ახალი ამბები

“ექსპოჯორჯიასთან” აქციისას დაკავებული ყველა პირი ხელწერილით გაათავისუფლეს

16 იანვარი, 2021 • 1237
“ექსპოჯორჯიასთან” აქციისას დაკავებული ყველა პირი ხელწერილით გაათავისუფლეს

პარტია “ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დაკავებული 9-ვე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

“ჩვენ გვინდოდა ბანერის გაშლა, რომელზეც ეწერა რომ არ შევარჩენდით გაყალბებულ და მოპარულ არჩევნებს, რისი საშუალებაც არ მოგვეცა, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა პოლიციასთან. პოლიციელები იყვნენ აგრესიულები, დაკავებისას მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამჟამად ვცდილობთ შევისწავლოთ ყველა ვიდეო-მკიცებულება, რათა სამართლებრივი გზებით გავაგრძელოთ ბრძოლა. თუ ახლა არა, მომავალი ხელისუფლების დროს ყველა მოძალადე პოლიციელი უნდა დაისაჯოს”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას გიორგი მუმლაძე.

მისივე თქმით, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც ხულიგნობასა და პოლიციის სამართლებრივი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

“გაგვანთავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე, ოღონდ მხოლოდ სასამართლომდე. ჩვენ დროებით გამოგვიშვეს, მანამ, სანამ სასამართლო არ გაიმართება. შეიძლება ჯარიმა დაგვიწერონ, შეიძლება დაგვაპატიმრონ. ამჟამად ცხრავე პირი გამოგვიშვეს”, – აცხადდებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი მუმლაძე.

ფოტო გარეკანზე: კადრი TV პირველის ეთერიდან


თბილისში, 16 იანვარს ქართული ოცნების მიერ გამართული ყრილობის პარალელურად, “ექსპოჯორჯიას” მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, “ქართულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა”. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, 9 პირი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი