ნეტგაზეთი | ბერძენმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა ბერძენმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა – Netgazeti
RU | GE  

ბერძენმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა

ცნობილმა ბერძენმა სპორტსმენმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნაოსნობაში, სოფია ბეკატორუმ ბერძნული ნაოსნობის ფედერაციის მაღალჩინოსნის მხრიდან მის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა. სპორტსმენს შესაძლო მოძალადის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა Marie Claire-ის ბერძნულ გამოცემასთან საუბრისას ბეკატორუმ თქვა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა 1998 წელს, 21 წლის ასაკში. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, ბეკატორუმ გაიხსენა, რომ საბერძნეთის ნაოსნობის ფედერაციის წარმომადგენელმა 1998 წელს სასტუმროს საკუთარ ნომერში მიიწვია, შემდეგ კი სექსი შესთავაზა, რაზეც 21 წლის ბეკატორუმ უარი განაცხადა:

“მე უარი ვუთხარი, გავუმეორე, რომ არ მინდოდა გაგრძელება, მან კი ყალბად, ტკბილი საუბრით მითხრა, რომ ეს არაფერი იყო. მან თქვა, რომ გაჩერდებოდა, თუ მე არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ არ გაჩერდა, მიუხედავად ჩემი უარისა. როდესაც ის მორჩა და ჩემი სხეულიდან მოვიშორე, ოთახი ტირილითა და სირცხვილის გრძნობით დავტოვე”, – განაცხადა ბეკატორუმ გასულ კვირას გამართულ ონლაინ კონფერენციაზე.

The Guardian-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბეკატორუმ საქმე პროკურატურას გადასცა, საბერძნეთის კანონით, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო საქმის აღძვრა არ შეიძლება. თუმცა მას შემდეგ, რაც ბეკატორუმ ბრალდებები გაახმოვანა, სხვა ბერძენმა სპორტსმენებმაც ისაუბრეს მსგავს შემთხვევებზე, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა შედარებით ახლო წარსულში მომხდარი შემთხვევებიც გახდეს ცნობილი.

სპორტსმენის ბრალდებებს გამოეხმაურა ბერძნული ნაოსნობის ფედერაციაც. უწყებაში მომხდარს “არასასიამოვნო ინციდენტი” უწოდეს და ბეკატორუს მოუწოდეს, დეტალების შესახებ ისაუბროს. ფედერაციის ამ განცხადებამ გაღიზიანება გამოიწვია საზოგადოებაში, რის შემდეგაც უწყებამ ახალი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადადგომა მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა.

CNN-ის ცნობით, არისტედის ადამოპოლოსმა გადადგომის შემდეგ განცხადა, რომ კავშირი არ აქვს მომხდართან, თუმცა მოსალოდნელია, რომ ისეთი ცნობილი ადამიანის მხრიდან ბრალდებებმა, როგორიც ბეკატორუა, ხალხში ზიზღი გამოიწვიოს სავარაუდო დამნაშავისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ბეკატორუს კონკრეტული ადამიანი არ დაუსახელებია, ადამოპოლოსმა ბერძნული ნაოსნობის კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება და სპორტსმენის ბრალდებებს “ტყუილი და ცილისმწამებლური” უწოდა:

“ამის მიუხედავად, კარგად მესმის, რომ საკითხის ფართო ნეგატიური გავრცელების გამო, შესაძლოა, ბერძნული ოლიმპიური კომიტეტის რეპუტაცია დაზარალდეს, ის კი მუდმივად უნდა იდგეს მაღლა, ბერძნული სპორტის კეთილდღეობისთვის”, – განაცხადა ადამოპოლოსმა.

მისი თქმით, ბერძნული ოლიმპიური კომიტეტის რეპუტაციის შესანარჩუნებლად, საქმის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობას ტოვებს.

საბერძნეთის პრეზიდენტმა, კატერინა საკელაროპულუმ ბეკატორუ დააჯილდოვა შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ შეტყობინებისა და “სიჩუმის შეთქმულების” დარღვევისთვის.

საბერძნეთის პრეზიდენტი ბეკატორუს ორშაბათს შეხვდა და განაცხადა, რომ სპორტსმენის გამბედაობა შესაძლოა სხვა ქალებისთვისაც იმედის მომცემი იყოს.

“ვიმედოვნებ, რომ მისი გაბედული განცხადება ქარივით გავრცელდება და ნებისმიერ თვალთმაქცობას, დამალვის ნებისმიერ მცდელობას შეუშლის ხელს. დროა დასრულდეს დამნაშავეების დაუსჯელობა და მსხვეპრლებში დანაშაულის შეგრძნება”, – განაცხადა საბერძნეთის პრეზიდენტმა.

საბერძნეთის პრეზიდენტის განცხადებას სხვა პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ლიდერიც. ბეკატორუს მიმართ არსებული მხარდაჭერის ფონზე საბერძნეთის სპორტის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მთავრობა კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც სპორტსმენებს ფედერაციის საბჭოებში მონაწილეობის უფლება ექნებათ.

“ჩვენ ამ სექტორის გაწმენდა გვაქვს გადაწყვეტილი. ფედერაციას სუფთა ჰაერი სჭირდება”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ბეკატორუს ხმამაღლა არ დაუსახელებია სპორტის იმ მაღალჩინოსნის სახელი, ვინც მასზე იძალადა, თუმცა საბერძნეთის სპორტის მინისტრს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

ამასთან, სპორტსმენმა გასულ კვირას გამართულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია საკუთარი კარიერის დანგრევის შიშის გამო არ გაავრცელა მაშინვე, როცა ეს მოხდა.

“წლების შემდეგ, როდესაც უკვე ორი შვილი მყავს და ვფიქრობ, რომ შესაძლოა სხვა ბავშვებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, საკუთარ თავში ვიპოვე გამბედაობა, რომ ამ თემაზე მესაუბრა”, – განაცხადა ბეკატორუმ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი