ახალი ამბები

ამნისტიის გარკვეულ პოლიტიკურ ვალდებულებებთან დაკავშირება არასწორია — სარჯველაძე

8 იანვარი, 2021 • 1245
ამნისტიის გარკვეულ პოლიტიკურ ვალდებულებებთან დაკავშირება არასწორია — სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არასწორია ამნისტიის დაკავშირება გარკვეულ პოლიტიკურ ვალდებულებებთან.

მისი თქმით, ამნისტია არ ეხება არც ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის  მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში კონკრეტული საკითხის გადაჭრას. კერძოდ, იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომელთაც ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს.

“კონკრეტულ საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და ზოგიერთ შემთხვევაში, მოიხსენიებენ ამას, როგორც მნიშნველოვან თემას, მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში. ამნისტიის შესახებ წარდგენილი კანონპროექტი არამც და არამც არ ითვალისწინებს ამ კატეგორიის საქმეებზე შემხებლობას და იმ მუხლებზე, რომელზეც არის საუბარი ამ საქმეებში, ამნისტია ამას არ მოიაზრებს. შესაბამისად, არ შეიძლება ეს ორი ფაქტი რაიმე კორელაციაში იყოს ერთმანეთთან. ვინაიდნ ამნისტიის მიზანი არცერთ შემთხვევაში არ ემთხვევა იმ კონკრეტული პოლიტიკური საკითხების გადაჭრასა და გადაწყვეტას[…]

რამდენჯერმე დაისვა ასეთი კითხვა, თითქოსდა ადამიანები ცდილობენ, რომ ამნისტიის ინიციატივა დააკავშირონ გარკვეულ პოლიტიკურ ვალდებულებებთან, ეს არ არის სწორი”, — განაცხადა სარჯველაძემ.

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა და ის ორი მოსმენით უკვე მიიღეს. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, ამნისტია  44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს  უნდა შეხებოდა და ციხე 800-მდე პატიმარს უნდა დაეტოვებინა. თუმცა ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალი ფართოვდება. მიხეილ სარჯველაძეს არ დაუკონკრეტებია, საბოლოო ვერსიით  ამნისტია რამდენ ადამიანს შეეხება, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალის გაფართოების შემდეგ 1000-მდე ადამიანს შეეხება.

ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ ამინისტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის მიცემული დაპირების შესრულებად აფასებს. მათი თქმით, “ოცნებამ” ამნისტიის საშუალებით კრიმინალური სამყაროს ჯგუფები მოისყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი