ახალი ამბები

რუსეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი აქამდე გაცხადებულ მონაცემებზე 3-ჯერ მეტია

29 დეკემბერი, 2020 • 1367
რუსეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი აქამდე გაცხადებულ მონაცემებზე 3-ჯერ მეტია

რუსეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი აქამდე გაცხადებულ მონაცემებს სამჯერ აღემატება. აღნიშნულის შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში თავად ხელისუფლებამ განაცხადა. ამგვარად, გამართლდა ექსპერტთა ნაწილის ვარაუდი, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით არასრულ სურათს წარმოადგენდა.

განახლებული მონაცემებით, პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ახალ კორონავირუსს 186 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და  ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით მესამე ადგილზე გადაინაცვლა  მსოფლიოს ქვეყნებს შორის.

ხსენებული მონაცემები ეკუთვნის რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც დასძენს, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრამდე რუსეთში სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 229 700-ით არის გაზრდილი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. უწყების თანახმად, 81% შემთხვევაში მაჩვენებლის ზრდის მიზეზი სწორედ ახალი კორონავირუსია.

იქამდე სახელმწიფო გაცილებით ნაკლებ – 55 265 – გარდაცვლილზე საუბრობდა. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არაერთგზის აცხადებდა, რომ რუსეთი გაცილებით უკეთ უმკლავდებოდა პანდემიას, ვიდრე დასავლეთის ქვეყნები. თუმცა მას არ ეთანხმებოდა ექსპერტთა ნაწილი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან რიცხვებით მანიპულაციაზე მიანიშნებდა.

ქვეყნის ხელისუფლება ამ დრომდე უარობს საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას და ეკონიმიკურ გამოწვევებზე მიანიშნებს. “გარდიანის” თანახმად, თუ დიდ ქალაქებში შედარებით მკაცრი ზომები მოქმედებს, სხვაგან ადგილობრივი ადმინისტრაციები მხოლოდ სავალდებულო პირბადისა და სოციალური დისტანციის რეგულაციების დაწესებით შემოიფარგლებიან.

პარალელურად, “გამალეიას” ინსტიტუტმა, რომელიც რუსულ ვაქცინაზე (“სპუტნიკ V”) მუშაობდა, განაცხადა, რომ 700 000 დოზა უკვე მზად არის შიდა გამოყენებისთვის. მოსკოვს ამ დრომდე არ უთქვამს, მოსახლეობის რა ნაწილი აიცრა აღნიშნული ვაქცინით.

საერთაშორისო სკეპტიციზმის მიუხედავად, რუსეთმა კოვიდ 19-ის ვაქცინა დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი