ახალი ამბები

ანტიკრიზისული გეგმა უგულებელყოფს ტრანს და ქვიარ პირების საჭიროებებს – HRW

14 იანვარი, 2021 • 1457
ანტიკრიზისული გეგმა უგულებელყოფს ტრანს და ქვიარ პირების საჭიროებებს – HRW

ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch 2021 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2020 წელს არსებული ვითარებაა მიმოხილული, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ლგბტ+ თემის დისკრიმინაციასა და უფლებრივ მდგომარეობას ასახელებს.

ანგარიშში ცალკე ქვეთავადაა გამოყოფილი საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის არსებული სახელმწიფო პოლიტიკა.

„ხელისუფლება კვლავ უარს ამბობს ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის გარეშე. გენდერის სამართლებრივი აღიარების არარსებობა სერიოზულ პრობლემებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის, სამუშაოს მოძიებაში“, – მიიჩნევენ ავტორები.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, კორონავირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა განსაკუთრებით დააზიანა ტრანსგენდერი ადამიანების ისედაც მძიმე ყოფა, რომელთა უმრავლესობაც არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული.

„აპრილში ტრანსგენდერმა ქალებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და მთავრობისგან დახმარება მოითხოვეს, რადგან მათ შემოსავალი და ბინის ქირის გადახდის შესაძლებლობა დაკარგეს. ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სოციალური დახმარების არარსებობისთვის ყურადღების მისაქცევად, 19 წლის ტრანსგენდერმა ქალმა ამ აქციაზე თავის დაწყვა სცადა.

ადგილობრივმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს მთავრობის მიერ კოვიდ-19-თან დაკავშირებით შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რადგან ის უგულებელყოფდა ტრანსგენდერი ქალების და ქვიარ ადამიანების სოციალურ საჭიროებებს, რომელთა უმრავლესობასაც ოჯახების მიერ უარყოფის და სოციალური გაკიცხვის გამო დახმარების ალტერნატიული საშუალება არ გააჩნია“.


Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში ორგანიზაცია მიმოიხილავს საქართველოში მიმდინარე ისეთ პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებს, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანების უფლებებზე განსაკუთრებული ზეგავლნა იქონიეს.

ამ ანგარიშში გამოწვევებად დასახელებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა გაუმართავად მკაცრი ნარკოპოლიტიკა, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებზე ზეწოლის ბრალდებები, სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულები და სხვა.

სრული ანგარიში ნახეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი