ახალი ამბები

მოლაპარაკების მაგიდასთან თუ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ეს “ოცნების” პოზიციებს გააძლიერებს — ელისაშვილი კობახიძეზე

12 იანვარი, 2021 • 1109
მოლაპარაკების მაგიდასთან თუ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ეს “ოცნების” პოზიციებს გააძლიერებს — ელისაშვილი კობახიძეზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ დანიშვნა გააძლიერებს მმართველი გუნდის პოზიციებს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

თუმცა აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან და “ქართული ოცნებიდან” წასვლით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში ბევრი არაფერი შეიცვლება. როგორც ელისაშვილი ამბობს, შესაძლოა, ივანიშვილმა მოლაპარაკების დეტალები არც კი იცოდა.

“მე გუშინ “ფეისბუქზე” ვწერდი, რომ მეორე კობახიძეს ვგულშემატკივრობ-მეთქი, პირველს არა. პირველი რომ გამოდის ცინიკურად, რაღაც ზიზღით ლაპარაკობს, ამის მიღმა არის კომპეტენტური და ძაან საქმიანი. მე დადებითი არ მითქვამს, ჟურნალისტებმა ამას ინტერპრეტაცია მისცეს, თორემ კომპეტენტური და საქმიანი გებელსი რომ იყო, ისეთი უნდა, მაგრამ დადებითს ეს სულაც არ ნიშნავს.

რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან თუ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ეს მათ პოზიციებს უფრო გააძლიერებს”, — განაცხადა ელისაშვილმა “რუსთავი 2-თან”.

გუშინ, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. ივანიშვილს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. გუშინვე პარტიაში განაცხადეს, რომ ივანიშვილს “ქართული ოცნებაში” ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რის გამოც “ქართულ ოცნებასა” ოპოზიციას შორის უცხოელი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების 4 რაუნდი და დაგეგმილი მეხუთე რაუნდის გამართვაც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მეხუთე რაუნდი.

ამასთან, ბარიერგადალახულმა პარტიებმა, გარდა პარტია “მოქალაქეების” 2 წევრისა და “გირჩის” 3 წევრისა, საპარლამენტო მანდატებზე უკვე უარი თქვეს. ამ დროისთვის მეათე მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებასთან” ერთად “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული 4 დეპუტატია, რომლებმაც აღნიშნული პარტია დატოვეს და ახალი გაერთანების – “ევროპელი სოციალისტების” შექმნის შესახებ განაცხდეს.

შესწორება: სტატიის თავდაპირველი სათაური იყო “კობახიძის თავმჯდომარეობა “ოცნების” პოზიციებს გააძლიერებს – ელისაშვილი”. იმისათვის, რომ სათაურის შინაარსი განსხვავებულად არ აღქმულიყო, სათაურში გამოტანილი ციტატა დაზუსტდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი