ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაგრაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება | აფხაზური მედია

9 იანვარი, 2021 • 1608
გაგრაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება | აფხაზური მედია

გაგრის რაიონში ტყის ხანძარს უკვე მესამე დღეა ვერ აქრობენ. ადგილობრივი მედიასაშუალების “აფხაზეთი დღეს” ცნობით, გაგრის ჩრდილო-დასავლეთით არსებული ხანძრის კერა დასახლებული პუნქტებისკენ მიიწევს.

“ხანძარი უახლოვდება სანატორიუმ “მოსკოვს””, – ნათქვამია მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცნობაში.

სანატორიუმი “მოსკოვი” მდებარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე ჟვავიაკვარას მარჯვენა სანაპიროზე. სწორედ იქ, სადაც ამჟამად ხანძრის ძირითადი კერაა.

ფოტო გარეკანზე: აფხაზური ამბები


აფხაზეთში ხანძრის კერები 4 იანვრიდან გაჩნდა. ხანძარია გალის, გუდაუთის, გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებში. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მისივე განცხადებით, არაერთხელ შესთავაზა დე ფაქტო მთავრობასა და საოკუპაციო რეჟიმს დახმარება “ნებისმიერი მიმართულებით”.

დღეს დილით დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაგრაში ფრაგმენტირებულია, თუმცა ჯერ კიდევ არ არის სრულიად ლიკვიდირებული.

დღეს გამართულ ბრიფინგზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველო მზად იყო ხანძრის წინააღმდეგ მიმართულ სამუშაოებში ვერტმფრენებით ჩართულიყო.  დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთს ხანძართან საბრძოლველად თბილისის დახმარება არ სჭირდება.

გაგრის რაიონში ხანძრის რუკის სანახავად, ეწვიეთ ნეტგაზეთის მიერ მომზადებულ მასალას:

კონკრეტულად სად იწვის ტყე გაგრაში – ხანძრის რუკა

მასალების გადაბეჭდვის წესი