ახალი ამბები

ნიკა გვარამიას საქმის განხილვა სასამართლოში 2 თებერვალს გაიმართება

20 იანვარი, 2021 • 704
ნიკა გვარამიას საქმის განხილვა სასამართლოში 2 თებერვალს გაიმართება

“მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ გვარამიამ “ფეისბუქზე” დაწერა.

“2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს. აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი”, — წერს გავრამია.

პირველ დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ “მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ოპოზიციონერი ლიდერების, გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშილი საქმეების განხილვა სასამართლოში დეკემბრის პირველ ნახევარში დაინიშნა. მეორე დღეს,  2 დეკემბერს კი, სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და მათი საქმეების განხილვა კორონავირუსის საბაბით გადადო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადებაც გაავრცელა, სადაც განმარტავდა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საერთო სასამართლოებმა წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება უნდა უზრუნველყონ.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამჟამად კი „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამის საქართველოს პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ქონების გაფლანგვას ედავება.

ამ საქმეზე კიდევ ორ პირს აქვს ბრალი წარდგენილი – „რუსთავი 2-ის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორსა და დაკავშირებული კომპანიის, „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს.

ეს ბრალდება გვარამიას ოფიციალურად 2019 წლის ნოემბერში წარედგინა, თუმცა მანამდე „საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“ ედავებოდნენ.

გვარამია გამოძიებასა და ბრალდებებს თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

რას ნიშნავს ოპოზიციონერი ლიდერების საქმეების განხილვის განახლება და მალევე გადადება

მასალების გადაბეჭდვის წესი