მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინები, შესაძლოა, ნაკლებეფექტიანი იყოს COVID-19-ის ახალი შტამის მიმართ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. მეცნიერების დაკვირვების მიხედვით, ახალ შტამს შეუძლია, თავი აარიდოს კორონავირუსგადატანილი ადამიანების პლაზმაში არსებულ ანტისხეულებს. აღნიშნულ პლაზმას COVID-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გარკვეულ შემთხვევებში იყენებენ.

როგორც Reuters წერს, შტამი, სახელწოდებით 501Y.V2, რომელიც 50%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის წინა მუტაციები, სულ მცირე, 20 ქვეყანაშია დაფიქსირებული. გამოცემა წერს, რომ ეს ერთ-ერთი შტამია იმ მრავალი ახალი ვარიაციიდან, რომელიც ბოლო თვეებში აღმოაჩინეს ინგლისში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში:

“ეს შტამი სრულად გაურბის სამი კლასის მონოკლონურ ანტისხეულებს. 501Y.V2 ნაწილობრივ ან სრულად ირიდებს გამანეიტრალებელ ანტისხეულებს, რომელიც გამოჯანმრთელებულის სისხლის პლაზმაშია და შესაძლოა, შეამციროს არსებული ვაქცინების ეფექტიანობა”, – ნათქვამია დოკუმენტში.

Reuters-ის ცნობით, შტამი ძირითადად სამხრეთ აფრიკაშია გავრცელებული და ქვეყანას ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის დროს მოედო, როდესაც დღიური შემთხვევების რაოდენობამ 21 000-ს გადააჭარბა.

გამოცემა წერს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმით მკურნალობას, განსაკუთრებით მძიმე პაციენტებში, რომლებსაც რეანიმაციული დახმარება სჭირდებათ, ეფექტიანობა არ უჩვენებია, თუმცა ბევრ ქვეყანაში, როგორც გადაუდებელი ზომა, მაინც გამოიყენება.

დოკუმენტში, რომელსაც Reuters ეყრდნობა, ნათქვამია, რომ  ახალი კორონავირუსის 501Y.V2 ვარიაციის მიმართ ვაქცინის ეფექტიანობის შესასწავლად ფართომასშტაბიანი კლინიკური ტესტირებაა საჭირო, თუმცა მიიჩნევენ, რომ არსებული შედეგების მიხედვით გამოჩნდა იმის საჭიროება, რომ ახალი ვაქცინა შეიქმნას, რომელიც მსგავს საფრთხეებს გაანეიტრალებს.

Financial Time-ის ინფორმაციით, ვაქცინის შემქმნელებმა უკვე შეისწავლეს ვირუსის სხვა მუტაციები. ფაიზერის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთში აღმოჩენილი შტამის მიმართ, რომელიც B.1.1.7 სახელითაა ცნობილი და ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევდა, ვაქცინა ეფექტიანია. მსგავსი შედეგები აჩვენა მოდერნასა და ოქსფორდის ვაქცინებმაც, რომლებიც ასევე B.1.1.7 შტამზე შემოწმდა.

თუმცა, Reuters-ის მსგავსად, FT-ც აღნიშნავს, რომ მეცნიერთა ჯგუფის შეშფოთებას ახლა იწვევს 501Y.V2 შტამი, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის დროს გამოჩნდა.

კვლევა, რომლი ფარგლებშიც სამხრეთ აფრიკიდან 44 კოვიდგადატანილი ადამიანის ნიმუში შეისწავლეს, აჩვენებს, რომ მათი 90% ახალი შტამისგან სრულად დაცული არ არის, ანტისხეულები კი ნიმუშების ნახევარში საერთოდ არ უზრუნველყოფს მისგან დაცვას.

კორონავირუსის პანდემიის მიმართულებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი სალიმ აბდულ კარიმი აცხადებს, რომ ემპირიული მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება ვაქცინა 501Y.V2 შტამის მიმართ, არ არსებობს და ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება.

იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინის ეფექტიანობა მკვეთრად შემცირდება, როგორც FT წერს, კომპანიებს მოუწევთ ვაქცინის ახალი პარტიის დამზადება. ფაიზერის ვაქცინის შემქმნელები აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში 6 კვირაშია შესაძლებელი ვაქცინის იმგვარად შეცვლა, რომ ვირუსის ახალ მუტაციებს გაუმკლავდეს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რეგულატორებს ხელახლა მოუწევთ მსჯელობა მის უსაფრთხოებაზე, ეფექტიანობასა და ხელახალი კლინიკური ტესტირების საჭიროებაზე.