თბილისის ზოოპარკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ზოოპარკის ბინადართა ცხოვრების გასამრავალფეროვნებად უკვე გამოყენებული საახალწლო ჩიჩილაკები და ბუნებრივი ნაძვის ხეები მათ მიუტანონ.
„ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი ან ბუნებრივი ნაძვის ხე. თუ ჩვენს გვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა – ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ.
ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში“, – ნათქვამია ზოოპარკის განცხადებაში.
თბილისის ზოოპარკის მისამართი კოსტავას 64-ია, მათი საკონტაქტო ნომერი კი – 032 233 29 01. ზოოპარკს ასევე აქვს ფეისბუკ გვერდიც.