საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის გამოკლებული წევრების ნაცვლად 4 ახალი დეპუტატის დანიშვნას კენჭი უყარა და დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებას 81 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი ჰყავდა.
4 გამოკლებულ დეპუტატს შორის ერთი გიორგი გახარიაა, რომლის ნაცვლადაც პარლამენტში ლევან მგალობლიშვილი შევა. დანარჩენი სამი კი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.
მანამდე ამავე პარტიის სამმა წევრმა და ლიდერმა – ირმა ინაშვილმა, გოჩა თევდორაძემ და გიორგი ლომიამ – საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა. თუმცა ამ მანდატს „პატრიოტთა ალიანსის“ სამი სხვა წევრი – გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია – დათანხმდა.
ახალი დეპუტატების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ამიერიდან პარლამენტში ოპოზიციის წევრებიც იქნებიან წარმოდგენილნი.
ამასთანავე, ფრიდონ ინჯიამ სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს.
გუშინ, 4 იანვარს, პარლამენტმა “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, “პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე 3.14% მიიღო და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, თუმცა, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე უარი “პატრიოტთა ალიანსმაც” თქვა.