ახალი ამბები

ვაშაძეს არ უთქვამს, რომ ჩემი ინიციატივა არ მოსწონს — ხვიჩია

18 იანვარი, 2021 • 1184
ვაშაძეს არ უთქვამს, რომ ჩემი ინიციატივა არ მოსწონს — ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ გიორგი ვაშაძემ იცოდა მათი ინიციატივის შესახებ, რომელიც გულისხმობს თვითმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტად გამოყენებას.

ხვიჩიას თქმით, ვაშაძეს არ უთქვამს, რომ აღნიშნული გეგმა არ მოსწონს და ამ თემაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ვაშაძესთან შეთანხმებით ელაპარაკებოდა.

“დიდი ხანია ვხვდები ამაზე ოპოზიციას, ველაპარაკები მათ და არ უთქვამთ ჩემი ინიციატივისთვის, რომ ეს სისულელეა. სხვანაირად ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ბატონ გიორგი ვაშაძესთან მანამდე გვქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით, გავლილი გვქონდა ეს თემა. მას არ უთქვამს, რომ ეს გეგმა არ მოსწონს და ჩვენ მასთან შეთანხმებით დავიწყეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან სიარულიც და გარკვევა ამ ამბავის. მან იცოდა, რომ ჩვენ ამაზე ვმუშაობდით და თან ის, რომ ეს იქნებოდა მისაღები და კომპრომისი, სადაც ოპოზიცია სახის შენარჩუნებას შეძლებდა, ისევე როგორც ხელისუფლება. მაშინ ბატონი გიორგი ვაშაძე ასე ფიქრობდა”, — განუცხადა ჟურნალისტებს იაგო ხვიჩიამ.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა გასულ კვირას ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყეს. ისინი უკვე შეხვდნენ “გირჩის” წევრებს. მათ განიხილეს იდეა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გამოიყენონ, როგორ პლებისციტი. რაც იმას გულისხმობს, რომ  თუ ჯამურად ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებს მოიგებს და  “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს, ახალი არჩევნები სწორედ იმ შემთხვევაში უნდა მოითხოვოს.

როგორც “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, ის “90%-ით დარწმუნებულია” რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებს.

თუმცა გიორგი ვაშაძე უარს ამბობს “გირჩთან” და “მოქალაქეებთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე. მისი თქმით,  ყველა წინადადება შეიძლება განიხილონ, თუ ის “ქართული ოცნების” მხრიდან მოდის. მისი თქმით, სტრატეგიულად არასწორია, რომ  ოპოზიციას ყოველ კვირას ახალ-ახალ წინადადებები აქვს.

ვაშაძე “გირჩთან” და “მოქალაქეებთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე უარს ამბობს

მასალების გადაბეჭდვის წესი