ახალი ამბები

“ღამის კურიერი” ბოდიშს იხდის

20 იანვარი, 2021 • 1895
“ღამის კურიერი” ბოდიშს იხდის

“ღამის კურიერი” მაყურებელს და სტუმრებს ბოდიშს უხდის გადაცემაში მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების გამო, რომელიც გუშინ, 19 იანვარს მოხდა.

ირაკლი იმნაიშვილის – “რუსთავი 2-ის” აღმასრულებელი დირექტორისა და ღამის კურიერის ერთ-ერთი წამყვანის მიერ გადაცემის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დაირღვა გადაცემის ფორმატი და პირდაპირ ეთერში სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოხერხდა.

ასევე, განცხადებაში წერია, რომ კონკრეტული ჯგუფი ეთერში მომხდარ “სამწუხარო ინციდენტს” ტელეკომპანიის წინააღმდეგ იყენებს:

“ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება.
პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან ჩვენ ვცდილობთ გავწიოთ ფასილიტაცია, რომ პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს. ეს აღნიშნულია ევროკავშირისა და ‘გაეროს განვითარების ფონდის’ მიერ დაკვეთილი მედიამონიტორინგის კვლევაშიც”, – წერია განცხადებაში.

ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი იმნაიშვილი განცხადებაში გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის კომენტარსაც, რომლის მიხედვითაც მან არ იცოდა, რომ ალეკო ელისაშვილთან და იაგო ხვიჩიასთან ერთად მოუწევდა გადაცემაში ყოფნა.

“ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს, “ღამის კურიერის” 19 იანვრის ეთერში მომხდარი ინცინდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი. ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ “ღამის კურიერის” მთავარი სარედაქციო ფასეულობაა ურთიერთპატივისცემა. გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება”, – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, “ლელოს” ლიდერმა “ღამის კურიერში” სტუმრობის შემდეგ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ ტელეკომპანიის წარმომადგენლებს არ გაუფრთხილებიათ გადაცემაში სხვა სტუმრების ყოფნის შესახებ და იცოდა, რომ გადაცემაში არა დებატებისთვის, არამედ ინტერვიუსთვის მიდიოდა. თუმცა, ხაზარაძის თქმით, ინტერვიუს ბოლოს სტუდიაში ალეკო ელისაშვილი და იაგო ხვიჩია შემოიყვანეს:

“შეთანხმება იყო, რომ უნდა ვყოფილიყავით მარტო მე და წამყვანები, უნდა გვესაუბრა და მეორე ბლოკში რა იქნებოდა მე, სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა. მაგრამ რაღაც ისე მოხდა, რომ ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს, დაუძახეს მათ [ელისაშვილს და ხვიჩიას]”, – განაცხადა ხაზარაძემ.

პოლიტიკური პარტიების, “ლელოს” და “მოქალაქეების” ლიდერები ერთმანეთს გუშინ, 19 იანვარს გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში დაუპირსპირდნენ. დაპირისპირებას კი წინ უძღოდა ჟურნალისტის შეკითხვა ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, რომლის თანახამადაც, ხაზარაძემ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ შეხვედრაზე ოპოზიციის გეგმების შესახებ განაცხადა, რომ “ომია ძმაო და რაღაც იქნება”. როგორც გადაცემის კადრებში ჩანს, სწორედ ამ კითხვის დასმის პროცესში შემოდის ალეკო ელისაშვილიც ეთერში.

ხაზარაძემ ელისაშვილის ამ განცხადებას ტყუილი უწოდა და თქვა, რომ “სამწუხარო ფაქტია, როდესაც დახურული შეხვედრიდან ინფორმაცია გადის დამახინჯებულად”. ხაზარაძის ამ განცხადებას უპასუხა ალეკო ელისაშვილმაც. მისი თქმით, ხაზარაძემ ეს ნამდვილად თქვა და ხალხმა უნდა იცოდეს, რაზე ლაპარაკობდა ოპოზიცია დახურულ შეხვედრებზე.

ამის შემდეგ ხაზარაძემ ელისაშვილს მატყუარა უწოდა, ელისაშვილმა – “ხალხის მყვლეფავი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი