ახალი ამბები

საქართველოს ეკლესიაში უმრავლესობა ემხრობა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას — მიტროპოლიტი ეპიფანე

12 იანვარი, 2021 • 1540
საქართველოს ეკლესიაში უმრავლესობა ემხრობა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას — მიტროპოლიტი ეპიფანე

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებით, რამდენიმე ადგილობრივი ეკლესია მზად არის, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს. Orthodox Times-ის ინფორმაციით, უკრაინის ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში მიტროპოლიტმა ამ ეკლესიებს შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც მოიხსენია.

“ზოგადად, რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიაა, რომლებშიც სასულიერო პირთა უმეტესობა და [ეკლესიის] მეთაური მზად არიან ჩვენი ავტოკეფალიის ასაღიარებლად. მათ შორისაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელშიც უმრავლესობა[ემხრობა აღიარებას]”, – დასძენს მიტროპოლიტი.

გამოცემის ცნობით, ეპიფანემ მოიყვანა კვიპროსის ეკლესიის მაგალითიც, რომელიც 2018 წლიდან ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა, თუმცა გასული წლის ნოემბერში მაინც აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. მისი თქმით:

“ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში, სადაც არიან მღვდლები, რომლებიც არ ეთანხმებიან [უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას]. ამას ვხედავთ კვიპროსის მაგალითზე: ორი ან სამი ეწინააღმდეგება, თუმცა უმრავლესობა ეთანხმება”.

სასულიერო პირის თქმით, კვიპროსის მაგალითის შემხედვარე, იმედი აქვს, რომ მის მაგალითს სხვა ეკლესიებიც მიჰყვებიან. მათ შორის, საქართველოს გარდა, ის მოიხსენიებს იერუსალიმის, რუმინეთის, ალბანეთისა და ბულგარეთის ეკლესიებს.

რას ამბობენ საპატრიარქოში

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ამ კომენტართან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ინტერვიუ არ წაუკითხავს და ამ ეტაპზე, ვერაფერს იტყვის.

კითხვის საპასუხოდ, რა განწყობებია ეკლესიაში და მართლაც არსებობს თუ არა მზაობა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებისთვის, დეკანოზი დასძენს:

“ვერაფერს გეტყვით. სინოდმა რაც გამოიტანა ბოლო განჩინება, მანდ არის ყველაფერი გაჩერებული”.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია: ვინ აღიარა და სად გაჩერდა საქართველოს საპატრიარქო

უკრაინის ახალი, ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა 2018 წლის 15 დეკემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე გამოცხადდა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე. მისი ამჟამინდელი ტიტულია მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა.

კვიპროსის გარდა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარებული აქვთ ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოსა და ელადის(საბერძნეთის) ეკლესიას.  რუსეთმა, რომელიც თავშივე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ავტოკეფალიის იდეას, ევქარისტული კავშირი სამივე მათგანის მეთაურებთან გაწყვიტა. მანამდე მან კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რომელმაც უკრაინის ეკლესიას ტომოსი გადასცა.

ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირმა გამოხატა. მათმა ნაწილმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი ღიად დაუჭირა, სინოდის ერთ-ერთმა წევრმა კი თქვა, რომ საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხოლოდ მას შემდეგ აღიარებს, რაც მას ცნობენ „დედაეკლესია რუსეთი“ და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი