ახალი ამბები

“არ მახსოვს, სკოლაში რა ხდებოდა” – პირველკლასელები პანდემიაზე

30 დეკემბერი, 2020 • 707
“არ მახსოვს, სკოლაში რა ხდებოდა” – პირველკლასელები პანდემიაზე

7 წლის ტყუპები, ელენე და მარიამი წელს პირველ კლასში შევიდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გაკვეთილებს დისტანციურად ესწრებიან, სკოლის შენობაში კი სულ რამდენიმე კვირა გაატარეს.

როგორც ისინი ნეტგაზეთს უყვებიან, მათთვის დისტანციური გაკვეთილები მოსაბეზრებელია, რადგან ვერ ხვდებიან მეგობრებს და გარეთ გასვლასაც იშვიათად ახერხებენ. ამასთან, გარკვეულ პრობლემებს ქმნის ონლაინ სწავლების პროცესიც. როგორც ამბობენ, განსაკუთრებით მიკროფონის ჩართვა-გამორთვა და ხანდახან თანაკლასებელის სახლებიდან მომავალი ხმაური უშლით ხელს.

ნეტგაზეთის თხოვნაზე, გაეხსენებინათ საკლასო ოთახში სწავლის დღეები, ამბობენ, რომ არ ახსოვთ, სკოლაში რა ხდებოდა, თუმცა სკოლაში სიარული და სხვა ბავშვებთან თამაში ენატრებათ.

დისტანციურ სწავლებას პრობლემატურად აღიქვამს ტყუპების დედა, თინა სიხარულიძეც. მისი თქმით ონლაინ გაკეთვილებზე ბავშვებს უჭირთ ყურადღების მოკრება და ვერ სწავლობენ დისციპლინას, “მაგალითად, როგორ უნდა მოიქცნენ გაკვეთილზე, როგორ უნდა გაჩერდნენ ნახევარი საათი, როგორ უნდა აიწიონ ხელი, როცა რამის თქმა უნდათ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი