ახალი ამბები

ქართველი პოლიტიკოსები ნავალნის რუსეთში დაბრუნებასა და დაკავებაზე

18 იანვარი, 2021 • 1291
ქართველი პოლიტიკოსები ნავალნის რუსეთში დაბრუნებასა და დაკავებაზე

ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული განცხადებების გახსენების ფონზე, თუმცა ამბობენ, რომ დღეს ნავალნი პუტინის რეჟიმის მთავარი კრიტიკოსია და, შესაბამისად, მისი ბრძოლა მხარდასაჭერია, — ასეთია ძირითადად ქართული ოპოზიციის სულისკვეთება.

განსხვავებით დემოკრატიული ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომლებმაც რუსეთის ხელისუფლების ქმედება დაგმეს და მოსკოვს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ კომენტარები მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა.

“კონკრეტული ქმედებების დაგმობას, მასზე რეაგირებას და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას რაც შეეხება, დაველოდოთ, როგორი იქნება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების რეაგირება და ამის შემდეგ შეგვეძლება, კონკრეტული დასკვნები გამოვიტანოთ”, – თქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

“დიდია საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივებით დაკავება და ანგარიშსწორება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამაში არათუ მოსაწონი არაფერია, პირიქით — ეს არის სრულიად დაუშვებელი ქმედება, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველა ძალიხსმევას უნდა მიმართოს, რომ ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონდეს და, მეორე მხრივ, არ არსებობდეს ეჭვი, რომ გაუმართლებელ ბრალდებასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ოპოზიციის მიმართ პუტინის რეჟიმის ქმედებებზე საუბრისას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გაავლო პარალელი პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

„ნავალნიმ, როგორც მახსოვს, საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში შემოიჭრა. იგივე იყო უკრაინის მიმართ, ყირიმის მიმართ. ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაკვირველია, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციონერს ასე არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, როგორც ეს სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში, ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რამე პოზიტივს გამოხატავდა ოდესმე – პირიქით გაგვიგია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის არასწორად მიაჩნია ნავალნის “გადაჭარბებული ქება-დიდება”, ამბობს რა, რომ “უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას გვიქადდა ნავალნი, როცა საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობდა”.

იგულისხმება ალექსეი ნავალნის, რომელიც ნაციონალისტური პოზიციებით გამოირჩევა, განცხადებების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნავალნი ომის პროვოცირებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთის არმიას რაკეტები უნდა დაეშინა საქართველოს გენშტაბისთვის.

2013 წელს, “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, ალექსეი ნავალნიმ ქართველების მღრღნელებად მოხსენიებას შეცდომა უწოდა, თუმცა თქვა, რომ მისი პოზიცია აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით უცვლელია.

“ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე “გრიზუნებად” (მღრღნელი), მე არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა. პოლიტიკოსი ვარ და შეცდომის აღიარება შემიძლია. მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილა. 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დე ფაქტო რეგიონები წლების განმავლობაში არ იმართებოდა თბილისის მიერ, მათი მთავარი დამფინანსებელი კი წლებია რუსეთია. მე თუ პრეზიდენტი გავხდები, რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსული ბაზები შენარჩუნდება ამ ტერიტორიებზე, მაგრამ, დარჩება თუ არა სულ, ამაზე პასუხისთვის ახლა მზად არ ვარ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამსჯელო და კომპლექსური საკითხებია. მაგრამ რუსეთმა ხვალ რომ შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება, რა მოხდება, რა შეიცვლება? საქართველოს დაუბრუნდებიან?” – განაცხადა ნავალნიმ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოება უფრო მეტად უნდა ფოკუსირდეს ალექსეი ნავალნის განცხადებებზე კავკასიის რეგიონისთვის მოსკოვის “დოტაციის” შეწყვეტის თაობაზე, ვიდრე – 2008 წლის გამონათქვამებზე. ხოლო რუსი ოპოზიციონერის გადაწყვეტილებას, საფრთხის მიუხედავად რუსეთში დაბრუნებულიყო, უგულავა არა აუცილებელ, მაგრამ ვაჟკაცურ ნაბიჯად აფასებს.

“ნავალნის გადაწყვეტილება უდავოდ არის ვაჟკაცური, ყოველგვარი “მაგრამების” გარეშე. ის რუსი პოლიტიკოსია და თავისთავად ცხადია, რომ მისი ყველა გამონათქვამი ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება. 2008 წლის გამონათქვამები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ თუ მაინცდამაინც ამ ასპექტს ვეხებით, უფრო საინტერესოა მისი თანმიმდევრული ხაზი, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს კავკასიის კვება, ანუ საბიუჯეტო დაფინანსება. აქ აფხაზეთიც იგულისხმება, სამხრეთ ოსეთიც და რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიც”, – განაცხადა უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში.

მისი თქმით, დღეს ფაქტი არის ერთი — “ნავალნი აჯაყჯაყებს პუტინის ხელისუფლებას და ამ უკანასკნელს ეშინია მისი”. სწორედ ამაზე მიუთითებს, უგულავას თქმით, რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების იმპულსური ქმედებები ალექსეი ნავალნის მიმართ.

“ნავალნი პუტინის ხელიდან პრაქტიკულად მკვდარია. ჩვეულებრივი რუსი ამომრჩევლისთვის კი ის არის ადამიანი, რომელსაც მეფე კლავდა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა (მართალია, გერმანელი ექიმების ხელით). ლეგენდა უკვე შექმნილია. დაბრუნება შეიძლება არც ყოფილიყო აუცილებელი, იმიტომ, რომ გარედანაც შეძლო დიდი ავტორიტეტის მოპოვება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად ნიშნავს სილის გაწნას, ხელთათმანის სროლას და გამოწვევას [პუტინის] რეჟიმისათვის. გასაგებია, რომ არც ორი რუსეთი არ არსებობს. ხელისუფლებაში ვინც არ უნდა მოვიდეს, რუსეთი ჯერჯერობით არ ავლენს, რომ მეზობლებს თავს დაანებებს და კეთილმეზობლად შეიძლება ჩამოყალიბდეს. ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, ნებისმიერი  პოლიტიკოსი, ვინც დღეს პუტინს უპირისპირდბა, მით უმეტეს, ასეთი თავგანწირვით, უდავოდ ქების ღირსია”, – აღნიშნა უგულავამ.

მსგავსი პოზიცია აქვს “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ხატია დეკანოიძესაც.

“ნავალნის პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ისევე როგორც ანექსირებული ყირიმის მიმართ, ნამდვილად მიუღებელია და კატეგორიულად არ ემთხვევა საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს. მაგრამ უნდა ვთქვათ ისიც, რომ დღეს ნავალნი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა რუსეთში, რომელიც რეალურად ებრძვის, ამხილა და ბევრჯერ გააშიშვლა პუტინის რეჟიმი, განსაკუთრებით, ბოლო გამოძიებით მის მოწამვლასთან დაკავშირებით. ამიტომ მისი გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო რუსეთში,  მიუხედავად იმისა, დანამდვილებით იცოდა, დაიჭერდნენ, სიმამაცის აქტად მიმაჩნია და იმსახურებს იმ შეფასებას, რაც თავისუფალმა სამყარომ მისცა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” დეკანოიძემ.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ისევე გამოეხმაურებოდა ნავალნის დაკავებას, როგორც ეს თავისუფალი სამყაროს სხვა წარმომადგენლებმა გააკეთეს.

“აუცილებლად დავგმობდი პუტინის რეჟიმს და ვიტყოდი, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად საშიშია იგი მსოფლიოსთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინ პუტინის წინააღმდეგ მიდის. აუცილებლად გავაკეთებდი განცხადებას ამ კონტექსტში, მიუხედავად ნავალნის შეფასებებისა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომელსაც არ ვეთანხმებით. პუტინი არის უდიდესი ბოროტება თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და უნდა გამოვეხმაუროთ იმ ბრძოლას, რომელიც ამ ბოროტების წინააღდეგ მიმდინარეობს”, – მიიჩნევს დეკანოიძე.

“იმდენად არსად ვჩანვართ, ბევრი საერთაშორისო მოთამაშე ვერ გაიგებს, თქვა თუ არა რამე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იმიტომ, რომ, ის არის უტყვი სამინისტრო”, – განაცხადა, თავის მხრივ, “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ.

ალექსეი ნავალნი, რომელიც “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ 5 თვის განმავლობაში გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს, ქალაქ ხიმკის სასამართლომ კი 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის ედავება “ივ როშეს” საქმესთან დაკავშირებით პირობითი მსჯავრის პირობების მრავალგზის დარღვევას. “ივ როშეს” საქმეზე ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგ ნავალნი 2014 წელს დამნაშავედ ცნეს თაღლითობის მუხლით. გამოძიების ვერსიით, მათ კომპანია “ივ როშე” დაარწმუნეს არახელსაყრელი კონტრაქტის გაფორმებაში.

გარდა ამისა, 2020 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღძრა მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი 356 მილიონი რუსული რუბლის (4.8 მილიონი აშშ დოლარი) თაღლითურად მისაკუთრებასა და დახარჯვის ბრალდებით.

აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ლიდერები კრიტიკულად ეხმაურებიან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ნავალნის გუნდი კი 23 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი