ახალი ამბებიეკონომიკა

ბიზნესის 13 ასოციაცია მთავრობას ეკონომიკის ამუშავებას სთხოვს

20 იანვარი, 2021 • 889
ბიზნესის 13 ასოციაცია მთავრობას ეკონომიკის ამუშავებას სთხოვს

13 ბიზნესასოციაცია მთავრობას მიმართავს ეკონომიკის განმსაზღვრელი ყველა დარგის უმოკლეს ვადაში ამუშავების თხოვნით. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 16 იანვარს ცალკეული დარგების ამუშავების მოლოდინი არსებობდა, რაც არ გამართლდა. ამასთან, მათი თქმით, კიდევ არსებობს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ე.წ. მესამე ლოქდაუნს მიმართავს, რის საფუძველსაც ბიზნესს აძლევს ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ ეპიდემიოლოგების განცხადებები ვირუსის “მესამე ტალღის” შესახებ.

ხელმომწერი ასოციაციები ბიზნესის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ტურიზმის, ვაჭრობის, რესტორნებისა და ავიაციის ამუშავებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე ბიზნესი საკუთარი თანამშრომლების მასობრივ ტესტირებას ვერ შეძლებს, აქედან გამომდინარე, ისინი მთავრობას სთხოვენ, კორონავირუსის ტესტირების პროცესის სუბსიდირება მოხდეს.

“დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი პირველ თებერვალს მთავრობის მიერ დაპირებული ე.წ. ლოქდაუნის სრული მოხსნა კვლავ გადადების საშიშროების წინაშეა. უფრო მეტიც, სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა ბოლო განცხადებები მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალ ლოქდაუნზე (ე.წ. მესამე ტალღა). მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას, გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია: ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე! გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია საგადასახადო სისტემა და საბანკო სექტორიც კი. სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა). უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი, რაც ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მარტში დაწყებული პანდემიიდან, ბოლო 11 თვის განმავლობაში, ლოქდაუნი და ეკონომიკური სტაგნაცია უკვე მეხუთე თვეა გრძელდება, რაც ჩვენი საკმაოდ ღარიბი ქვეყნისათვის ყოვლად დაუშვებელი ფუფუნებაა, ეკონომიკისთვის კი, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი. ქვეყანას აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებები, რომელსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი არის ამოქმედებული ბიზნესსექტორი.

სანამ კიდევ არსებობს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა და შექმნილი მდგომარეობიდან მცირე გამოსავალი, აუცილებელია, ეპიდემიოლოგთა მიერ დადგენილი ყველა რეგულაციის და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, უმოკლეს ვადაში ეკონომიკისათვის განმსაზღვრელი ყველა დარგის ამუშავება! აუცილებელია:

  • სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა. გაჩერებული ტრანსპორტი მიზეზია დღეს გაზრდილი უმუშევრობის და წარმოადგენს დისკრიმინაციას ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენების მიმართ;
  •  საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა, ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა.
  • დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა. სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას კერძო სექტორის ტერიტორიებზე.
  •  შიდა და გარე ტურიზმისა მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები; დღეისთვის საკმაოდ ბევრი სასტუმრო ფუნქციონირებს. ასეთივე პრინციპით უნდა ნება მიეცეს ყველა სასტუმროს, რომ აღადგინოს მუშაობა.
  • აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება; ასეთი ამუშავების წარმატებული შედეგი გვაქვს ახალი წლის პერიოდში. როგორც დავინახეთმ ასეთ მუშაობას არ მოჰყოლია რაიმე სახის დაავადებულთა რიცხვის მატება.
  • დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე საბაგირო გზეების. საბაგიროების ამუშავება დაკავშირებულია სოციალური დისტანციის დაცვის რეალურ კონტროლთან. ეს ტექნიკური საკითხი საკმაოდ ადვილად მოგვარებადია და არ წარმოადგენს გადაულახავ პრობლემას. ამ ტექნიკურ პრობლემას არ უნდა შეეწიროს მთელი რეგიონების ამუშავების და გადარჩენის პერსპექტივა.

თუკი ამის მისაღწევად აუცილებელია მასობრივი ტესტირებების ჩატარება, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ და კოორდინაცია გავუწიოთ ამ პროცესს, თუმცა სავალალო მდგომარეობაში მყოფი და გაჩერებული დარგები ვერ შეძლებენ აღნიშნული ტესტირების საკუთარი სახსრებით ჩატარებას და აუცილებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის სუბსიდირება.

ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა აცნობიერებს ქვეყნაში არსებულ რთული მდგომარეობის სიმწვავეს, გაგებით მოეკიდება ჩვენს ინიციატივას და უახლოეს პერიოდში აამუშავებს ქვეყანას, რათა ცოტათი მაინც შეარბილოს უკვე ისედაც მძიმე მდგომარეობა”, -წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ბიზნესასოციაციები აწერენ: საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია; საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი; საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია; საქართველოს რითეილერთა ასოციაცია; საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია; საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი;
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია; საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია; საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია; საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორი“; მთის კურორტების ბიზნესასოციაცია; საქართველოს სალონების და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი