ახალი ამბები

რას ნიშნავს ოპოზიციონერი ლიდერების საქმეების განხილვის განახლება და მალევე გადადება

2 დეკემბერი, 2020 • 1969
რას ნიშნავს ოპოზიციონერი ლიდერების საქმეების  განხილვის განახლება და მალევე გადადება

გუშინ, პირველ დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ “მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ოპოზიციონერი ლიდერების, გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშილი საქმეების განხილვა სასამართლოში დეკემბრის პირველ ნახევარში ჩაინიშნა. დღეს, 2 დეკემბერს კი, სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და მათი საქმეების განხილვა კორონავირუსის საბაბით გადადო.

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადებაც გაავრცელა, სადაც განმარტავდა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საერთო სასამართლოებმა წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება უნდა უზრუნველყონ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ, პირველ დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

თუმცა,ოპოზიციის წევრებს არ სჯერათ, რომ საქმეების განხილვის გადადების მიზეზი რეალურად კორონავირუსი გახდა. ის, რომ გარკვეული დროის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებისა და მედიამენეჯერის წინააღმდეგ საქმეების განხილვის განახლება იმ დროს გადაწყდა, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩავლილია და ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია, მათი თქმით, ეჭვებს აჩენს.

როგორც ოპოზიციაში, ისე არასამთავრობო სექტორში, ფიქრობენ, რომ ე.წ. თაროზე შემოდებული საქმეების სწორედ ამ პერიოდში გადმოღება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. მათი აზრით, საქმეების იმ დროს გააქტიურებით, როცა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება ვერ დგება, ხელისუფლებამ ვაჭრობა სცადა და “კბილები გამოაჩინა”.

“ქართული ოცნების ცარიელი გასროლა”

ოპოზიციის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეული საქმეები განხილვის თემა კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისის დროს იყო, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებას უძღოდა წინ. ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თან ახლავს საარჩევნო სისტემაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს, ნათქვამი იყო, რომ “აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული”.

შეთანხმების მხარეების მიერ აღნიშნული ჩანაწერი განსხვავებული ინტერპრეტაციებით ვრცელდებოდა. ოპოზიცია შეთანხმების ერთ-ერთ ნაწილად სწორედ მათ მიერ პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეული სამართლის საქმეების მიმდინარეობის შეჩერებას ასახელებდა.

“შეთანხმების შედეგი იყო თუ არა, ფაქტია, ამის შემდეგ ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში განუსაზღვრელი ვადით გადაიდო; 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ბესიკ თამლიანს კი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს”, — აცხადებდა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

“ქართული ოცნება”კი ამბობდა, რომ ეს ჩანაწერი არაფერს ნიშნავს იმაზე მეტს, რაც ფურცელზე წერია და ზოგადად პოლიტიკური მართლმსაჯულების თავიდან აცილებას ეხება, რასაც ხელისუფლება ისედაც მიჰყვება.

თუმცა ფაქტია, რომ 8 მარტის შეთანხმებიდან რამდენიმე თვეში პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

8 მარტის შეთანხმებიდან თითქმის 9 თვის შემდეგ კი, მორიგი პოლიტიკური კრიზისას, სხვებთან ერთად ამ ოპოზიციური ლიდერების საქმეების განხილვის ჯერ განახლება, მალევე კი გადადება გადაწყდა.

საქმეების სწორედ ახლა განახლებას საარჩევნო პროცესების დასრულებას უკავშირებს ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც ის ნეტგაზეთს ეუბნება, არჩევნების დასრულებისთანავე სასამართლოს ოპოზიციის ლიდერების საქმეების განხილვის დავალება ჰქონდა მიცემული. თუმცა, მისი თქმით, ვერ გათვალეს, რომ საქმეების განხილვა პოლიტიკურ კრიზისს დაემთხვეოდა.

“სასამართლოზე დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ არჩევნების დამთავრებისთანავე განეახლებინათ პროცესები და მერე ამ დავალების გაუქმება დაავიწყდათ იმიტომ, რომ არ ელოდებობდნენ პროცესების ასე განვითარებას. სხვანაირად წარმოუდგენელია, ოთხმა მოსამართლემ ერთ დღეს მიიღოს ჩანიშვნის და ერთ დღეს მიიღოს ასევე გაუქმების გადაწყვეტილება”, — ამბობს ოქრუაშვილი.

აღნიშნულს ოპოზიციაზე ზეწოლის გაზრდის და დაშინების მცდელობად აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ეს მცდელობა არ გაუვიდა და უკან დახევა მოუწია, თუმცა საერთაშორისო პარტნიორებთან საკუთარი პოზიციები დაიზიანა.

“მიხვდნენ, რომ ეს ცარიელი გასროლა იყო. ოპოზიცია ყოველთვის ვითხოვდით სწორედ პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტას ქვეყანაში, ამიტომ ზეწოლის გაზრდა, იმ თვალსაზრისით, რომ შეგვახსენეს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ სასამართლო პროცესები გააგრძელონ მედიის მფლობელების თუ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ამაში ჩვენთვის ახალი არაფერი არ არის… ეს იყო მათი მხრიდან კბილების გამოჩენა”, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველთან”.

იმის, რომ საქმეების განხილვის შესახებ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება დღეს პანდემიის საბაბით შეიცვალა, არ სჯერა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას. მისი თქმით, ამ მეთოდებით “ქართული ოცნება” ვაჭრობს და ოპოზიციის პარლამენტში შეტყუებას ცდილობს.

“გუშინდელი საღამოს შემდეგ რა შეიცვალა სასამართლოში, ან ქვეყანაში, ან მოსამართლის თავში? მოსამართლემ არ იცოდა, რომ გუშინ პანდემია იყო? ფაქტია, რომ ამ წუთას, ისევე, როგორც ხშირ შემთხვევაში, ჩვენ პოლიტიკური პანდემია გვაქვს. გუშინ რაღაც ერთ ხასიათზე იყო ჩვენი მამა-მარჩენალი, დღეს შეიძლება ვიღაცები ჩაერივნენ, შეიძლება- უცხოელები,  შეიძლება თვითონ გადაწყვიტეს, რომ აბსოლუტურად არარაციონალურად  გამოიყურებიან. ფაქტი არის ერთი, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება კვლავ და კვლავ “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის აუხდენელ ოცნებას, რომ როგორმე ოპოზიცია შეიტყუოს პარლამენტში”, — განაცხადა “ტვ პირველთან” გიგი უგულავამ.

ოპოზიციის ლიდერების საქმეების გააქტიურებასა და პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციის დათანხმებას შორის კავშირს უარყოფენ “ქართულ ოცნებაში”. როგორც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, სასამართლო პროცესების გადადების მიზეზი კორონავირუსია.

“არანაირი კავშირი არ აქვს არც პარლამენტთან და არც პარლამენტში შესვლასთან. ვერ ვხვდები, რა კავშირშია პარლამენტში შესვლასთან. ამასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდა განცხადება, ყველამ ვნახეთ, თუ რა იყო გადადების მიზეზი. დღეს იცით, რომ განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა არის. სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ ელემენტარულად, ყველაფერი ცხადია, როგორ არის გაზრდილი ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც ძალიან ცუდია და ეს არის გამომწვევი მიზეზი”, – განაცხადა კალაძემ.

‘საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიკურ ვერტიკალშია განთავსებული’

სასამართლოს მიერ ბოლო ორ დღეში მიღებული გადაწყვეტილებები პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში “ტრაგიკომიკური” ვითარებაა. მისი აზრით, ხელისუფლებამ ტაქტიკური სვლის გაკეთება — ოპოზიციისთვის “მიწოლა” სცადა იმ იმედით, რომ ოპოზიცია “დანებდებოდა”, თუმცა გამოხმაურებების შემდეგ “გადაიფიქრა”.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიკურ ვერტიკალშია განთავსებული და პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობს.

“მე ვფიქრობ, ვიღაც “ჭკვიანს” აზრად მოუვიდა, რომ ასეთი ტაქტიკური სვლა გაეკეთებინათ. როდესაც ხელისუფლებას არ ჰყოფნის ჭკუა იმისათვის, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, იწყება ასეთი იდეების შემოგდება. შემოაგდეს იდეა, რომ მოდი, ახლა ამით შევაშინოთ, ამით ვივაჭროთ და დაგვნებდებიან. მერე დაინახეს რეაქცია, მოისმინეს ჭკვიანი ხალხის შეფასებები ამ თემასთან დაკავშირებით და თქვეს, რომ მე მგონი, ასე არ გამოვაო და გადაიფიქრეს. როგორც ჩანს, სადღაც ქვედა დონეებზე იქნა ტაქტიკური სვლა შემუშავებული”, — ამბობს ხუხაშვილი.

კითხვაზე, ვინ ან რამ  შეაცვლევინა “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილება, ხუხაშვილი გვპასუხობს:

“გადარეკეს-გადმორეკეს სასამართლოში და დაიწყეს…  დღეს შეხედეს რეაქციებს, ეჭვი მაქვს, რომ მათ შორის ელჩებმაც გამოთქვეს რაიმე გაკვირვება ასეთი განვითარების, რაც კრიზისის ლოგიკას არ ექვემდებარება და ამის შემდეგ შეცვალეს გადაწყეტილება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამ ხელისუფლებისგან ეს არ უნდა გვიკვირდეს”, — ამბობს ის.

“ეს საქმეები დანის პირზე გადის”

არასამთავრობო სექტორში აღნიშნავენ, რომ ამ საქმეებს ახლა ორი მხარე აქვს — პოლიტიკური და სამართლებრივი. როგორც მესამე სექტორში ამბობენ, დამოუკიდებელი პროკურატურის და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში კითხვები არ გაჩნდებოდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯდომარე სულხან სალაძისთვის მთავარი კითხვა არის არა ის, თუ რატომ განახლდა ახლა ეს საქმეები, არამედ ვინ იძიებს და ვინ გამოიტანს განაჩენს.

მისი თქმით, ამ საქმეების მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია და “დანის პირზე გადის”. როგორც ის ამბობს, საქმეებზე, რომლებიც შესაძელოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, როგორც პროკურატურის, ასევე სასამართლოს მიმართ ძალიან დიდი “ცდუნება და ზეწოლა” იქნება.

სალაძის თქმით, ის, რომ ყველა საუბრობს, არის თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული, ნიშნავს, რომ პროკურატურის და სასამართლოს მოქმედებაზე დიდი დაკვირვება იქნება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ ეს ორი ორგანო — ერთი- ბრალთან დაკავშირებით, მეორე კი- განაჩენის გამოტანის დროს.

“როდესაც საქმეები დევს თაროზე და შენ შეგიძლია გადმოიღო და გამოძიება დაიწყო, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ან კონკრეტული ლიდერები შეიძლება ერთგვარად მოწყვლადი იყოს და ნაწილი მაინც რაღაც კონიუნქტურას დაუქვემდებარო იმის მიხედვით, რა რეალობაა ქვეყანაში, ან რა რეალობა გინდა, რომ იყოს. ნორმალურ სიტუაციაში ნებისმიერი საქმე, რომლის მიმართაც ობიექტურად სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს, რომ დაიწყოს გამოძიება, უნდა დადგეს განაჩენი და იქ უნდა დასრულდეს ეს. მაგრამ ჩვენ არ ვართ ამ წუთში ნორმალური ქვეყანა და არ ვართ დასავლური დემოკრატია. გამოწვევები უფრო მეტი გვაქვს, როდესაც ასეთ საქმეებზე გამოძიება მიდის, უფრო მეტი კითხვა გვაქვს, ვიდრე პასუხები, სამწუხაროდ”, — ამბობს სულხან სალაძე.

როგორც სულხან სალაძე ამბობს, პრობლემა ისაა, რომ განახლებულ საქმესაც ისევ ის სასამართლო განიხილავს, რომელიც მას განხილვის შეჩერებამდე განიხილავდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამ საქმეებზე გამოძიება გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერდა, პროკურატურა და სასამართლო არ შეცვლილა და საქმის განხილვაც იმავე ფორმით და იმავე სახით გაგრძელდება, რაც მანამდე გვინახავს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი, გია გვილავა ნეტგაზეთთან აღნიშნავს, რომ სასამართლო, რომელსაც დაბალი ნდობა აქვს, პოლიტიკური კრიზისების დროს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს.

მისი თქმით, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ერთდროულად გააქტიურება უკვე განაცხადია.

“ეს უფრო იმას ჰგავს, რომ პოლიტიკური ლიდერები მძევლად გყავდეს აყვანილი და სავაჭროდ იყენებდე. ეს არამხოლოდ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული და მათ შესაჩერებლად, ზოგადად, სისტემის განადგურებაც არის. იმიტომ, რომ ასეთ დროს ძალიან კარგად ვლინდება, როგორ იყენებენ სისტემას იარაღად.

სულ რომ რეალური საქმეები იყოს, როგორც წესი, პოლიტიკური კრიზისების დროს თავშეკავებისკენ არიან მიდრეკილი ინსტიტუტები, რომ არც მათ, არც პროცესს და არც მთლიანად ქვეყანას ზიანი არ მიადგეს. სამწუხაროდ, ქართული სასამართლო არც ადრე და არც ახლა ასეთი ტიპის კონტექსტებს არ ითვალისწინებს”, — ამბობს ის.

როგორ იმოქმედებს საქმეების გააქტიურება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე

ოპოზიციის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების შემდეგ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შეხვედრები იმართება. პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ორი რაუნდი და მხარეები მესამე რაუნდის მოლოდინში არიან.

როგორ იმოქმედებს მესამე რაუნდის წინ ოპოზიციის ლიდერების საქმეების გააქტიურება, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ორ რაუნდი მხოლოდ მხარეების პოზიციების გაცნობითი ხასიათის იყო და მოლაპარაკებების მაგიდაზე კომპრომისული წინადადების დადებას სწორედ მესამე რაუნდზე ელიან?

გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებების პროცესი, ფაქტობრივად, წინ არ მიდის.

“რაც არ არსებობს, იმაზე რა უნდა აისახოს. ორივე მხარეს გამოცხადებული აქვს ისეთი წითელი ხაზები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავია. შესაბამისად, ჩვენ რაღაც მოლაპარაკებებზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, ის, უბრალოდ, არ არსებობს”, — ამბობს ის.

სულხან სალაძე ქვეყნის პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით ამბობს, რომ ამ საქმეების გააქტიურებამ, შესაძლოა, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მორიგი განხეთქილების საგანი გააჩინოს.

“პოლიტიკური ნაწილი გულისხმობს იმას, რომ ახლა ამ საქმეების გააქტიურება არ შეუწყობს ხელს იმ მყიფე მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაში არის. ეს უკავშირდება, საბოლოოდ ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში ,ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ერთი მხარე, რაც შეიძლება ვთქვათ”, — ამბოს ის.

გია გვილავას თქმით, ეს ყველაფერი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს უკან ხევს.

“რა თქმა უნდა, ეს ამ სიტუაციას რევს და ისევ უკან გვხევს. მით უმეტეს, რომ ისეთი პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი და, ზოგადად, საზოგადოება, ასეთი სვლა არავის არ უნდა აწყობდეს”, — ამბობს ის.

როგორც ის აღნიშნავს, ამ საქმეების გააქტიურება შეიძლება გარკეული “იმედგაცრუება” იყოს საერთაშორისო პარტნიოერებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც ცდილობს, რომ პოლიტიკური მხარეები ერთ მაგიდასთან დასვას და ცივილიზებულ ფორმაში გააგრძელებინოს ურთიერთობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი