ახალი ამბები

ჯაფარიძესთან იდეოლოგიური განსხვავებები მაქვს, მე უფრო ცენტრისტი ვარ – ხოშტარია

28 დეკემბერი, 2020 • 1528
ჯაფარიძესთან იდეოლოგიური განსხვავებები მაქვს, მე უფრო ცენტრისტი ვარ – ხოშტარია

“ევროპული საქართველოდან” წამოსული ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძესთან ითანამშრომლებს, მაგრამ არა ერთი პარტიის შიგნით.

ხოშტარიას თქმით, თავს უფრო ცენტრისტად მოაზრებს და მემარჯვენე-ლიბერტარიანელ ზურაბ ჯაფარიძესთან იდეოლოგიური განსხვავებებიც აქვს.

“არანაირი საუბარი არ გვქონია [ერთობაზე]. პარტიულ ხაზებს მიღმა თანამშრომლობა ძალიან მნშიშვნელოვნად მიმაჩნია, მათ შორის, განსაკუთრებით ზურასთან, იმიტომ, რომ პოლიტიკის კეთების ბევრი მისი ფორმა ჩემთვის ძალიან პატივსაცემი და მომხიბვლელია, ბევრ საკითხზე ვაპირებ მასთან თანამშრომლბას, ისევე როგორც სხვებთან, თუმცა მე არ ვგეგმავ სხვა პარტიაში გადასვლას, ან თუნდაც ორი პარტიის შერწყმას”, – განაცხადა ხოშტარიამ “ფორმულას” ეთერში.

ხოშტარიასთვის მომხიბვლელია მხარდამჭერების მიერ პარტიის დაფინანსების “გირჩისეული” სქემა, როდესაც ეს დამფინანსებლები ჩართული არიან პარტიის საქმიანობაში, და ამბობს, რომ ამ სისტემის აწყობას საკუთარ პარტიაშიც გეგმავს.

“გულწრფელად ვთქვათ, ჩემს და ზურას შორის არის გარკვეული იდეოლოგიური განსხვავებები, მე უფრო ცენტრისკენ მოვიაზრებ ჩემს თავს და არ მიმაჩნია, რომ კონიუნქტურულად, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახლა კარგად გამოიყურებოდეს, იდეოლოგიურ განსხვავებებზე უარი უნდა თქვა. არ არის აუცილებელი, გავერთიანდეთ ერთი პარტიის ქვეშ, თუმცა თანამშრომლობა ძალიან საინტერესო იქნება”, -აღნიშნა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ “ევროპული საქართველო” დატოვა. ცოტა ხნით ადრე გაიყო “გირჩი” და ზურაბ ჯაფარიძემ “გირჩი- მეტი თავისუფლებისთვის” დააფუძნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი