ახალი ამბები

ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრობლემები აღმოფხვრილია | ნოდია ივანიშვილის წასვლაზე

11 იანვარი, 2021 • 1336
ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრობლემები აღმოფხვრილია | ნოდია ივანიშვილის წასვლაზე

პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს, 11 იანვარს, პარტიული თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ გავრცელებულ განცხადებას აფასებს. ნოდიას თქმით, “ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ქვეყანაშიცა და პარტიაშიც პრობლემები ამოწურულია”.

“ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ საქმე კარგადაა, რაც პრინციპში მის წერილშიც წერია. პრობლემები აღარ არის და მას შეუძლია, რომ საკუთარ თავს წასვლის უფლება მისცეს. ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში, ბიძინა ივანიშვილისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, მას პარტიის შიგნით პრობლემები არ ეგულება. როდესაც იგი დაბრუნდა პოლიტიკაში, მაშინ იყო შიდაპარტიული პრობლემები და დავინახეთ კიდეც, რომ ერთგვარი აჯანყებებიც მოხდა პარტიაში, რიგი ჯგუფები გავიდნენ კიდეც. დღეს ჩათვალა, რომ ქვეყანასა და პარტიაში დაალაგა ვითარება და შეუძლია დაუბრუნდეს ძველ რეჟიმს, როდესაც ფორმალურად წასულია პოლიტიკიდან, ყოველდღიურ მმართველობაში ნაკლებად ერევა, მაგრამ გავლენის სადავეებს მაინც ინარჩუნებს”, – აცხადებს გია ნოდია ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

გია ნოდიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას განიხილავს, როგორც საკუთარ “ფირმას და მას მენეჯერების მეშვეობით მართავს”.

“თუ შევადარებთ პირველ წასვლას, ეს იყო ფორმალურად წასვლა, მაგრამ არაფორმალურად დარჩენა. მას საკონტროლო პაკეტი ხელში უჭირავს. ის საქართველოს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ფირმას, რომელსაც იგი აკონტროლებს მენეჯერების გამოყენებით, გახარიას, კობახიძისა და სხვების სახით და სანამ მენეჯერებს ენდობა, მას შეუძლია “ფირმას” ნაკლები ყურადღება დაუთმოს და სხვა საქმეებით დაკავდეს, მაგრამ რომ დასჭირდეს, “საკონტროლო პაკეტი” მისია, შეუძლია გახარია გამოცვალოს, ან თავადვე დაბრუნდეს პარტიის თავმჯდომარის ან სხვა პოზიციაზე”, – ამბობს გია ნოდია.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის ხედვას, რომ მისიის უმეტესი ნაწილი შეასრულა, ნოდია ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები ივანიშვილისთვის დამახასიათებელია.

“არაფერი შესრულებული არაა. იგი დაახლოებით ამ სიტყვებით საუბრობდა პირველი წასვლის დროსაც – რომ ქვეყანამ პირნციპულ გარდატეხას მიაღწია და აღარ იყო მისი ყოფნა საჭირო. ახლაც არაფერს ახალს არ ამბობს იმასთან შედარებით, რასაც იგი მთელი ეს წლები ამბობდა – რომ ეკონომიკა წინ მიდის, დემოკრატია ყვავის და ასე შემდეგ. ეს ყოველთვის მისი ენის ნაწილი იყო”, – ფიქრობს გია ნოდია.

შეკითხვაზე, თუ რას უნდა ნიშნავდეს “ქართული ოცნების” ოპოზიციაში შესაძლო გადასვლა, ნოდია აცხადებს, რომ ეს ივანიშვილის მიერ დემოკრატის მმართველის სახის შექმნის მცდელობაა.

“ეს არ არის პოლიტიკური მინიშნება. მას ესმის, რომ უნდა ჰქონდეს დემოკრატის იმიჯი, რომ დაარწმუნოს ხალხი, რომ ის ნამდვილი დემოკრატია. ის აფასებს ოპოზიციას, როგორც ფენომენს, რომ ქვეყანაში ოპოზიცია უნდა იყოს, მაგრამ იგი არ აღიარებს არსებულ ოპოზიციას. არ აღიარებს ლეგიტიმურ ოპოზიციას, მაგრამ წარმოდგენილი აქვს “კონსტრუქციული ოპოზიცია”, რომელიც მისთვის მოსაწონი იქნება. მას უნდა, რომ ორივე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მისი იყოს. ეს რეალურად შეუძლებელია, მაგრამ მას ასეთი წარმოდგენა აქვს. მისი ოცნება ასეთია და ამას დემოკრატია ჰქვია”, – მიაჩნია მას.

მისივე თქმით,”ცოტა სასაცილო ხდება წასვლა და დაბრუნება, მაგრამ თუ ორჯერ წასვლა შეიძლება, წესით, მესამედ დაბრუნებაც შეიძლება” – “მე ამას არ ველი, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია”, – განაცხადა გია ნოდიამ.


დღეს, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც იგი აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ ტოვებს საჯარო პოლიტიკას და უბრუნდება “2011 წლამდე არსებულ კერძო ცხოვრების წესს”.

პარტიაში გამართულ პოლიტ-საბჭოს შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ახალ თავმჯდომარეს შემდეგ შაბათს აირჩევს და ამ პოსტზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი