ახალი ამბები

გახარია დეოკუპაციის მიმართულებით ახალ გეგმას აანონსებს

21 იანვარი, 2021 • 1060
გახარია დეოკუპაციის მიმართულებით ახალ გეგმას აანონსებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ “უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ახალი მესიჯი იმისთვის, რომ მთავრობამ უწყებათაშორის კოორდინებულ დონეზე დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები დაიწყოს”.

გახარიას შეფასებით, დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”.

“ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი მოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების 12-წლიანი შრომის შედეგი. ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, იქმნება საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის მიცემისა და საერთაშორისო დონეზე მათი ინტერესეის შემდგომი დაცვის საფუძველი.

“ეს არის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის პირველი შეფასება. ეს გადაწყვეტილება, როგორც მთავრობას, გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს  და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები უწყებათაშორისი კოორდინებული მუშაობისა ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით. ამ ნაწილში გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სახელმწიფოთაშორის დავაზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” გადაწყვეტილებას დღეს, 21 იანვარს გამოაცხადებს.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოცხადდება – სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი