საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება.
სოფელში დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. აქ დილიდანვე პოლიცია და სპეცრაზმიცაა მობილიზებული. ბუკნარის ქრისტიანი მოსახლეობა სოფლის ცენტრში იყო შეკრებილი, მუსლიმი მოსახლეობა კი, იმ სალოცავის ეზოში, რომლის გამოც დაპირისპირება დაიწყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ბუკნარში განვითარებული მოვლენები არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუსლიმი თემის მხრიდან საკუთარი რწმენის შესაბამისად რელიგიური რიტუალების განხორციელება უკმაყოფილებას იწვევს მართლმადიდებელ მოსახლეობაში.
სამწუხაროა, რომ მუსლიმთა მიმართ 2012-2016 წლებში გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით (ცალკეულ შემთხვევაში მუსლიმები სამართალდამცავი პირების მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტებაზეც მიუთითებდნენ), არ დამდგარა ძალადობის განმახორციელებელი პირების პასუხისმგებლობა. აღნიშნული ტიპის საქმეებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება არსებითად მნიშვნელოვანია მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის“, – ვკითხულობთ ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ შესაბამისი ზომები ძალადობის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარ ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიების მიზნით. ამასთან, უზრუნველყონ მუსლიმური რელიგიური რიტუალების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.
„სახალხო დამცველი ასევე, მოუწოდებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს – გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, რათა ყველა მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და ხელი შეუწყონ განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებას“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ბუკნარში მიმდინარე მოვლენებზე წაიკითხეთ აქ: