ახალი ამბები

ჩინეთი WHO-ს საგამოძიებო გუნდს ქვეყანაში არ უშვებს | კორონავირუსი

6 იანვარი, 2021 • 1023
ჩინეთი WHO-ს საგამოძიებო გუნდს ქვეყანაში არ უშვებს | კორონავირუსი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) საგამოძიებო გუნდს, რომელსაც კორონავირუსის წარმოშობის შესწავლა ჰქონდა დავალებული, ჩინეთმა ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადა. ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

გუნდის წევრებს ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვათ სავიზო დოკუმენტაციის გაუმართაობის გამო. ჩინეთის განცხადებით, ქვეყანაში ვიზიტის დეტალები და მოგზაურობის პერიოდი კვლავ დასაზუსტებელი იყო.

ქვეყანაში  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგამოძიებო გუნდის ჩასვლას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები. საბოლოოდ, ჩინეთი დათანხმდა ქალაქ ვუჰანში ვირუსის წარმოშობის შესახებ კვლევისთვის ნებართვის გაცემას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით,  “ძალიან იმედგაცრუებულია”, რადგან ჩინეთმა არ შეუშვა საგამოძიებო ჯგუფი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა BBC-ის უთხრა, რომ “შესაძლოა ყოფილიყო რაიმე გაუგებრობა”. მისი განცხადებით, ჩინური მხარე მჭიდრო თანამშრომლობაშია WHO-სთან.

WHO-ს სურდა გაეგზავნა საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული 10- წევრიანი გუნდი, რომელიც გამოიკვლევდა ვირუსის შესაძლო ცხოველურ წარმოშობას და ზუსტად დაადგენდა, თუ როგორ გადაედო ის პირველად ადამიანს. გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ გამოძიება 2021 წლის იანვარში დაიწყებოდა.


კორონავირუსის გავრცელება ჩინეთიდან, ქალაქ ვუჰანიდან დაიწყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი პირველად ქალაქის ე.წ. “სველ ბაზარში” გაჩნდა, სადაც ცხოველის ხორცი იყიდებოდა, თუმცა ეს დადასტურებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი