ახალი ამბებიკომენტარი

პროექტი – ამერიკა

20 იანვარი, 2021 • 2542
პროექტი – ამერიკა

ავტორი: ზვიად დიასამიძე

„მე არ ვიყრიდი კენჭს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპი რომ არ იღებდეს მასში მონაწილეობას. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, როგორც პრეზიდენტი, წარმოადგენს სრულიად საპირისპიროს იმისას, მე როგორც მესმის ქვეყნის ეფექტური მმართველობა“.

ეს სიტყვები ბარაქ ობამას ადმინისტრაციის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ თავისი კანდიდატურის წარდგენის დროს წარმოთქვა.

თუმცა დონალდ ტრამპის პოლიტიკის ისეთი თავგამოდებული კრიტიკოსიც კი, როგორიც ჯო ბაიდენია, ვერ წარმოიდგენდა მდგომარეობის სიმძიმეს, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები მომავალი პრეზიდენტის ოფიციალური ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს იმყოფება.

ამერიკული დემოკრატიის სიმბოლოზე, კაპიტოლიუმზე, უპრეცედენტო თავდასხმა, ღიად ინიცირებული მოქმედი პრეზიდენტის მიერ, ვაშინგტონის ქუჩებში მობილიზებული ეროვნული გვარდიის ათასობით ჯარისკაცი არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აჩვენებს მდგომარეობის სირთულეს, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები ტრამპის პრეზიდენტობის ბოლოს იმყოფება.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში რთულია იპოვო არჩეული პრეზიდენტი, რომელიც თავისი საპრეზიდენტო ვადის დაწყებისთანავე იმ სიმრავლის პრობლემებს ეჩეხება, როგორც აშშ 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

ბუნებრივია, კორონავირუსის პანდემია და მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი, თეთრ სახლში შესვლისთანავე, პრეზიდენტის პირველი სამუშაო დღის თემა იქნება.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად აშშ-ში 400 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ბაიდენი თავიდანვე აქტიურად აკრიტიკებდა კორონაპანდემიის ტრამპისეულ მენეჯმენტს – ის ექსპერტების რეკომენდაციებს ჯიუტად უარყოფდა და ვირუსის „უვნებლობას“ ამტკიცებდა.

2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოგებისთანავე, ჯო ბაიდენის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო პანდემიის მართვის სტრატეგიაზე სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც ქვეყნის გამოცდილი სამედიცინო ექსპერტები, მეცნიერები და პროფესიონალები შევიდნენ.

დღის წესრიგში ასევე დაბრუნდა აშშ-ის წევრობის აღდგენა მსოფლიო საერთაშორისო ჯანმრთელობის ორგანიზაციაში, რომელიც დონალდ ტრამპმა ერთპიროვნულად დატოვა.

საინტერესოა, რომ ჯო ბაიდენი, როგორც ბარაქ ობამას ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტი, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ებოლას ვირუსის წინააღმდეგ სტრატეგიაზე მუშაობას. ებოლას ვირუსი აშშ-ში პრეზიდენტ ობამას მეორე ვადის დროს გავრცელდა და სწორედ ბაიდენის უშუალო ხელმძღვანელობით ქვეყანამ ეფექტურად დაძლია.

კორონასვირუსის პანდემიასა და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, ბაიდენის ადმინისტრაციის გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენა იქნება.

ამერიკის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში ქვეყნის სახელმწიფო სისტემისადმი ნდობის კრიზისი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობით არ დაწყებულა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ორივე პარტია – როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები- ათწლეულების განმავლობაში უგულებელყოფდა. ამის პირდაპირი შედეგია პოპულისტი ლიდერი – დონალდ ტრამპი.

აშკარაა, რომ დონალდ ტრამპის მიერ სოციალური ქსელების საშუალებით ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოსა თუ საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ წარმართულმა ცრუ-კამპანიამ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. იგივე უნდა ითქვას თავისუფალ მედიაზე, რომელიც ტრამპის შეტევების ერთ-ერთი სამიზნე იყო.

დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვის შედეგია მოსახლეობის უკიდურესი პოლარიზაცია, რასობრივი და ეთნიკური დისკრიმინაციის გახშირებული შემთხვევები, მემარჯვენე ნაციონალისტების დაჯგუფებების შემაშფოთებელი ზრდის ფონზე.

პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, არსებული კრიზისიდან ეტაპობრივი გამოსვლისთვის, უდავოდ პოზიტიური ნაბიჯია ვიცე-პრეზიდენტად შავკანიანი ქალის, კალიფორნიელი სენატორის, კამალა ჰარისის დასახელება.

ანალიტიკოსები ასევე პოზიტიურად აფასებენ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შემადგენლობას: „კაბინეტი, როგორც ამერიკა, რომელიც კარგად წარმოაჩენს ამერიკის მრავალფეროვან მოსახლეობას“.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისაგან განსხვავებით, სადაც კაბინეტის წევრები, როგორც წესი, პრეზიდენტისადმი ლოიალურად განწყობილი საჯარო პირების ან ბიზნესის წრეებიდან ინიშნებოდნენ, ბაიდენის გუნდის წევრებს სახელმწიფო სამსახურებში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვთ.

ახალ ადმინისტრაციაში სათანადო ყურადღება დაეთმობა გარემოს დაცვის საკითხებსაც. პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი ღიად საუბრობდა გარემოს დაცვის სფეროში გადაუდებელი პრობლემების შესახებ, რასაც სრულიად უგულებელყოფდა დონალდ ტრამპი.

2020 წლის ნოემბრის არჩევნების დროს, პარიზის გარემოს დაცვის საერთაშორისო შეთანხმებაზე მიერთების საკითხს ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი უპირობოდ უჭერდნენ მხარს. დონალდ ტრამპმა კი, წამყვანი მეცნიერების, ექსპერტებისა და დასავლელი პარტნიორებს რჩევების მიუხედავად, გლობალური შეთანხმება დატოვა.

„ჩვენ დავბრუნდებით“ – ეს სიტყვები ჯო ბაიდენმა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე, 2019 წლის თებერვალში გაახმიანა, სადაც [ტრამპისგან სრულიად განსხვავებული] საგარეო პოლიტიკაზე თავისი ხედვა წარმოადგინა.

ჯო ბაიდენის აზრით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უპირობოდ უნდა დაიბრუნოს მსოფლიო ლიდერის პოზიცია, აქტიურად ითანამშრომლოს თავის დასავლელ პარტნიორებთან და ახალი ინიციატივებით გააძლიეროს საერთაშორისო ორგანიზაციების, პირველ რიგში, ჩრდილოეთ ატლანტიკური კავშირის ეფექტურობა.

საგულისხმოა, ასევე, ბაიდენის საჯარო განცხადებები აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის, თავისუფალი პრესის და კანონის უზენაესობის განმტკიცებასთან დაკავშირებით. ისევე, როგორც მის მიერ პუტინისა და ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმების მწვავე კრიტიკა. სწორედ ამიტომაც უნდა ველოდოთ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას, პირველ რიგში, პოსტსაბჭოთა სივრცეში.

„არ არსებობს ლიბერალური ან კონსერვატიული ამერიკა. არსებობს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები“ – ეს სიტყვები ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ 2004 წელს წარმოთქვა. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მისი, როგორც პირველ შავკანიან პრეზიდენტად არჩევა ამ ამერიკის არსებობის ნათელი დადასტურება იყო.

ზუსტად 17 წლის შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი გამოწვევა სწორედ ერთიანი ფასეულობების გარშემო გაერთიანებული ამერიკის დაბრუნება იქნება.

____

ავტორის შესახებ: ზვიად დიასამიძე არის პოლიტოლოგი. განათლება მიღებული აქვს მიუნხენის უნივერსიტეტში. ამჟამად იმყოფება ოტავაში, კანადაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი