ახალი ამბები

2008 წლის ომზე სტრასბურგმა საქართველოს პოზიციები გაიზიარა – იუსტიცია

21 იანვარი, 2021 • 2192
2008 წლის ომზე სტრასბურგმა საქართველოს პოზიციები გაიზიარა – იუსტიცია

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

სამინისტროს ცნობით:

  • სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
  • სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
  • სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დარღვევისთვის.
  • სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის.

აგვისტოს ომის საქმეზე სახელმწიფოთაშორისი დავის ფარგლებში საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:

  1. სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
  2. წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
  3. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
  4. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
  5. სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);
  6. საკუთრების დაცვა (პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი);
  7. განათლების უფლება (პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
  8. მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

საქართველომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, თუმცა საბოლოოდ დასაშვებად ცნეს 2011 წლის 13 დეკემბერს, ხოლო 2012 წლის 3 აპრილს საქმე განსახილველად დიდ პალატას დაეწერა.

2016 წლის 6-17 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ როგორც საქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით). საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ − 2013 წლის 8 ოქტომბრიდან − დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვა.

ევროპული სასამართლოს დიდი პალატის წინაშე ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.

“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” – საქმე №1 

აგვისტოს ომის საქმე მეორე სახელმწიფოთაშორისი დავაა, რომელიც საქართველოს აქვს რუსეთთან სტრასბურგის სასამართლოში.  პირველი დავა, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას ეხებოდა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის და რუსეთს დაკისრებული კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია. რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება მიმდინარეობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი