ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ორივე მხარე დახმარებას გვპირდება” – ვინ დაეხმარება გალში ხანძრით დაზარალებულებს 

21 იანვარი, 2021 • 2161
“ორივე მხარე დახმარებას გვპირდება” – ვინ დაეხმარება გალში ხანძრით დაზარალებულებს 

44 წლის მასწავლებელი ნანა ჩერქეზია გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღების მკვიდრია. 4 იანვრის ხანძრის დროს მის ეზოში ორი სახლი მთლიანად დაიწვა. მიმდებარე ტყესა და სოფლებში იმ ღამეს  გახშირებული ხანძრის გამო სახანძრო მანქანამ დაიგვიანა. 

“ღამით ონლაინ გაკვეთილებისთვის გეგმას ვამზადებდი და გვიან დავიძინე. დაახლოებით ერთ საათში რაღაცის გაელვებამ გამაღვიძა. დედამთილი, რომელიც ამავე ეზოში მეორე სახლში ცხოვრობდა, შემოვარდა, – ცეცხლიაო. ავადმყოფი ბავშვი მყავს, 15 წლის, ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. მხედველობა არ აქვს. მხოლოდ მისი გაყვანა და მაცივრიდან მისი წამლების გამოტანა მოვასწარით.

როდესაც ბავშვის მოპირდაპირე მხარეს, მეზობლის სახლში მივიყვანე, ვიფიქრე, დავბრუნდებოდი და ავიღებდი სხვა პირველადი მოხმარების ნივთებსაც და ვეღარ მოვასწარი. ვუყურებდით, როგორ იწვოდა სახლები. საერთოდ არაფერი გადარჩა, მხოლოდ კედლები”, – გვიყვება ქალი. 

ნანა ჩერქეზიას დამწვარი სახლი გალში; ფოტო: ნანა ჩერქეზია

ნანა ჩერქეზიას დამწვარი სახლი გალში; ფოტო: ნანა ჩერქეზია

ნანა ჩერქეზიას დამწვარი სახლი გალში; ფოტო: ნანა ჩერქეზია

ნანა ჩერქეზიას დამწვარი სახლი გალში; ფოტო: ნანა ჩერქეზია

ნანა ჩერქეზიას დამწვარი სახლი გალში; ფოტო: ნანა ჩერქეზია

ნანა ჩერქეზიას დამწვარი სახლი გალში; ფოტო: ნანა ჩერქეზია

ამჟამად ნანა ჩერქეზია, მისი ქმარი, 15 წლის შვილი, დედამთილი, მაზლი და მისი ოჯახი ახლობლებს აფარებენ თავს.

“კარდაკარ დავდივართ, ნათესავებიდან ნათესავებში. ორივე მხარე გვპირდება დახმარებას, იმედია, დანაპირებს შეასრულებენ”, – ამბობს ნანა ჩერქეზია.

კითხვაზე, კონკრეტულად რა ტიპის დახმარებას ელის ქართული და აფხაზური მხარეებისგან, გვპასუხობს:

“ჩვენი სახლი ძალიან დიდი იყო და სახურავის გადასახურადაც კი დიდი თანხაა საჭირო. იქნებ რამე პატარა სახლი აგვიშენონ”.

ამავე დროს, ქართული მხარე აცხადებს, რომ უსახლკაროდ  დარჩენილ თანამოქალაქეებს ეხმარებიან.

“აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობა თავის  ხელთ  არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით  ინტენსიურ კომუნიკაციაში  იმყოფება ადგილობრივ  მოსახლეობასთან და ცდილობს  მაქსიმალური  მხარდაჭერა  აღმოუჩინოს  მათ. საქართველოს  ხელისუფლებასთან კოორდნირებულად ახორციელებს ფინანსურ დახმარებას  უსახლკაროდ  დარჩენილი  თანამოქალაქეების  მიმართ”, – ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებაში, რომელიც 12 იანვარს გამოქვეყნდა.

? აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ…

Posted by Government of the A/R of Abkhazia – აფხაზეთის ა/რ მთავრობა on Tuesday, 12 January 2021

პარალელულად, გალში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყეს მოქალაქე აქტივისტებმა.

“ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივაა ეს. ჩვენი აქტივობა თანხების მობილიზებაა. იანვრის ბოლოსთვის ვგეგმავთ გარკვეული დახმარების გაწევას”, – ამბობს მოქალაქე დავით კაკუბავა, რომელიც დაზარალებული გალელებისთვის ფეისბუკზე მხარდამჭერი კამპანიის ერთ-ერთი ინიციტორია.

მისივე თქმით, “პირველ რიგში, დახმარება გაეწევა მათ, ვისაც სახლი დაეწვა”. 

“ასეთი 10 ოჯახამდეა. ამასთან, ზარალი იმდენად დიდია, ჩვენ სრულად ვერ შევძლებთ ანაზღაურებას. მარტო ერთი სოფლის მონაცემი რომ გითხრათ, 137 ოჯახს დაეწვა თხილნარი. ასეა 9 სოფელში. ვაზუსტებთ და ვამოწმებთ, ვის რამდენი, რა ფართობი დაეწვა. დახმარების ფორმაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ საბოლოოდ. დამოკიდებულია იმაზე, რა თანხის მობილიზებას შევძლებთ. შესაძლოა ეს იყოს დახმარება თანხით. თუმცა ვეკითხებით დაზარალებულებს, რა ტიპის, როგორი დახმარება ესაჭიროებათ და აქედან გამომდინარე გადავწყვეტთ”.

? მეგობრებო, მიუხედავად პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური შედეგებისა, გამოგვეხმაურა ძალიან ბევრი ადამიანი და…

Posted by David Kakubava on Wednesday, 20 January 2021

ხანძარი გალში 4 იანვარს, ღამით გაჩნდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ცნობით, ქართულმა მხარემ შექმნილი ცხელი ხაზის მეშვეობით, დე ფაქტო მთავრობას ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარება შესთავაზა, თუმცა აფხაზურმა მხარემ დახმარებაზე უარი თქვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი