გაგრის სახანძრო-სამაშველო შტაბის ხელმძღვანელი დავიდ ბგანბა აცხადებს, რომ გაგრაში გაწვიმდა, თუმცა წვიმამ ხანძარი ვერ ჩააქრო.
“გაგრის რაიონში წვიმამ ცეცხლი ვერ შეაჩერა, ცეცხლი განაგრძობს გავრცელებას. ამასთან, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება”, — განაცხადა ბგანბამ.
ტყის ხანძრები აფხაზეთში 4 იანვრის საღამოს დაიწყო. თავდაპირველად ცეცხლის კერები დაფიქსირდა გალის, გაგრის, გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში, თუმცა პირველ ეტაპზე, ხანძრის ყველაზე ძლიერი კერა გალის რაიონში იყო. გალში დე ფაქტო მთავრობის ცნობით, ხანძარი 9 სოფლის ტერიტორიაზე გავრცელდა და დაიწვა სამი სახლი.
გალის შემდეგ, ცეცხლის ძლიერი კერები დაფიქსირდა გაგრის რაიონში, სადაც მაღალმთიანი ფიჭვნარი იწვის. გაგრის რაიონში ტყის ხანძარი 6 იანვრის ღამეს დაიწყო და სხვადასხვა ინტენსიობით დღემდე გრძელდება.
მიუხედავად თბილისის შეთავაზებისა, ხანძრებთან გამკლავებას დე ფაქტო აფხაზეთი დამოუკიდებლად ცდილობს. ცეცხლის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ დრომდე არ ჩართულა რუსეთიც, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთთან ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცე და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.
კონკრეტულად სად იწვის ტყე გაგრაში და რამდენად შორსაა მოსახლეობისგან
გაგრის რაიონში ხანძარი ქალაქის ჩრდილო დასავლეთ უბანში, მდინარე ჟვავიაკვარას მარჯვენა სანაპიროზე და მიმდებარე სერებზეა, რომელიც დაფარულია ფიჭვნარით. ჟვავიაკვარას ხეობა მჭიდროდ დასახლებულია.
ამ დროისთვის ხანძარი უახლოვდება ან უკვე მიუახლოვდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტო-მაგისტრალს და მიიწევს დასახლებული პუნქტებისკენ.
გუშინ ღამით ხანძარი მიუახლოვდა სანატორიუმ “მოსკოვსა” და მიმდებარე ტერიტორიებს, რომლებიც ზღვის სანაპიროზე, ჟვავიაკვარას ხეობასთან და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზასთან ახლოსაა განლაგებული.
დამატებითი ინფორმაცია ცეცხლის კერების ადგილმდებარეობის შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის მასალაში: