ახალი ამბები

ჩინეთი დათანხმდა კორონავირუსის საგამოძიებო ჯგუფის მიღებას

11 იანვარი, 2021 • 1045
ჩინეთი დათანხმდა კორონავირუსის საგამოძიებო ჯგუფის მიღებას

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობა და მისი გავრცელება უნდა შეესწავლა, საბოლოოდ, ჩინეთის თანხმობის შემდეგ, სამუშაოებს 14 იანვრიდან დაიწყებს.  ინფორმაციას the Guardian ავრცელებს.

თავდაპირველი ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფი ჩინეთში იანვრის დასაწყისში უნდა ჩასულიყო, მაგრამ პეკინმა WHO-ს მიერ მივლენილი უცხოელი მეცნიერები ქვეყანაში არ შეუშვა. მიზეზად სავიზო ხარვეზები დასახელდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს “გაუგებრობა უწოდა”.

პარალელურად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და ჩინეთს მოუწოდა, რომ საგამოძიებო ჯგუფი ქვეყანაში შეეშვა.

საგამოძიებო გუნდის ჩინეთში, კერძოდ კი, ქალაქ ვუჰანში ჩასვლას წინ უძღოდა მრავალთვიანი მოლაპარაკებები, რა დროსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საბოლოოდ დართო ნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შექმნილ 10-წევრიან გუნდს გამოეძიებინა ახალი კორონავირუსის წარმოშობა და ადამიანზე გადადების ფაქტი.


ახალი კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბრის მიწურულს ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ერთ-ერთ ბაზარში, სადაც სხვა პროდუქციასთან ერთად, გარეული ცხოველების ხორცი და ცოცხალი გარეული ცხოველები იყიდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი