ნეტგაზეთი | კობახიძე: ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პარლამენტს ანაზღაურებაზე მიმართა კობახიძე: ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პარლამენტს ანაზღაურებაზე მიმართა – Netgazeti
RU | GE  

კობახიძე: ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პარლამენტს ანაზღაურებაზე მიმართა

“ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მე მაგიტომ გეუბნებით, რომ დეპუტატებს აქვთ სურვილი შემოსვლის”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა დღეს, 30 დეკემბერს.

“არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის პარლამენტის წევრები. შესაბამისად, მათი მონაცემები არ ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს და ზოგიერთი დეპუტატი მიმართავს ახლა საფინანსო კომიტეტს ანაზღაურების მოთხოვნით. ეს ძალიან კარგია, ბულინგი და შანტაჟი დიდხანს ვერ გაგრძელდება”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს პარლამენტში განუცხადეს, აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მივმართოთ საკანონმდებლო ორგანოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვერ დაგვიდასტურებენ აღნიშნულ ინფორმაციას და ვერც დეპუტატების გვარებს გვეტყვიან.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია “პირველთან” ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ მსგავსი მოთხოვნით პარლამენტისთვის მისი პარტიის წევრებს არ მიუმართავთ:

“ყველა ოპოზიციური პარტიის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვფიქრობ, ეს მორიგი სიცრუეა, რომელსაც ირაკლი კობახიძე ამბობს. მას რომ ასეთი ინფორმაცია ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, გვარებსაც ჩამოარაკრაკებდა. ენმ-ის სახელით და ჩვენი ბლოკის სახელით შემიძლია გითხრათ, არავინ ხელს არ მოჰკიდებს იმ ხელფასს. არცერთი ჩვენგანი არ აპირებს ანგარიშის ნომრის წარდგენას. არცერთი დეპუტატი არ აპირებს ამ თანხის გამოყენებას”, – ამბობს უდუმაშვილი.

საფინანსო დოკუმენტაციის პარლამენტისთვის ამ მიზნით გადაგზავნას უარყოფენ “ლელოში”. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებს შესაბამისად, უარს ამბობს საპარლამენტო დაფინანსებაზეც და დეპუტატის ხელფასზეც:

მსგავის პოზიცია აქვს პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილსაც, რომელმაც პარლამენტისგან მიიღო მოთხოვნა საფინანსო დოკუმენტაციის გაგზავნის შესახებ, თუმცა ამბობს, რომ არ გაუგზავნია რეკვიზიტები საკანონმდებლო ორგანოსთვის:

“პარლამენტი ჩვენგან ითხოვს შევავსოთ დოკუმენტაცია. ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ, სანამ ვართ ბოიკოტის რეჟიმში”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ზემოაღნიშნული განცხადებებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს “ევროპული საქართველოს” ლიდერს, გიგი უგულავას. პოლიტიკოსი ფეისბუკ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და კობახიძეს მიმართავს, სადაც ამბობს, რომ დეპუტატების ნაწილი ნამდვილად აპირებს ხელფასის მიღებას, რომელსაც “ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლას” მოახმარს:

“დეპუტატების ნაწილი ნამდვილად აპირებს, კუთვნილი ხელფასი გადასცეს სამოქალაქო აქტივისტებს, რომ ეს თანხა ისევ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლას მოხმარდეს. ასე რომ, რაც უფრო დიდად გაწელავთ ოპოზიციის განცხადებების არდაკმაყოფილებას, მით მეტი თანხა გამოიყენება თქვეთან საბრძოლველად. დღეს თბილისსა და ბათუმშია წინააღმდეგობის ცენტრები, მალე, თქვენი დახმარებით, ბატონო ირაკლი, ეს ცეცხლი სხვა ქალაქებსაც მოედება”, – ამბობს გიგი უგულავა.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა პარტიებმა,(გარდა “მოქალაქეების”, “გირჩის” 3 წევრისა და “პატრიოტთა ალიანსის” ერთი წევრისა), სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადეს. პარალელურად კი უცხოელი ელჩების შუამავლობით ოპოზციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა 4 რაუნდი და იგეგმება, რომ მეხუთე რაუნდიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.