ახალი ამბები

საერთაშორისო სკეპტიციზმის მიუხედავად, რუსეთმა კოვიდ 19-ის ვაქცინა დაამტკიცა

11 აგვისტო, 2020 • 1439
საერთაშორისო სკეპტიციზმის მიუხედავად, რუსეთმა კოვიდ 19-ის ვაქცინა დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის პირველი ვაქცინა დაამტკიცეს. მისი განცხადებით,  ვაქცინის ეფექტურობას მოწმობს ყველა საჭირო ტესტირების წარმატებით გავლა .

რუსეთის ოფიციალურ უწყებების ინფორმაციაზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია იუწყება, რომ რუსეთი ვაქცინის მასობრივ წარმოებას სექტემბერში, ვაქცინაციას კი ოქტომბერში გეგმავს. პუტინის განცხადებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება. 

რუსეთის  ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  ვაქცინას, რომელსაც “სპუტნიკ 5” უწოდეს,  შეუძლია ვირუსის წინააღდეგ იმუნტიტეტის გამომუშავება 2 წლის განმავლობაში. 

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ვაქცინას პირველ რიგში მიიღებენ ჯადაცვის სფეროში მომუშავე პირები, მასწავლებლები და სხვა რისკჯგუფში მყოფი ადამიანები. რუსეთში ექიმების ვაქცინაციას აგვისტოშივე გეგმავენ. 

საერთაშორისო კრიტიკა

პანდემიის დასაწყისში პუტინმა სახელმწიფო მოხელეებს დაავალა შეემოკლებინათ კლინიკური ცდების დრო, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიეღოთ კორონავირუსის პოტენციური ვაქცინა. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და კანადამ გასულ თვეში რუსეთი დაადანაშაულა ჰაკერების გამოყენებით მათი ლაბორატორიებიდან ვაქცინის შესახებ ინფორმაციის მოპარვაში. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ბრალდება. 

პროფესორმა ალექსანდრე გინტსბურგმა, ვაქცინის შემქმნელმა და  რუსეთის გამალეიას ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მაისში განაცხადა, რომ მან და მისმა კოლეგებმა უკვე გამოსცადეს ვაქცინა. ადამიანებზე ტესტირება კი 17 ივნისს დაიწყეს 76 მოხალისეზე. ზოგიერთი მათგანი სამხედრო პირი იყო, რაც საერთაშორისო ექსპერტების აზრით, შესაძლო იძულებით მონაწილეობასთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს. ცდაში მონაწილე პირთა ნახევარს გაუკეთეს ვაქცინა თხევადი ფორმით, ხოლო მეორე ნახევარს- ხსნადი ფხვნილის სახით. 

საერთაშორისო ექსპერტები და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ  ვაქცინის დამტკიცება არ მომხდარა  საერთაშორისო წესების შესაბამისად.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ჯ. სტეფან მორისონი “ვაშინგტონ პოსტთან” ინტერვიუში რუსეთის მიერ ვაქცინის დამტკიცებას წესების შეცვლას უწოდებს: 

“ეს წესების შეცვლაა, გზის შემოკლება”, “ეს მნიშვნელოვანი ამბავია და ყველაფერი იწყება პუტინით, მას გამარჯვება სჭირდება.” მანვე დაამატა,  რომ რუსეთი ამით ცდილობს ძველი რუსული მეცნიერების დიდების გახსენებას, რაც არის პროპაგანდის ნაწილი და  უკუშედეგებს მოიტანს.

ჯანდაცვის ექსპერტები აფრთხილებენ რუსეთის მთავრობას, რომ ვაქცინის ტესტირების დაჩქარება და კლინიკური ცდების მე-3 ფაზის გამოტოვება, რომელიც გულისხმობს თვეების განმავლობაში ათასობით ადამიანზე ვაქცინის გამოცდასა და დაკვირვებას,  დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, რადგან შესაძლოა გააჩინოს არასწორი უსაფრთხოების შეგრძნება მოსახლეობაში იმუნიტეტთან დაკავშირებით და ჰქონდეს ნეგატიური ეფექტი ჯანმრთელობაზე. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რუსეთის,  გამალეიას ვაქცინას მაინც პირველი ფაზის ვაქცინად მიიჩნევს. ტარიკ ჯასარევიკი, “ჯანმოს” პრესსპიკერი ამბობს: “ჩვენ ახლო კონტაქტს ვნარჩუნებთ რუსეთის ჯანდაცვის წარმომადგენლებთან, დისკუსიები გრძელდება ვაქცინის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი კვალიფიციასთან შესაბამისობის შესახებ”. თუმცაღა ასევე დაამატა – “ ნებისმიერი ვაქცინის წინასწარი კვალიფიკაციისთვის აუცილებელია მისი ზედმიწევნით განხილვა, უსაფრთხოებისა და ეფექტურობასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო მონაცემების შეფასება”.

ამერიკის შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტიტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა,  რომ იმედი ჰქონდა, რუსეთი „მართლა გამოცდიდა ვაქცინას“, სანამ ვინმეზე გამოიყენებდა.

ვაქცინის კლინიკური ცდების ფაზები

ზოგადად, ვაქცინის კლინიკური ცდები 4 ფაზისგან შედგება:

1. მკვლევრები იყენებენ ვაქცინას მცირე დოზას, რათა დარწმუნდნენ, რომ ის მავნებელი არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის;

2. მედიკოსები ვაქცინას ცდიან რამდენიმე ასეულ ცდის პირზე, რათა შეაფასონ გამოიმუშავებს თუ არა სხეული იმუნიტეტს სამიზნე დაავადების წინააღმდეგ;

3. ვაქცინას აძლევენ რამდენიმე ათას დასნეულებულ ადამიანს, რათა ნახონ, რამდენად ეფექტურად მკურნალობს წამალი დაავადებას (ამ ფაზას ხშირად შესაძლოა რამდენიმე წელიც კი დასჭირდეს)

4  ვაქცინის მასობრივი გამოყენების შემდეგ  დაკვირვება და შედეგების შეფასება.

კლინიკური კვლევების თითოეული ფაზა,  რომელიც თვეებიდან რამდენიმე წლამდეც კი შეიძლება გასტანოს, გვაძლევს კონკრეტულ ინფორმაციას წამლის ეფექტურობასა და გვერდით ეფექტებზე. გარდა ამისა, იმუნიტეტის გამომუშავება კომპლექსური პროცესია რომლის მონიტორინგი დროში გაწელილი პროცესია. ეს დრო საჭროა, რათა ვაქცინის ყველა შესაძლო გავლენა შეისწავლონ მეცნიერებმა და შეაფასონ, ღირს თუ არა მისი ფართო მასებისთვის მიწოდება.


ავტორი: თორნიკე ბერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი