ახალი ამბები

ისრაელში პაციენტს ხელოვნური რქოვანის გადანერგვით მხედველობა აღუდგინეს

20 იანვარი, 2021 • 2092
ისრაელში პაციენტს ხელოვნური რქოვანის გადანერგვით მხედველობა აღუდგინეს

ისრაელში დაფუძნებული სტარტაპის მიერ შექმნილი მოწყობილობის მეშვებობით, 78 წლის პაციენტმა, რომელმაც მხედველობა ათწლეულების წინ დაკარგა, ახლობლების დანახვა და სიტყვების წაკითხვა შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ Ophthamology Times ავრცელებს.

კომპანია CorNeat Vision-ზე დაყრდნობით გამოცემა იუწყება, რომ ხელოვნური იმპლანტი დეფორმირებულ, ნაწიბუროვან ან გაუფერულებულ რქოვანას ცვლის. რქოვანის იმპლანტაციის პროცედურა 11 იანვარს პროფესორმა ირით ბაჰარმა შეასრულა.

“სახვევების მოხსნის მომენტი ძალიან ემოციური იყო. ასეთი მომენტები არის ჩვენი, როგორც ექიმების მოწოდება. ვამაყობთ, რომ ამ ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი პროექტის სათავეში ვართ, ეს უდავოდ აისახება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე”, – განაცხადა ბაჰარმა.

CorNeat Vision-მა აღნიშნული პროცედურაზე კლინიკური ცდების ჩატარების უფლება გასულ წელს მოიპოვა. მათ უფლება მიეცათ, რომ ხელოვნური რქოვანის გადანერგვის პროცედურა 10 ადამიანისთვის ჩაეტარებინათ.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა ალი-რაზმა განაცხადა, იმპლანტაცია პირველი ნაბიჯია მრავალნაციონალური კლინიკური კვლევისთვის, რომელიც ემსახურება CE ნიშნის, FDA-ს ნებართვის მიღებას და ჩინეთის NMPA-ს მიერ დამტკიცებას.

მისი თქმით, ცდების მეორე ეტაპი კომპანიას 2021 წლისთვის აქვს დაგეგმილი, რომლის საბოლოო მიზანიც რქოვანის ტრანსპლანტაციისას დონორის ბიოლოგიური მასალის ხელოვნურით ჩანაცვლებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი