიტს გეგმავს რუსეთში, სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში. ზარიფის კომენტარს ირანული საინფორმაციო სააგენტო “მეჰრი” ავრცელებს. მისივე თქმით, საუბრები ასევე მიმდინარეობს თურქეთის წარმომადგენლებთან.

“გასულ ღამეს კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან”, – აღნიშნავს ის და დასძენს, რომ სურს, იმ ქვეყნებს ეწვიოს, რომელთაც შეუძლიათ, ერთად იმუშაონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ხელშეწყობისთვის.

“ნეტგაზეთს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ზარიფს  “დაგეგმილი აქვს რეგიონალური ტურნე და, შესაბამისად, ამ ტურნეს ფარგლებში ეწვევა საქართველოს”.

“ვიზიტის დეტალებზე დიპლომატიური არხებით მიდის მუშაობა”, – აღნიშნავენ უწყებაში.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჯავად ზარიფი თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრას 26 იანვარს გეგმავს. მისივე თქმით, ისინი ხედვებს გაცვლიან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ვითარება მთიან ყარაბაღში და შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ(JCPOA), ასევე, სიტუაციას სირიაში, ავღანეთსა და სპარსეთის ყურეში.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებზე შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ირანი ახსენეს “ექვსეულის პლატფორმის” კონტექსტშიც, რომლის შექმნის იდეაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა.

მან თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში ხედავს “ექვსეულის პლატფორმის” შექმნის შესაძლებლობას, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ერდოღანი პლატფორმის პოტენციურ წევრებად მოიაზრებს თურქეთს, რუსეთს, ირანს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი