ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“დინამო” სოხუმს დაფინანსებაზე 50-ზე მეტმა კომპანიამ უარი უთხრა | კლუბის გენერალური დირექტორი 

19 იანვარი, 2021 • 1480
“დინამო” სოხუმს დაფინანსებაზე 50-ზე მეტმა კომპანიამ უარი უთხრა | კლუბის გენერალური დირექტორი 

თბილისში მოქმედი  საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმი საქმიანობის გასაგრძელებლად კერძო კომპანიებს და მოქალაქეებს ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვს.

“კლუბი არის ხიდი აფხაზებს და ქართველებს შორის შერიგების მიმართულებით. ამ გუნდს შესწევს ძალა, გააერთიანოს ძმობა და განამტკიცოს საფეხბურთო ურთიერთობები.

მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რა ხდება? პირდაპირ ვიტყვი  – კერძო სექტორს ფეხებზე ჰკიდია ისტორია, კულტურა, პოლიტიკური მნიშვნელობა და ეროვნული მნიშვნელობა! ასე ვიტყოდი, ამ გუნდის არსებობაც!”, – წერს კლუბის გენერალური დირექტორი და მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი. 

მისივე განცხადებით, “დინამო” სოხუმმა  50-ზე მეტ კომპანიას წლიური სპონსორობის თხოვნით მიმართა, თუმცა მხარდაჭერის სურვილი, როგორც დავით თაქთაქიშვილი ამბობს, არავინ გამოთქვა.

“მეზობელი აზერბაიჯანული ყარაბაღის დაფინანსება რამდენია, არ იკითხავთ? წელიწადში 16 მილიონი ევრო, 2020 წლის მონაცემებით, და 2021 წლიდან იზრდება. ჩვენი მოძმე უკრაინული დონეცკის შახტარის – წლიური 75 მილიონია.  საქართველოში ისტორიულად, კულტურულად, პოლიტიკურად დევნილ კლუბებს შორის ფლაგმან გუნდს  30.000 ლარით არ ასპონსორებენ. ესაა რელობა.”

ყველა მილიონერი თუ ბიზნესის მფლობელი დიდი პატრიოტია, დიდი ომახით მღერის ჰიმნს სტადიონზე, ნაყიდი ვიპ ლოჟიდან და ცრემლი მოსდით, როდესაც ჩვენი ქვეყანა იგებს, მაგრამ რას აკეთებენ ქართული ფეხბურთისთვის? პირდაპირ ვიტყვი, ფლაგმანი კლუბის, “დინამო” სოხუმისთვის 50-ზე მეტ კომპანიას ვთხოვეთ ელემენტარული დაფინანსება, ელემენტარული, რომ გუნდს სტადიონის, ბურთის და მგზავრობის ფული დაეფარა, მაგრამ პასუხი? სრული იგნორი!

ამასთან, თაქთაქიშვილი სახელმწიფო დაფინანსების საკითხზეც საუბრობს.

“როდესაც გამოდიან გარკვეული პიროვნებები და ამბობენ, ფეხბურთი სახელმწიფოსგან არ უნდა ფინანსდებოდეს და შეცდომა არისო, კაი, ბატონო, აი, ჩვენს თავზე ვცდით ახლა ამას. 2020 წლის სეზონის სპორტული შედეგებიდან გამომდინარე, იმ სახელმწიფო სუბსიდიას 2021 წელს “დინამო” სოხუმი არ მიიღებს. მუნიციპალიტეტი სოხუმს არ გააჩნია. ფედერაცია არ არის ვალდებული, კერძო კლუბი დააფინანსოს და ეს ასეც უნდა იყოს. მე პრეტენზია ვერ მექნება ფეხბურთის ფედერაციასთან ან მთავრობასთან”.

იმისთვის, რომ კლუბმა იარსებოს, როგორც მისი გენერალური დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ამბობს, 30 ათასი ლარია საჭირო.

“სირცხვილია უბრალოდ  ის ფაქტები, რომ 5000- ლარიან ტელეფონებს ბინძური რაღაც პიარის გამო ჩუქნიან და მართლაც ეროვნული და ქვეყნის სამსახურში მდგომ გუნდებს, რომლებიც მომართული არიან ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებისა და გაერთიანებისთვის, ბოდიში და, ფეხებზე იკიდებენ.  5000 ლარად  გუნდს 2-3 თვე შევინახავდით”.

კლუბის გენერალური დირექტორის მიმართვის სრული ტექსტი იხილეთ აქ. 

ამავე თემაზე:

“დინამო სოხუმი” ვერ ეთამაშება “დინამო სოხუმს” – რას სთავაზობენ თბილისში აფხაზებს

მასალების გადაბეჭდვის წესი