ახალი ამბები

ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი — ივანიშვილი

12 იანვარი, 2021 • 1460
ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი — ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ გადაწყვიტა, ყველა მატერიალური აქტივი, რომელიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული, საქველმოქმედო ფონდს გადასცეს. ამის შესახებ მან გამოცემა entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ქველმოქმედებას მილიარდ-ნახევარს მოახმარს, ხოლო პირადი მოხმარებისთვის 200 მილიონი დოლარს იტოვებს.

“მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობით – არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნესპროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში[…]

მილიარდ-ნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენ მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარგულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდ-ნახევრის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელის შემშლელიც კი ყოფილიყო”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქველმოქმედო ფონდს უძრავ ქონებასაც გადასცემს, მათ შორი,ს ფერწერული ტილოების კოლექციასაც, რომელსაც ფლობს.

“ასევე გადავცემთ საქველმოქმედო ფონდს ან უძრავი ქონების სახით, ან მოვახდენთ მის რეალიზაციას და ფულად რესურსებს მივმართავთ ფონდში. იგივე ბედი ეწევა ფერწერული ტილოების კოლექციას, რომელიც ასევე ამ ნარჩენი კაპიტალის ნაწილია. კოლექციის ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, ფული კი ფონდში მიიმართა. როდესაც დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება, სახსრები ასევე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. თუმცა არ არის გამორიცხული, მათ რეალიზაციას არ დაველოდოთ და ნაწილი ნამუშევრების სახით გადავცეთ ფონდს”, — განაცხადა ივანიშვილმა.


11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” გუნდს შეუძლია მისი “შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება”.

ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მის ნაცვლად, ირაკლი კობახიძე წარადგინეს.

რა ქონება გადასცა ივანიშვილმა ფონდ “ქართუს” — სია

მასალების გადაბეჭდვის წესი