ახალი ამბებიკომენტარი

“ვნატრობ, ძველი დრო დაბრუნდეს” – ბუკინისტის ისტორია

19 იანვარი, 2021 • 2743
“ვნატრობ, ძველი დრო დაბრუნდეს” – ბუკინისტის ისტორია

53 წლის ბუკინისტი, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის ქუჩებში წიგნების გაყიდვით ირჩენდა თავს, ეკონომიკური საქმიანობებზე და ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ უმუშევრად დარჩა, თუმცა მისი ცხოვრება უფრო ადრე, საქართველოში ტურისტების ნაკადის შემცირებასთან ერთად შეიცვალა.

შემოსავლის გარეშე დარჩენილ ბუკინისტს ფინანსურად ახლობლები ეხმარებიან, მაგრამ მისთვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ყოველდღიური საფიქრალი: პირველი ლოქდაუნისას დაწერილი ჯარიმა, კომუნალური გადასახადები, ადამიანებთან მონატრებული ურთიერთობები და ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენის შიში.

ამასთან, ის ვერც მთავრობის მიერ დაწესებული კომპენსაციების მიმღებთა სიაში მოხვდა, რადგან არ ითვლებოდა არც დაქირავებით დასაქმებულად და არც იმ თვითდასაქმებულთა ნაწილს ეკუთვნის, ვისაც შემოსავლის დადასტურება შეუძლია. გარემოვაჭრე ბუკინისტი თავის ისტორიას ანონიმურობის დაცვით გვიყვება.

“სხვა არც არაფერი ვიცი წიგნების გარდა”

10 წლის წინ ახლობელმა შემომთავაზა, რომ დავხმარებოდი. თავად ბუკინისტი იყო და უბრალოდ დამხმარეს ეძებდა, თუმცა წიგნებთან შეხებისას, საწყის ეტაპზევე მივხვდი, რომ ამ საქმის კეთება მინდოდა. ძალიან საინტერესოა ბუკინისტობა, წიგნებთან მუშაობა. სულ სწავლობ რაღაც ახალს. მე განსაკუთრებით ისტორია მაიტნერესებს და ძალიან ბევრი კარგი ლიტერატურაა ამ თემაზე. ფინანსური სარგებლის გარდა უამრავ საინტერესო რაღაცას სწავლობ წიგნებთან ურთიერთობით და ეს პროცესი ძალიან მომწონს.

მარტო ფინანსური და კომერციული კუთხით არასდროს შემიხედავს ამ საქმისთვის. როცა წიგნებით ინტერესდები, სულ სხვა ეშხი აქვს. მიყვარს ჩემი პროფესია და მომავალშიც მეყვარება, მაგრამ უკვე 4-5 თვეა, ფაქტობრივად, უმუშევარი ვარ. სხვა პროფესიაში გადანაცვლებაზეც ვიფიქრე, თუმცა ამისთვის თავის დანებება არ მინდა, არ ვაპირებ… არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ ვიცი, რომ სხვა საქმიანობის დაწყება ნამდვილად არ მინდა… სხვა არც არაფერი ვიცი წიგნების გარდა.

ვიღაცებისთვის შეიძლება ეს საქმე არამიმზიდველად ჩანდეს, მაგრამ ჩემთვის ერთადერთი სირთულე, რაც ამ პროფესიას აქვს, კარგი წიგნის პოვნაა… თუ იპოვი, მერე მისი გაყიდვა აღარ გაგიჭირდება. თუ ადამიანი დაინტერესებულია, აუცილებლად გაჩერდება ბუკინისტურ დახლთან, შეათვალიერებს, თუ მოეწონება, იყიდის. ვაჭრობის პრობლემა მანამდე არასდროს გვქონია.

პანდემიის დაწყებამდე მაღაზიის გახსნასაც კი ვაპირებდი, ფართიც მქონდა ნანახი, რომლის ქირაობასაც ვგეგმავდი და მოლაპარაკებებიც იყო დაწყებული, მაგრამ პანდემიამ ყველა იმედი, რაც კი მანამდე მქონდა, მომიკლა, ყველაფერი უკუღმა მოატრიალა.

ადრე ისე ვცხოვრობდი, ალბათ, როგორც ყველა. დილას მივდიოდი სამსახურში, თავისუფლების მოედანზე მქონდა დახლი და ვიდექი მთელი დღე. როცა შესაძლებლობა მომეცემოდა ოჯახებშიც დავდიოდი, წიგნებს ვიბარებდი და მერე ვვაჭრობდი…

ხშირად მოდიოდნენ ხოლმე ტურისტები, ვესაუბრებოდი, ვაცნობდი საქართველოს ისტორიას, ვუყვებოდი ცნობილი ადამიანების შესახებ, ვისაც ჩვენს ქვეყანაში უმოგზაურია, ან ქართველი დიდი მწერლების შესახებ. ხანდახან აქვე რესტორანშიც ვსხდებოდით მათთან ერთად, ვსაუბრობდით, ღვინოს ვსვამდით, ქართულ კულტურას ვაცნობდი. ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. ვამაყობდი,  ტურისტი საქართველოს რომ დადებითი ემოციებდით ტოვებდა, მერე სხვებსაც მოუყვებოდნენ და ეს ყველაფერი მახარებდა.

ახლა იმ ადგილას რომ გავივლი, სადაც ადრე ვიდექი, უცნაური შეგრძნება მაქვს, ცარიელს რომ ვხედავ ყველაფერს. ვნატრულობ, ძველი დრო დაბრუნდეს…

“ახლა მთავარია თავის გატანა”

ტურისტებისგან რომ დაცარიელდა ქალაქი, ვაჭრობამაც იკლო, ადგილობრივები ნაკლებად ყიდულობენ ამ წიგნებს. ხალხიც აღარ დადის ქუჩაში, ყველას ეშინია გამოსვლის. ამიტომ უკვე რამდენიმე თვეა უმუშევარი ვარ. დახმარებაც ვერ ავიღე, ინდემწარმე უნდა იყოო… ვერც პირველი ჩაკეტვისას მივიღე დახმარება და ვერც ამჯერად. განცხადებაც დავწერე, მერიაშიც ვიყავი, მაგრამ არაფერი…

სხვა შემოსავალიც არ მაქვს. ეს პერიოდი ახლობლები მეხმარებიან – ხან ძმა, ხან მეგობარი და ეგ არის… ბანკშიც სესხს ვერ ვიღებ, ორჯერ შევიტანე განაცხადი 300 და 500 ლარზე მაგრამ არ მომცეს, რადგან წინა ჩაკეტვისას 3 000 ლარით დამაჯარიმეს – მეგობარს ვეხმარებოდი ჩემი მანქანით, საცხოვრებელ ადგილს იცვლიდა და ბარგი გადაგვქონდა, ჩემი მეგობარი წინ იჯდა და ამის გამო დამაჯარიმეს. ეს ჯარიმა ვერ გადავიხადე, ან საიდან უნდა გადავიხადო, არ ვიცი, ჩემი ანგარიშები დაყადაღებულია, ეგრე ვინ მოგცემს სესხს…

 

პანდემიამდე შემოსავალიც ნორმალური მქონდა, თავზე არ გადამდიოდა, მაგრამ უფულობის პრობლემა არ გვქონია. არ ვფიქრობდი ხვალინდელ დღეზე, ახლა კი იმდენი საფიქრალია, ისიც არ ვიცი, ხვალ რა იქნება.

ყველაზე მეტად ძველი დრო მენატრება, ტურისტებიც რომ დადიოდნენ და ქალაქიც უფრო ცოცხალი იყო. მხოლოდ ვაჭრობას არ ვგულისხმობ, ისეც საინტერესო იყო ცხოვრება, ადამიანებთან ურთიერთობა – სტუმრად რომ დავდიოდით ერთმანეთთან, საჭმელად შევიდოდით სადმე, ახალ ხალხს ვხვდებოდი, სხვადასხვა ამბავს ვისმენდი.

სადარდებელი რომ მქონდა, ყურადღების გადატანა შემეძლო ხან საქმეზე, ხან ისე, უბრალოდ, ადამიანებთან ურთიერთობით.

მთელი დღე სახლში ყოფნა ძნელია, ვზივარ და სულ ვფიქრობ ამ პრობლემებზე, რაც მაქვს, გასართობიც არაფერია, რომ ყურადღება გადაიტანო. ზიხარ და ნერვიულობ, ადგილს ვერ პოულობ, რა უნდა გააკეთო, რომ ამ ვალებიდან, სიღარიბიდან, სიღატაკიდან გამოხვიდე.

ყველაზე დიდი საფიქრალი მაინც ჯანმრთელობა მაქვს. მაგალითად, რამე რომ დამჭირდეს აფთიაქში და ძვირი ღირდეს, ვერც ვიყიდი. ამას ისიც ემატება, რომ მართალია, არ ვიცი ხვალ რა, როგორ იქნება, მაგრამ ჩემი ჯარიმა ხომ მაინც გადასახდელი მრჩება. ვერც წარმოვიდგენ, ამხელა ფული საიდან უნდა მოვიტანო.

სულ სახლში ვარ და ვნერვიულობ… სად გავიდე?! მოძრაობისთვის საწვავი მჭირდება, მაგის ფულიც არაა.

ადრე დილას ვიწყებდი იმაზე ფიქრით, რომ ადრე მოვსულიყავი და გამეხსნა სამუშაო ადგილი, ხალხიც დილიდან დადიოდა. იმას არ ვფიქრობდი, რომ მალე მოვრჩენილიყავი და სახლში წავსულიყავი.

ახლა სახლიდან რომ გამოვდივარ, “ღმერთო მიშველე, რომ ცაცხალი დავბრუნდე სახლში მეთქი”, ამას ვფიქრობ.

 

ჩემი შვილები უცხოეთში არიან და როცა დამჭირდებოდა, იქიდან მიგზავნიდნენ ხოლმე ფულს, როცა მოახერხებდნენ, ახლა მაგასაც ვერ მიგზავნიან ანგარიშების დაყადაღების გამო. მე და დედაჩემი კი თბილისში ვცხოვრობთ მარტო. დედა პენსიონერია, მაგრამ მისი პენსია წამლებში იხარჯება. დიაბეტი აქვს, განსხვავებული საკვებიც სჭირდება, მაგის პენსიით თავს ვერ გავიტანთ. ძალიან ძნელია…

ბოლო პერიოდი მაკულატურას თუ ჩავაბარებ ხოლმე, მაგრამ ერთი კილო 20 თეთრი ღირს, რამდენი უნდა შეაგროვო, რომ წესიერი თანხა აიღო. თან პანდემიის დაწყების მერე ამანაც იკლო. ადრე ბევრი გვხვდებოდა, განსაკუთრებით, ახალი წლის წინა პერიოდში და ზაფხულში, მაგრამ პანდემიის დაწყებასთან ერთად ესეც გაჩერდა, აღარც მაკულატურაა, აღარც წიგნები…

წიგნები/ბუკინისტი

გასაგებია, რომ პანდემია არავის ბრალი არ არის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ჩვენზეც. ჯერჯერობით არ გვეხმარებიან. მხოლოდ ისეთებს ეხმარებიან, ვინც ოფიციალურადაა გაფორმებული და ასეთი ძალიან ცოტაა საქართველოში.

ისიც კარგად მესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკურად უჭირს, მაგრამ რაღაც შეღავათი მაინც რომ იყოს, თუნდაც მიზერული, ესეც კარგი იქნება… მიჭირს ცხოვრება. 300 ლარი არ არის ისეთი ფული, ერთი თვე რომ თავი გაიტანო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შეღავათი მაინც იქნებოდა. თავს დააწყნარებ, რომ სახელმწიფოს არ ავიწყდები.

ამჟამად მთავარია თავის გატანა, იმას უკვე აღარც ვნატრობ, რომ კარგი რამე ვიყიდო, მარტო იმაზე ვარ ორიენტირებული, რომ თავი გავიტანო, სანამ ეს ყველაფერი მორჩება, გზები გაიხსნება და ტურისტები შემოვლენ.

როცა მორჩება ყველაფერი, მერე დავიწყებ დაგეგმვას ცხოვრების, ახლა აზრი არ აქვს. რა უნდა თქვა, რა უნდა დაალაგო ისე, რომ რამე გარანტია გქონდეს…

მასალების გადაბეჭდვის წესი