დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 110 შემთხვევა რეალობას არ ასახავს, რადგან სულ 5 ათასი ტესტი ჩატარდა. მისივე თქმით, ტესტების სიმცირის მიუხედავად, ქვეყანაში ვირუსის შემთხვევები მცირდება, რაც პოზიტიური დინამიკაა.
“საქართველოში დღეს ახალი 110 შემთხვევა გვაქვს. ეს კარგია, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ არის, რადგან ეს სულ 5 ათასი ჩატარებული ტესტის [შედეგია]. მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა იკლებს ხოლმე, რადგან იკლებს მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებზე. ამიტომ ეს 110 შემთხვევა არ არის რეალური ქვეყანაში ინფექციის გავრცელების, თუმცა ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია ახალი შემთხვევებების კლებასთან მიმართებით”,-აცხადებს გამყრელიძე.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 110 შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 4 964 ტესტირება. მთავრობის ინფორმაციით, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1 643. ქვეყანაში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 247 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 234 636 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2958 გარდაიცვალა.