ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“დინამო სოხუმი” ვერ ეთამაშება “დინამო სოხუმს” – რას სთავაზობენ თბილისში აფხაზებს

14 დეკემბერი, 2020 • 3109
“დინამო სოხუმი” ვერ ეთამაშება “დინამო სოხუმს” – რას სთავაზობენ თბილისში აფხაზებს

რატომ აფასებს პროვოკაციად საფეხბურთო კლუბი “დინამო სოხუმი” ერთობლივ მატჩთან დაკავშირებით აფხაზეთში არსებული “დინამო სოხუმის” შეთავაზებას და რას სთავაზობენ თბილისიდან აფხაზ ფეხბურთელებს? ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთთან კლუბ “დინამო სოხუმის” გენერალური დირექტორი, მთავარი მწვრთნელი, დავით თაქთაქიშვილი საუბრობს. 


ბატონო დავით, პირველ რიგში, გკითხავთ უკანასკნელი მოვლენების შესახებ. როგორც განაცხადეთ, აფხაზეთში არსებული საფეხბურთო კლუბ “დინამო სოხუმიდან” ერთობლივ თამაშზე შემოთავაზება გქონდათ. როგორ განვითარდა მოვლენები?

დაუკავშირდნენ ერთ-ერთ ქართველ ექსპერტს და საქართველოს მოქალაქეს, რომელთა პატრიოტულ მოტივებში და ჩვენ შორის ურთიერთობების დათბობის სურვილში პირადად მე ეჭვი არ მეპარება. თუმცა ისინიც მოატყუეს და შეცდომაში შეიყვანეს, რადგან ეს მათი მხრიდან იყო პროვოკაციული ნაბიჯი, რადგან ბუნებაში არ არსებობს ორი “სოხუმის დინამო”, არსებობს ერთი, რომელსაც აღიარებს როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ასევე, UEFA და FIFA. ჩვენ ვართ იმ “დინამო სოხუმის” სამართალმემკვიდრე, რომელიც ჯერ კიდევ 1925 წელს დაფუძნდა. 

ნებისმიერი ქართული გუნდის თამაში სეპარატისტულ გუნდთან ნიშნავს მათ ირიბ აღიარებას და ეს არის ლოგიკური. სანამ ჩვენ ვარსებობთ და, ეჭვი არ მეპარება, რომ ვიარსებებთ კიდევ დიდხანს, არ დავუშვებთ მსგავს პრეცედენტს. ეს არა მხოლოდ კლუბს, ქვეყნის ინტერესებსაც დააზიანებს. 

იქნებ განგვიმარტოთ, კონრეტულად რაში მდგომარეობდა ეს შეთავაზება?

შეთავაზება მდგომარეობდა იმაში, რომ “სოხუმის დინამომ”, სეპარატისტულმა გუნდმა, მისი პრეზიდენტის, ასტამურ ადლეიბას ხელმძღვანელობით, შესთავაზა ჩვენებს, რომ გარკვეული ამხანაგური თამაში შემდგარიყო, რომელიც შერიგებისთვის გადადგმულ ნაბიჯად იქნებოდა აღქმული, თუმცა ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. 

და რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, თქვენი აზრით, რისი მიღწევა სურდათ აფხაზებს?

სურდათ, საკუთარი ვიწროპოლიტიკური იდეები განეხორციელებინათ. ერთი ხელით თითქოს მეგობრობას გვთავაზობენ და მერე ხელით დააანონსეს სეპარატისტული ტურნირი, სადაც დონეცკიდან, სამხრეთ ოსეთიდან გუნდებიც ითამაშებენ. 

ეს პირველი შეთავაზება იყო აფხაზური მხარიდან?

ფეისბუკის ჩვენს ოფიციალურ გვერდზე მოგვდიოდა იქამდე წერილები, სოხუმის დინამოს იქაური ფეხბურთელებისგან, რომ სურდათ ჩვენთან შეხვედრა. აქ კი ლოგიკური კითხვა ჩნდება, როგორ შეიძლება “დინამო სოხუმი” ეთამაშოს “დინამო სოხუმს?

თქვენ საპასუხო განცხადებაც გაავრცელეთ, ხომ? 

დიახ, გავავრცელეთ ფეისბუკის გვერდზე, საჯარო სივრცეში, რომელსაც მოჰყვა პასუხის პასუხი. ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ აფხაზეთი საქართველოა, სოხუმი საქართველოა და ეს არის პროვოკაცია. 

ზოგადად, თქვენ პირადად როგორ უყურებთ ქართულ-აფხაზურ დაახლოებას უშუალოდ ფეხბურთის სფეროში, ხედვები თუ გაქვთ? 

ჩვენ ძალიან ბევრჯერ შევთავაზეთ მათ, გამოეგზავნათ ფეხბურთელები, მწვრთნელები. მთავარია, საერთო საქმე გაკეთდეს. 

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ თუ მათ სურთ განვითარება, უნდა მოხდეს ინტეგრაცია ჩვენს კლუბთან, კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზაობას, რომ ყველანაირად შევუწყობთ ამაში ხელს. ჩვენს ინფრასტრუქტურას, დასაძინებელ ოთახებს, ყველაფერს დავუთმობთ. არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა, პირიქით, სიყვარულით და სითბოთი დავხვდებით ისტორიულ სამშობლოში, რომელსაც საქართველო ჰქვია. 

მინდა მივმართო მათ, თქვენ გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი განვითარება და ჩვენ გარეშე თქვენი განვითარება, რადგან ჩვენ ვართ ერთი. დარწმუნებული ვარ, ოდესმე დასრულდება რუსული ოკუპაცია. ეს გუნდი არის თქვენი. ჩამოიყვანეთ თქვენი შვილები, ყველანაირ პირობას შეგიქმნით, განათლების კუთხითაც, მათ შორის. ამავე დროს, არ გავასაჯაროებთ ამას. 

ჩვენთან ისედაც არიან აფხაზეთიდან ჩამოსული აფხაზი ფეხბურთელები, თუმცა სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებთ [პირობა გვაქვს დადებული, რომ არ გავასაჯაროებთ]. ისინი აქ ვარჯიშობენ და მუდმივად აქ ცხოვრობენ უკვე, საცხოვრებელი პირობებიც ჩვენც შევუქმენით და კიდევ ბევრს შევუქმნით, მათი სურვილის შემთხვევაში. 

როგორ გესახებათ ეს ინტეგრაცია და მათი მხრიდან მსგავსი ნაბიჯი დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე? 

პოლიტიკა გვერდზე უნდა გადადონ, საქმე სწორედ ეს არის. 

კარგი, ჩვენც გადავდოთ პოლიტიკური საკითხები. შორიდან როგორ შეაფასებდით, ზოგადად, აფხაზურ ფეხბურთს?

საერთოდ, აფხაზეთი იყო საქართველოსთვის ტალანტების მომარაგების საბადო. აფხაზური ფეხბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ახლაც ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთა განვითარება იქ, სამწუხაროდ, ვერ ხდება. არც ინფრასტრუქტურა არსებობს და არც რაიმე პირობები. ფეხბურთელების განვითარებისთვის საჭიროა წელიწადში რამდენჯერმე საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და გამოცდილების შეძენა. 

შესაძლოა, რუსეთში წავიდნენ, იქ გააგრძელონ კარიერა

კი ბატონო, თუმცა თავად რუსული ფეხბურთი რა დონეზეა განვითარებული, ამასაც ვხედავთ. თამაშების 90% ჩაწყობილია და კონკრეტულ ჩემპიონატებს კლანები აკონტროლებენ. 

თქვენს კლუბზე მოგვიყევით, რას აკეთებთ, რა აქტივობები გაქვთ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის რა გამოცდილება?

კლუბი “სოხუმის დინამო” საქართველოში 2013 წლიდან აღდგა, ასე ვთქვათ. გვყავს ვაჟების გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში, ასევე, გვყავს გოგოების გუნდი. ვაყალიბებთ აკადემიას. გვყავს ასაკობრივი გუნდები. საერთო ჯამში, ჩვენთან 150 ფეხბურთელამდე ირიცხება.

როგორ ხდება ფეხბურთელების მოძიება? ორიენტირებული ხართ აფხაზეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებზე, თუ ადგილობრივებზე?

ჩვენ ნიჭიერ ფეხბურთელებზე ვართ ორიენტირებული. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა ჩვენი მთავარი ნიშაა. “დინამო სოხუმის” მთავარი აპრიორი ისტორიულად იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების თავშეყრა, მათი განვითარება და შემდეგ სხვა კლუბებში გაშვება. 

დაფინანსების თემაზე თუ შეგიძლიათ ისაუბროთ? 

ფეხბურთის ფედერაცია ყველანაირად მხარში გვიდგას, ყველა ინიციატივაში. ფინანსურად ყველა თანაბარ პირობებში ვართ ლიგის ფაქტორიდან გამომდინარე. რომ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, აფხაზეთის მთავრობასთან ერთად, ძალიან ბევრ საკითხში გაგვიჭირდებოდა. 

საბაზისო 50 ათასი ლარი გვქონდა წლიური ბიუჯეტი, ამას დაემატა ჩვენი მთავარი სპონსორისგან შემოსული თანხები, რომელმაც გარკვეული ტიპის განვითარების საშუალება მოგვცა. ლატარიის კომპანია ჩვენი ძირითადი სპონსორია. 

აფხაზეთის მთავრობასთან რა ტიპის თანამშრომლობა გაქვთ? 

აფხაზეთის მთავრობას ცალკე ფინანსური რესურსით დახმარების უფლება არ აქვს. 

ანუ ფინანსური გამოწვევები არ გაქვთ?

პირიქით, ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს. საჭიროა კერძოს სექტორის ჩართვა. იმისთვის, რომ აფხაზებმა დაინახონ ჩვენი კლუბის განვითარება, ჩვენი პირობები და ა.შ. ამაში უნდა დაგვეხმაროს კერძო სექტორი. ჩვენ ძალიან ბევრ კომპანიას მივმართეთ ოფიციალურად. არ მინდა გამოვაქვეყნო ამ კომპანიების სია, რომელთაც პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს. სუფრასთან და სადღეგრძელოებში გულზე ხელს იბრაგუნებენ აფხაზეთზე და სოხუმზე, თუმცა ერთი ქვა არ დაუდიათ იმ კლუბის და ფეხბურთელების განვითარებაში, რომლებიც რეალურად იბრძვიან იმისთვის, რომ ჩვენს კლუბს სახელი შეუნარჩუნონ. ერთადერთი კომპანია, რომელიც გამოგვეხმაურა და გვერდში დაგვიდგა, ეროვნული ლატარიის კომპანიაა და, კიდევ ერთხელ, მადლობა მათ. 

იმისთვის, რომ გუნდმა სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა ჩემპიონატში, მინიმუმ 100 ათასი ლარი გვჭირდება წლიურად. 

ქალთა გუნდები ახსენეთ, რა ხდება ამ მიმართულებით?

აქამდე ქალთა გუნდი არასოდეს ჰყოლია კლუბს. რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით ერთ თვეში, გადაწყვეტილების მიღებისთანავე შევკარით ქალთა გუნდი და მალევე ისტორიული შედეგი ვაჩვენეთ – 14 გუნდში მეცხრე ადგილი დავიკავეთ, ექვსი თამაში მოვიგეთ [აფხაზეთის მთავრობამ სწორედ ქალთა გუნდის გასვლითი მატჩების სრული დაფინანსება უზრუნველყო]. გარდა ამისა, ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში მოხვდა, გუნდის ზუსტად ერთი თვის არსებობის შემდეგ. ამასთან, ასაკობრივი ნაკრების უკვე რამდენიმე კანდიდატიც გვყავს. 

მნიშვნელოვანი ამბავია ისიც, რომ საქართველოში ქალთა საფეხბურთო ოცი ცენტრი უნდა გავხსნათ. ამაში ფეხბურთის ფედერაცია და მუნიციპალიტეტები გვეხმარებიან.  ზემო ფონიჭალაში უკვე გავხსენით ასეთი ცენტრი, სადაც 5 -დან 15 წლამდე 30-მდე გოგონა უკვე ვარჯიშობს სრულიად უფასოდ. ანალოგიური ცენტრები გაიხსნება თბილისის კიდევ ათ უბანში და დანარჩენი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში.  2021 წლის ბოლომდე “დინამო სოხუმში” 400-მდე ქალი ფეხბურთელი გვეყოლება. ვფიქრობ, ხაზგასასმელია ისიც, რომ ქალთა აკადემია აქამდე არც საქართველოში არსებობდა და არც სამხრეთ კავკასიაში, ზოგადად. თუმცა, მათ შორის, ქალების წარმატებაც ჩვენს აკადემიაში პირდაპირ დაკავშირებულია ფინანსებთან. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი