ახალი ამბები

ამაზე ვსაუბრობთ, როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტები — მდინარაძე ოპოზიციასთან შეთანხმებაზე

11 იანვარი, 2021 • 953
ამაზე ვსაუბრობთ, როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტები — მდინარაძე ოპოზიციასთან შეთანხმებაზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევაზე “გამოუსწორებელი ოპტიმისტებივით” საუბრობენ.

მისი თქმით, ოპოზიციის “წითელ ხაზს” — რიგგარარეშე არჩევნების ჩატარებას საფუძველი უნდა ედოს და ეს საფუძველი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა დადოს, რომლის შექმნაც თებერვალში იგეგმება.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტები. თუმცა მართლაც აქვს ოპტიმიზმს საფუძველი. მაინც ვფიქრობ, რომ რაციონალურ და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი გარკვეულ პირობებს დათანხმდებიან და საქართველოს პარლამენტში გააგრძელებენ ხელისუფლების ოპონირებას.

თუ მათი მოთხოვნა მათთვის არის წითელი ხაზი და ეს მოთხოვნა კვლავ ითვალისწინებს იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, ამას უნდა ჰქონდეს საფუძველი და ამის საფუძველი ერთადერთი შეიძლება იყოს იმის გარკვევა, რეალურად რაიმე ხარვეზიც კი იყო თუ არა არჩევნების პერიოდში და არჩევნების დღეს”, — განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასამოწმებლად საგამოძიებო კომისია იქმნება. ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 იანვარს, განაცხადა.

მისი თქმით, კომისია თებერვლის დასაწყისში შეიქმნება და მასში ჩაერთვებიან როგორ ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

მისივე თქმით, ძალაში რჩება პირობა, რომ საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებიდან თუნდაც  1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და  კობახიძე, როგორც “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდება.

არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიეობო კომისია იქმნება — კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი