ახალი ამბები

რაც ითხოვეს, ის მიიღეს, დასჯაზე საუბარი არაადეკვატურია — ვოლსკი “პატრიოტთა ალიანსზე”

4 იანვარი, 2021 • 846
რაც ითხოვეს, ის მიიღეს, დასჯაზე საუბარი არაადეკვატურია — ვოლსკი “პატრიოტთა ალიანსზე”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “ქართული ოცნების” მხრიდან პარტიის დასჯად აფასებს მხოლოდ მისთვის და პარტიის კიდევ ორი წევრისთვის დღეს, 4 იანვარს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.

მისი თქმით, “ოცნების” მმართველობის სტილი ბოლშევიკური მმართველობის სტილს ჰგავს.

“ქართულმა ოცნებამ” მაინცდამაინც “პატრიოტთა ალიანსის” სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი გამოყო. გუშინ, დასვენების დღეს, სასწრაფოდ შეიკრიბა, დაგვიკავშირდნენ ჩვენ ტელეფონით, გვთხოვეს დადასტურება, რომ ხომ არ გადავიფიქრეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავუდასტურეთ, რომ ძალაშია ჩვენი განცხადება და ის ჩვენი ნებით არის შედგენილი. თუმცა ეს განაპირობა “ქართული ოცნების” მიერ არჩევნების გაყალბებამ და არა იმან, რომ ჩვენ პარლამენტში არ გვინდოდა შესვლა და არ გვინდოდა საპარლამენტო საქმიანობა[…]

“ოცნების” მმართველობის სტილი ძალიან ჰგავს გასული საუკუნის ოციანი წლების ბოლშევიკური მმართველობის სტილს. ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა”, — განაცხადა ინაშვილმა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვეს და დასჯაზე საუბარი “არაადეკვატურია”. მისი თქმით, “პატრიოტთა ალიანსის” “პრეტენზიები” გაუგებარია.

“არანაირი პროცედურული დარღვევა არ ყოფილა, საერთოდ არ მესმის, რა პრეტენზია აქვთ, [სადეპუტატო უფლებამოსილების] გაუქმება ითხოვეს და მიიღეს ის, რაც ითხოვეს. [საარჩევნო] სია არ გაუუქმებიათ და, შესაბამისად, სიაში შემდეგი ვინც არის, მათ პარლამენტში შემოსვლის უფლება აქვთ და ამის შესახებ განცხადებებს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ აკეთებდნენ.

სხვა პარტიებთან მიმართებაში გადაწყვეტილებები თებერვლამდე არ იქნება მიღებული მანდატის შეჩერებაზე. ამ სიტუაციაში დასჯაზე საუბარი არაადეკვატურია. არის პროცედურული საკითხები და პროცედურებს მივყვებით. საკუთარ თავს სასჯელი მაშინ გამოუტანეს, როცა დესტრუქციულ რეჟიმში შემოვიდნენ, მაშინ, როცა თვითონაც კარგად იციან, დესტრუქცია და დესტაბილიზაცია ვის აწყობს კავკასიაში, მათ შორის საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტმა 4 იანვარს სადეპუტატო უფლებამოსილება  შეუწყვიტა “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს.


ვინ შევა “პატრიოტთა ალიანსის” სიით:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, “პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე 3.14% მიიღო და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, თუმცა, სხვა  ოპოზიციური პარტიების მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე უარი “პატრიოტთა ალიანსმაც” თქვა.

თუმცა “პატრიოტთა ალიანსის” პარტიულ სიიდან ოთხ წევრს არ მიუმართავს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან – მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მიერ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ცესკომ 31 დეკემბერს გამოაქვეყნა – ამ სიაში არ შედიან დავით ზილფიმიანი, სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე, სიის მე-5 ნომერი გელა მიქაძე და მე-7 ნომერი ფრიდონ ინჯია. შესაძლოა, რომ ინაშვილის, ლომიას და თევდორაძის ადგილმონაცვლეებად პარლამენტში სწორედ ეს ადამიანები შევიდნენ.

დავით ზილფიმიანმა, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” პარტიულის სიის მე-8 ნომერია, 3 იანვარს ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვევა, რომ ის პარლამენტში შედის.

დავით ზილფიმიანი “პატრიოტთა ალიანსის” სიაში მე-8 ნომერია და  უპარტიოდაა მითითებული. ზილფიმიანამდე ავთანდილ ენუქიძემ უკვე განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.

რატომ შეუწყვიტეს უფლებამოსილება 4 იანვარს “პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებს”

როგორც 4 იანვარს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, დღეს მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების საკითხი იმიტომ განიხილეს, რომ ამ პარტიის საარჩევნო სიის სხვა წევრებმა პარლამენტში მათი ადგილები დაიკავონ.

სხვა ოპოზიციური პარტიები

“პატრიოტთა ალიანსის” წევრების გარდა, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით პარლამენტს სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებმაც მიმართეს. თუმცა მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი ჯერჯერობით არ განიხილავს.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ამის მიზეზი ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებია და “ქართული ოცნება” მოლაპარაკებების ფორმატს ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი