ახალი ამბები

კორონას გამო წლობით ნაგროვები ინსტრუმენტები გავყიდე | NEWA-ს ისტორია

29 დეკემბერი, 2020 • 5556
კორონას გამო წლობით ნაგროვები ინსტრუმენტები გავყიდე | NEWA-ს ისტორია

ანა კუბლაშვილი საკლუბო სცენაზე 2012 წელს გამოჩნდა და NEWA-ს სახელითაა ცნობილი. 2019 წლიდან  კლუბ Bassiani-ს რეზიდენტია.

როგორც თავად ამბობს, პანდემიის დაწყებამდე თითქმის ყოველკვირა სხვადასხვა ქვეყანაში დაფრინავდა ევროპის ამერიკისა თუ იაპონიის წამყვან კლუბებში დასაკრავად.

თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც საზღვრები ჩაიკეტა, კლუბებმა კი ფუნქციონირება შეაჩერეს, ანა, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩა და თავის გასატანად წლობით ნაგროვები ინსტრუმენტების გაყიდვაც მოუწია. თუ როგორ შეცვალა პანდემიამ მისი ყოველდღიურობა და როგორ ცდილობს ახალ რეალობასთან ადაპტირებას, ისტორიას ამის შესახებ ანა თავად გვიყვება:

რა იყო პანდემიამდე

ბავშვობიდან მუსიკალურ გარემოში ვიზრდებოდი –  ბებია ასწავლის კლასიკურ ჯაზს ფორტეპიანოზე, მეც ათწლედი მაქვს დამთავრებული, თუმცა ელექტრონული მუსიკით რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი.

2010 წელს ოჯახთან ერთად უზბეკეთში ვცხოვრობდი და იქ აღმოვაჩინე დამწყებებისთვის პროგრამა, სადაც შეგეძლო ელექტრონული მუსიკის შექმნა. ვსწავლობდი ჩემით, ვიდეოტუტორიალებით და სხვა ონლაინ რესურსებით. შემდეგ ჩამოვედი საქართველოში, პირველად Cafe Gallery-ში დავუკარი და ასე დაიწყო ნელ-ნელა ჩემი ამ სფეროში მოღვაწეობა.

ბოლო სამი წელია, რაც სრულად ელექტრონულ მუსიკაზე გადავერთე. 2017 წლიდან დავდიოდი სხვადასხვა ქვეყანაში და ვუკრავდი ევროპაში, ამერიკასა და იაპონიაში. 2019 წლიდან კი Bassiani-ს რეზიდენტი გავხდი.

დამიკრავს Berghain-ში [ბერლინი], Printworks-ში [ლონდონი], Gashouder-ში [ამსტერდამი], Basement-ში[ ნიუ იორკი] და ძალიან ბევრ სხვა ცნობილ კლუბში. თითქმის ყოველ კვირა დავფრინავდი და შემოსავალიც იმდენი მქონდა, თავისუფლად ვცხოვრობდი. ახლა კი საერთოდ აღარაფერი აღარ მაქვს.

3 წლის განმავლობაში იქით ვეხმარებოდი ჩემს მშობლებს, ახლა  ისინი მეხმარებიან მე და ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. დედა მხატვარია, მამა უნივერსიტეტში ასწავლის, ბებია მე-9 სამუსიკო სკოლაში მუშაობს, მუსიკის გაკვეთილებს ატარებს ონლაინ და ამით ვცდილობთ, რომ ვიყოთ.

ძალიან რთულია მუსიკის გაკვეთილების ონლაინ ჩატარება. მით უემტეს, ბებია 75 წლის არის და ტელეფონში და ტექნიკაში გარკვევა ცოტა უჭირს. პლუს, ხმაურის კუთხითაც რთულია, გიწევს ამ ყველაფერს მოუსმინო –  ისმის, მაინც ერთ სახლში რომ ცხოვრობთ და ამდენი გაკვეთილი ტარდება ონლაინ.

რა შეცვალა პანდემიამ

პანდემია რომ დაიწყო, საზღვრები ჩაიკეტა და კლუბებმა მუშაობა შეაჩერეს, გაურკვევლობაში ვიყავი. თან ისე დაემთხვა, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, აპარატურა შევიძინე  – ვერც წარმოვიდგენდი, რომ  ასეთი რამ მოხდებოდა და დანაზოგი დამჭირდებოდა.

2019 წლის დეკემბერში დანაზოგით მანქანა ვიყიდე, რადგან ძალიან მჭირდებოდა გადასაადგილებლად.  2020 წლის იანვარში კი ფირსაკრავი ვიყიდე, სახლში რომ მევარჯიშა ჩემთვის. 

ეს ინსტრუმენტიც ძვირადღირებულია, თან მით უფრო, საქართველოდან რომ ყიდულობ სხვა ქვეყანაში.  რადგან აქ არ იშოვება და  გამოწერა გიწევს, ღირებულებას განბაჟების და ტრანსპორტირების თანხა ემატება. ვიყიდე ესენი და არანაირი წარმოდგენ არ მქონდა, რომ ყველაფერი ჩაიკეტებოდა.

კიდევ მქონდა სხვა მიზნებისთვის ცოტა თანხა გადანახული, რომელმაც რამდენიმე თვე მომიყვანა, ზაფხულშიც 3-4-ჯერ დავუკარი და ისიც რაღაცა მცირე შემოსავალი იყო, თუმცა, ამის გარდა, თებერვლის შემდეგ სხვა არანაირი შემოსავალი არ მქონია.

მომიწია აპარატურის ნაწილის გაყიდვა. ეს არის წლების განმავლობაში ნაგროვები ინსტრუმენტები, ზოგჯერ შემოსავალი რომ არ მქონდა და რაღაცას ვაკოწიწებდი, რომ მეყიდა. ინსტრუმენტებია, რომელიც მუსიკის შესაქმნელად და იმ საქმის საკეთებლად მჭირდება, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება მაქვს მიძღვნილი. ეს არის ჩემი ლაპარაკის საშუალება ადამიანებთან, მათი დახმარებით გამოვხატავ ყველა ემოციას.  იძულებული გავხდი,  ასე ნაყიდი ინსტრუმენტები  რაღაც დროს გამეყიდა.

იმდენი შრომა მიწევდა ამ ყველაფრისთვის, რომ  ეს მეყიდა. თუნდაც ერთი ინსტრუმენტი ნიუ იორკიდან ჩამოვიტანე ჩემი ხელით. 

2019 წელს ვიყავი ნიუ-იორკში. დიდი ხანი მინდოდა Nord-ის სინთეზატორის ყიდვა. სხვა შტატში იყო და იქიდან გამოვიწერე.  რომ მოვდიოდი, ზუსტად იმ დღეს ჩამოვიდა და მომიწია ისევ ფოსტაში მისვლა. შუა ქუჩაში ვხევდი ყუთებს, ინსტრუმენტი რომ მენახა – არ მინდოდა კიდევ რამე პრობლემა შემქმნოდა. 

ხელით წამოვიღე – თვითმფრინავში ხელში მეჭირა მთელი ფრენის განმავლობაში, რადგან  ადგილები არ იყო, სადაც ინსტრუმენტს დავდებდი. თურქეთში რომ ჩავფრინდი, დააგვიანა თვითმფრინავმა და იქ მომიწია ლოდინი დიდი ხანი. ამ ინსტრუმენტთან ერთად მეძინა, რომ ვინმეს არ წაეღო. 

ასე წვალებით ნაყიდი და ჩამოტანილი ინსტრუმენტია, შვილივით რომ გიყვარს და ამის გაყიდვაც მომიწევდა, ამ ყველაფრიდან გამოსავალი რომ არ მომეძებნა. სხვა რამეები გავყიდე, მათ შორის, Arturia-ს მიდიკონტროლერი, საუნდ ქარდი, სპიკერები და აუდიომონიტორები. კიდევ რისი გაყიდვა მომიწევდა, არ ვიცოდი. 

ძალიან მნიშვნელოვანია და მიყვარს ესენი, რისი გაყიდვაც მომიწია. ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ თავი რომ გამეტანა – მივიღე. თან, ბევრად ნაკლებად ყიდი, ვიდრე შენ იყიდე –  საქართველოში ყიდი, თან პანდემიის დროს და ვისაც სჭირდება ეს ინსტრუმენტი, არც იმას აქვს ბევრი ფული.

ახალი რეალობა

სტუდია მქონდა ნაქირავები და იმის გამო, რომ აღარანაირი შემოსავალი არ მქონდა, ვუთხარი მფლობელს, რომ ვეღარ გავაგრძელებდი ქირის გადახდას და აპარატურა სახლში წამოვიღე. გადავწყვიტე, სტუდია სახლში მოვაწყო და მოსწავლეები ავიყვანო, რომლებსაც დიჯეინგს ვასწავლი. 

გაყიდული ინსტრუმენტებით მოგროვებული ფულით ვაკეთებ ამას. ჯერ არ დამიწყია, მაგრამ ბევრს აქვს სურვილი. გარდა ამისა, მინდა, რომ უსასყიდლოდაც ავიყვანო, ვინც ნიჭიერია და მათაც დავეხმარო. სხვა რომ არავინ გვეხმარება, ვცდილობთ, ჩვენ მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს.

ძალიან ბევრი მეგობარი დღემდე არ მინახავს. ძალიან ბევრს ვფიქრობ ჩემს საყვარელ უფროს ადამიანებზე, რომლებსაც ადვილად შეიძლება რაღაც ცუდი დაემართოთ. ამის გამოც მიწევდა შეზღუდვული ვყოფლიყიავი და არ გავსულიყავი ისე ხშირად გარეთ, როგორც ჩემი რამდენიმე მეგობარი, რომელიც მარტო ცხოვრობს და შეუძლია არ ნახოს ორი კვირის განმავლობაში ასაკოვანი ოჯახის წევრები. მეც ამის გამო მიწევდა, რომ უფრო ხშირად ვყოფილიყავი სახლში.

ძალიან ახლობელი ვინცაა,  იმათ მაინც ვნახულობ, მაგრამ მომენატრა ბევრი ადამიანის ერთად ნახვა და ყველაფერი, რაც კლუბში ხდება. ეს ჩემი ყოველკვირეული საქმე იყო. თან, კლუბში მხოლოდ გასართობად არ მიდიხარ, უამრავ ადამიანს ხვდები, რომელთანაც შეიძლება კოლაბორაცია გაკეთდეს.

მილიონი შესაძლებლობა იყო, რომელიც პანდემიამ მოსპო. კი, შეიძლება ონლაინ გაიცნო ვიღაც, მაგრამ სულ სხვაა, რომ მიდიხარ და ერთად უკრავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სხვადასხვა მუსიკოსები ერთად იკრიბებიან. 

Bassiani-ს დიჯეები ვინც ვართ, ვერც ისინი ვიკრიბებოდით ისე ხშირად, როგორც საჭიროა. ასეთ შეხვედრებზე ხდება ხოლმე ისეთი ინფორმაციის გაცვლა ერთამენთისთვის, რომელიც ჟანგბადივით საჭიროა, რადგან ერთმანეთისგან ვსწავლობთ.  

ფსიქოლოგიური მდგომაროებაც ყველას მძიმე აქვს. იმატა დეპრესიამ, ჩაკეტილობამ. ამ ყველაფერმა იმოქმედა ფსიქოლოგიურადაც. არც გინდა, რომ რაღაცა გააკეთო, შექმნა, რადგან  გგონია, რომ ამ ყველაფერს დასასრული აღარ აქვს. ახლა ვაქცინა რომ შეიქმნა, სინათლეც გამოჩნდა გვირაბის ბოლოს, მაგრამ მანამდე კიდევ უფრო რთული იყო ფსიქოლოგიურად.

ჩემი გამოსავალი მუსიკა იყო და ის ადამიანები, ვინც მიყვარს და ვისზეც მინდა ვიზრუნო. ეს არის მოტივაცია ჩემთვის, რომ მე ვიყო ძლიერი, რათა ჩემს გვერდით მყოფი ადამიანებიც ძლიერად იყვნენ. მედიტაცია, კითხვა, მუსიკის მოსმენა იყო, რამაც შეიძლება სხვაგან წაგიყვანოს და ამაზე აღარ იფიქრო.

პანდემიასთან გამკლავება მთავრობის დახმარების გარეშე

მე მთავრობის დახმარების არცერთი პროგრამა არ შემეხო. ძალიან სამწუხაროა, ხელოვანი ადამიანებისთვის დახმარების პროგრამა რომ არ აქვს სახელმწიფოს. მით უმეტეს, როცა რამდენიმე კლუბის და განსაკუთრებით Bassiani-ის დამსახურებით, ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფერო გახდა ამ ქვეყანაში.

ფაქტობრივად, ელჩები ვართ საქართველოსი –  როდესაც მე მივდივარ სხვა ქვეყანაში და ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიყავი ამ სამი წლის განმავლობაში, ყოველთვის მეკითხებიან საქართველოზე და ყველა დიდი ინტერესითაა. ასეთ ადამიანებს არც კი გვკითხულობენ, რა გვიჭირს. მე კიდევ რაღაცით შემიძლია თავი გავიტანო, მაგრამ მუსიკოსები არიან, რომლებიც ბინის ქირას ვეღარ იხდიან.

მე ბასიანზე ახალი რეზიდენტი ვარ და ჯერ გაფორმებული არ ვყოფილვარ, ამიტომ 200- ლარიანი დახმარება არ შემეხო. ვინც იყვნენ ჩემზე ადრე რეზიდენტები, იმათ აიღეს ეს თანხა. 

ერთჯერად 300 ლარიან დახმარებაზე კი არ ვიცი, ხელოვან ადამიანებსაც თუ შეგვეხება. მინდა რომ დავრეკო და გავარკვიო, იმიტომ, რომ ახლა ყველაფერს მნიშნველობა აქვს. მანამდე რომ ტანსაცმელში შეიძლებოდა მიგეცა ეს თანხა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა.

ანა კუბლაშვილი, NEWA

ეს სფერო ერთ-ერთია, რომელსაც ასე დაარტყა ამ პანდემიამ. ისეთი დახმარება მაინც ყოფილიყო, როგორც ევროპაში გააკეთეს, რომ ადამიანებს გადაატანინო ეს პერიოდი და ცოტა იმედი მისცე, რომ მარტო არ არიან. გვითხრან მაინც, როდის გაიხსნება ეს ყველაფერი, ესეც იმედს გაძლევს და გაურკვევლობაში მაინც არ იქნები.

ახლა ვცდილობთ, რომ ვადაპტირდეთ. ადამიანები იმიტომ გადარჩნენ ყველანაირ დროს, რომ ადაპტირდნენ, მეც ვდილობ. ვნახოთ, როდემდე მოგვიწევს.

მხოლოდ ჩემი მეგობრების, მეგობარი მუსიკოსოების და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების იმედად ვართ ყველა. ყველა ერთმანეთის დახმარებას ვცდილობთ, რადგანაც სახელმწიფომ დაგვივიწყა.

მასალების გადაბეჭდვის წესი