ახალი ამბები

ტრამპი დათანხმდა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას

12 იანვარი, 2021 • 1304
ტრამპი დათანხმდა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დათანხმდა. ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსამსახურმა დაადასტურა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და სხვები ალაპარაკდნენ არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

ქალაქის მერმა საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ გასულ კვირას, კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრისა და მასობრივი არეულობის შემდეგ გამოაცხადა. ტრამპის მიერ 11 იანვარს გამოცემული ბრძანება კი საშუალებას აძლევს ქვეყნის უსაფრთხოების დეპარტამენტსა და საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს, დაეხმარონ ქალაქს ნებისმიერ საგანგებო ვითარებაში, 11 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით.

ცნობები 20 იანვარს, ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დაგეგმილი ძალადობრივი დემონსტრაციების შესახებ განსაკუთრებით გახშირდა კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, გასული კვირის მოვლენების ფონზე, ეშინია თუ არა  ინაუგურაციის დღეს მოსალოდნელი რისკებისა, ბაიდენმა თქვა, რომ შიშის განცდა არ აქვს.

შეჭრა კაპიტოლიუმში: რა მოხდა მანამდე?

6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მომიტინგეები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის [პარლამენტის] შენობაში შეიჭრნენ. ამ დღეს ოფიციალურად უნდა გაფორმებულიყო საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

ვითარების გამწვავებიდან მალევე დაიწყეს სენატორების, წარმომადგენელთა პალატის წევრების და მათი ადმინისტრაციების თანამშრომლების ევაკუაცია.

მასობრივი არეულობის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორისაა პოლიციელი და არეულობის მონაწილე ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში, მკერდის არეში დაჭრეს.

შეჭრას წინ უძღოდა ტრამპის მომხრეების საპროტესტო აქცია ვაშინგტონში. მათ სიტყვით თავად მოქმედმა პრეზიდენტმაც მიმართა. შენობაში ასობით პირის შეჭრის შემდეგ, ტრამპმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა “პატრიოტებად” მოიხსენია.

მიუხედავად ზემოხსენებული მოვლენებისა, კონგრესმა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დათვლა რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ მაინც განაგრძო და არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებაც ოფიციალურად დაადასტურა. ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპმა უკვე თქვა, რომ ღონისძიებას არ დაესწრება.

კაპიტოლიუმის მოვლენებიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ დემოკრატები ტრამპის წინააღმდეგ ახალ იმპიჩმენტს ამზადებენ. მას შესაძლოა პოსტი დაატოვებინონ ”აჯანყების წაქეზებისათვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი