ახალი ამბები

კობახიძე საუკეთესო გადაწყვეტილებაა “ოცნებისთვის”, პოლიტიკოსის გარდა ყველაფერია – ხიდაშელი

12 იანვარი, 2021 • 1575
კობახიძე საუკეთესო გადაწყვეტილებაა “ოცნებისთვის”, პოლიტიკოსის გარდა ყველაფერია  – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დანიშვნა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

მისი თქმით, კობახიძე პოლიტიკოსის გარდა ყველაფერია და ისეთი თავმჯდომარეა, რომელიც “ქართულ ოცნებას” შეეფერება. როგორც ხიდაშელი ამბობს, სწორედ კობახიძის თვისებები გახდება პარტიის მორიგი კრიზისის მთავარი მიზეზი.

“გულწრფელად დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო გადაწყვეტილება “ქართული ოცნებისთვის”. “ქართული ოცნება” მას ნამდვილად იმსახურებს, ის არის ის თავმჯდომარე, რომელიც ამ პარტიას შეიძლება ჰყავდეს. სხვანაირი უბრალოდ ვერ ეყოლება. პოლიტიკოსი, რომელმაც თავი მხოლოდ იმით გამოიჩინა, რომ არის უკიდურესად კონფრონტაციული, არის ყველაფერი, გარდა პოლიტიკოსისა, და ეძებს ყველაფერს, გარდა კონსენსუსისა საზოგადოების გამთლიანებისთვის. ზუსტად ასეთია “ქართული ოცნება” და ის არის შესაბამისი თავმჯდომარე ამ პარტიის”, — განაცხადა ხიდაშელმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.

გუშინ, 11 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” გუნდს შეუძლია მისი “შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება”.

ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე ივანიშვილს ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი