ახალი ამბები

სემეკი მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას – თურნავა დენის ტარიფზე

28 დეკემბერი, 2020 • 1119
სემეკი მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას – თურნავა დენის ტარიფზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ დარწმუნებულია, მარეგულირებელი კომისია („სემეკი“) ელექტროენერგიის ტარიფზე „დაბალანსებულ გადაწყვეტილებას“ მიიღებს.

28 დეკემბერს ენერგოკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გამოაცხადა, რომ ელექტროენერგიაზე „სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია“.

კომპანიის თანახმად, მოქმედი ტარიფი, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან დამტკიცდა, „უკვე დიდი ხანია, ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს“.

„ენერგო-პროს“ პოზიცია

კომპანია აცხადებს, რომ უკვე 10 თვეა, „მწვავე ფინანსურ კრიზისში“ იმყოფება, რის გამოც მოუწია „განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა“, ასევე, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება და გაურთულდა სახელფასო ფონდის დაფინანსება.

„მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე“, – განაცხადა კომპანიამ.

„ენერგო-პრომ“ გამოაცხადა, რომ აცნობიერებენ „საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს“, თუმცა, მეორე მხრივ, „თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომამრაგების საკითხი, ამით კი, პირველ რიგში, აბონენტის ინტერესები დაზიანდება“.

„ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ, ბოლო კვირებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას“, – წერია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში…

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა, რომ „არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი“: „გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური“. მისი თქმით, „სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს“ და „ყველა რესურსი ამოწურულია“.

თურნავას გამოხმაურება

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 28 დეკემბერსვე თქვა, რომ მარეგულირებელი კომისიის, „სემეკის“ კომპეტენციაში სამინისტრო არ ჩაერევა, თუმცა იქვე განაცხადა:

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი მხრივ, მომხმარებლის უფლებებს დაიცავს და, მეორე მხრივ, ენერგოკომპანიებსაც მისცემს საშუალებას, რომ ელეტროენერგია უსაფრთხოდ მიაწოდონ მოსახლეობას და კომერციულ აბონენტებს“.

თურნავამ ასევე თქვა, რომ „პანდემიის დროს ფინანსური კრიზისი ბევრ კომპანიას შეეხო, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც“; ასევე თქვა, რომ ელექტროენერგიის ტარიფებს, კანონმდებლობის თანახმად, ადგენს „დამოუკიდებელი რეგულატორი, მარეგულირებელი კომისია – სემეკი, რომელიც თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს“.

„ამ ეტაპზე ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენეციაში. დაველოდოთ მოვლენებს, ეს არის სემეკის პრეროგატივა და ის მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ტარიფზე საბოლოო გადაწყვეტილებას სემეკი უახლოეს პერიოდში მიიღებს.

ენერგო-პრო – ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია

მასალების გადაბეჭდვის წესი