ახალი ამბები

ცქიტიშვილი და ზალკალიანი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ

21 იანვარი, 2021 • 1194
ცქიტიშვილი და ზალკალიანი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ცქიტიშვილი პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს და მთავრობაში ეკონომიკურ მიმართულებას გაუწევს კურირებას.

გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა. ასევე, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება:

“პირველ რიგში იმისთვის, რომ გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და მეორე რიგში იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად ხმამაღალი და, რაც მთავარია, დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის, ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით და კურატორი ეკონომიკური მიმართულებით, ეს გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი”,- ამბობს პრემიერ-მინისტრი.

ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ დასახული მიზნების და იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, საგარეო ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება:

“განსაკუთრებით დღეს, როდესაც რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს ენიჭება სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში, გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ნატოში შემდგომი ინტეგრაცია.

რა თქმა უნდა, პასუხი ოკუპაციასა და იმ მოვლენებზე, რაც რეგიონში ხდება. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად მნიშნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის კდიევ უფრო გაღრმავება, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება დავით ზალკალიანი”, – ამბობს გიორგი გახარია.

დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2016 წელს დაინიშნა, მანამდე მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილებას ახორციელებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი