ახალი ამბები

არ გამოვრიცხავ, “ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე ცალკე დავსხდეთ — ელისაშვილი

12 იანვარი, 2021 • 1144
არ გამოვრიცხავ, “ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე ცალკე დავსხდეთ — ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე ცალკე დასხდნენ.

ასე უპასახა მან “რუსთავი 2-ის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, დასხდებიან თუ არა მოლაპარაკებების მაგიდასთან ცალკე “ქართულ ოცნებასთან” ერთად.

ელისაშვილის თქმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვა გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“არ გამოვრიცხავთ [“ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე ცალკე დავსხდეთ], უბრალოდ, არ გვინდა, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს. იმიტომ, რომ გაცილებით მარტივი იქნება მერე “ქართული ოცნებისთვის” ჩვენი გადაგდება და მოტყუება, რასაც ელჩების თანდასწრებით ვერ იზამენ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის გაცილებით კომფორტია, რომ სხვებიც იყვნენ და ელჩები იყვნენ და მონაწილეობდნენ. ამიტომ არაფრით არ გვინდა, რომ ეს ჩაიშალოს. სხვა გზა თუ არ დაგვრჩა და აქეთ ოპოზიციამ ფეხები აბაკუნა და მარტო რევოლუცია და ავამღვრიოთ წყალიო, იძახა, მეორე მხრივ, თუ “ქართული ოცნებაც” არ მოვიდა იმ შეხვედრაზე, რაღაცა იქნება შესაცვლელი”, — განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რის გამოც “ქართულ ოცნებასა” ოპოზიციას შორის უცხოელი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების 4 რაუნდი და დაგეგმილი მეხუთე რაუნდის გამართვაც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მეხუთე რაუნდი.

ამასთან, ბარიერგადალახულმა პარტიებმა, გარდა პარტია “მოქალაქეების” 2 წევრისა და “გირჩის” 3 წევრისა, საპარლამენტო მანდატებზე უკვე უარი თქვეს. ამ დროისთვის მეათე მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებასთან” ერთად “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული 4 დეპუტატია, რომლებმაც აღნიშნული პარტია დატოვეს და ახალი გაერთანების – “ევროპელი სოციალისტების” შექმნის შესახებ განაცხდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი