ნეტგაზეთი | ელენე ხოშტარია პოლიტიკასა და აქტივიზმს შორის ელენე ხოშტარია პოლიტიკასა და აქტივიზმს შორის – Netgazeti
RU | GE  

ელენე ხოშტარია პოლიტიკასა და აქტივიზმს შორის

ბოლო პერიოდში ელენე ხოშტარიას უფრო ნახავდით სამოქალაქო ატივიზმში, ვიდრე — პარტიულ ღონისძიებებზე. მის მიერ “ევროპული საქართველოს” დატოვება მოულოდნელი არ ყოფილა არც პარტიის წევრებისთვის და არც საზოგადოებისთვის, ვინაიდან მედია “ევსაქებიდან” ხოშტარიას შესაძლო წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წერდა. 28 დეკემბერს ელენე ხოშტარიამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ “ევროპულ საქართველოს” ტოვებს და ახალ პოლიტიკურ პლატფორმას აფუძნებს, თუმცა ამ გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები საზოგადოებისთვის არ განუმარტავს.

რატომ წავიდა?

“საქმე არა მიზეზებში, არამედ მიზნებშია” – უკვე ყოფილი თანაპარტიელის, აკაკი ბობოხიძის ამ პერიფრაზით უპასუხა ხოშტარიამ კითხვას “ევროპული საქართველოდან” წასვლის მიზეზების შესახებ.

ხოშტარია ამბობს, რომ “ევროპულ საქართველოსთან” გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა ტაქტიკურ საკითხებზე (რომელთაც არ ასახელებს) და არა — ძირეულზე, არც რაიმე სახის შიდა დაპირისპირებას ჰქონია ადგილი. ხოშტარია დარწმუნებულია, რომ  ურთიერთპატივისცემას და თანამშრომლობა ყოფილ თანაგუნდელებთან მომავალშიც შეინარჩუნებს.

“მთელ რიგ ტაქტიკურ საკითხებზე რაღაცებში ვყოფილვარ უმცირესობაში. პრეტენცზია არ მაქვს, რომ პარტიაში  არასწორად კეთდება და მე სწორად გავაკეთებ… როცა რაღაც არ მოგწონს, ორი არჩევანია: ეცადო და შიგნიდან შეცვალო რაღაცები, ან გააკეთო ისე, როგორც შენ ფიქრობ. არ მიმაჩნია, რომ მე უნდა დავიწყო ამ პარტიაში ცვლილება, ასე ოპერირებს ეს პარტია, ამიტომ გადავწყვიტე, ცალკე ისე გავაკეთო, როგორც მიმაჩნია სწორად”, – ამბობს ხოშტარია და დასძენს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობისას მის მოქმედებებში მეტი თავისუფლება ექნება და მიზნებსაც უკეთ მიაღწევს.

ფოტო: “ევროპული საქართველო”

მან არ უპასუხა მედიის შეკითხვებს, რატომ ვერ მოახერხა მისი ხედვების განვითარება იმ პარტიაში, რომელშიც იყო და თქვა, რომ ამ ეტაპზე დამოუკიდებელი ძალის შექმნა გადაწყვიტა.

ერთ-ერთ შემთხვევას, როდესაც ელენე ხოშტარიამ საჯაროდ დააფიქსირა “ევროპული საქართველოსგან” განსახვავებული პოზიცია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰქონდა ადგილი. ხოშტარია მაშინ გამოეხმაურა თავისი თანაპარტიელის, გიგი უგულავას ვიდეომიმართვას “მუშტი — ბიძინას, იდაყვი —მიშას” და თქვა, რომ “ევროპული საქართველოს” კამპანიის ფორმას არ იზიარებს.

“გასაგებია, რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, ერთიანობის მიუხედავად, კონკურენციაა პარტიებს შორის და ითხოვს გარკვეული განსხვავებების ჩვენებას. თუმცა გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ”, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სამომავლო გეგმები

ელენე ხოშტარიას თქმით, კონკრეტულ გეგმებზე და იდეოლოგიურ პლატფორმაზე, ასევე მომავალ პარტნიორებზე, დღეს საუბარს მოერიდება. თუმცა ამბობს, რომ აქტიურად იქნება ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში და აქტივისტებსაც გაუხსნის პოლიტიკურ პლატფორმას.

“არ გადავდივარ არცერთ სხვა პარტიაში და ასევე, ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში — ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა. პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე გადავწყვიტე, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა”, – განაცხადა ხოშტარიამ “ევროპული საქართველოს” ოფისში, თანაპარტიელებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, აქტივიზმი, ასევე, მტკიცე, ერთიანი, კოორდინირებული, პრინციპული პოლიტიკური პროცესი.

“მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას”, – დასძინა მან.

სამოქალაქო აქტივიზმი და “სირცხვილია”

“აქტივიზმსა და პოლიტიკას შორის ზღვარი ხშირად წაშლილია. ჩვენ, პოლიტიკოსები, ახლა ყველა აქტივისტები ვართ, ისეთ კრიზისულ რეჟიმში გვიწევს ყოფნა, მაგრამ განაცხადი, რომ პოლიტიკაში ვაპირებ ყოფნას, ნიშნავს, რომ უბრალოდ კი არ მინდა ვიაქტიურო, არამედ მოვიპოვო ადამიანების ნდობა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს, ანუ მაქვს ელექტორალური გეგმებიც”, – აცხადებს ხოშტარია.

ელენე ხოშტარია არაერთ საპროტესტო აქტივობაში მონაწილეობდა სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიასთან” ერთად, თუმცა არ ადასტურებს, რომ “სირცხვილასთან” საერთო პლატფორმას ქმნის, მაგრამ ამბობს, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც დღეს პარტიულად არ იბრძვის, მაგრამ გამოსადეგი იქნება პოლიტიკურ ბრძოლაში.

“კონკრეტულად თუ იყო საუბარი, რომ “სირცხვილიასთან” ერთად რაღაცას ვქმნი, ამაზე აბსოლუტურად არ არის საუბარი. არიან ადამიანები, ვინც მოწოდებით არიან აქტივისტები და მათ არა აქვთ ელექტორალური ამოცანები. ჩემი ამოცანა არაა, აქტივისტი პოლიტიკოსად გადაიქცეს. თუ ვინმეს ამის სურვილი ექნება, ეს პლატფორმა ღია იქნება. არსებობს უამრავი ადამიანი, ვისთვისაც ხშირად პარტიული კარები ჩაკეტილია ხოლმე, რადგან ვერ ხედავენ თავის თავს პოლიტიკაში, ამ დროს არსებითად ებრძვიან სისტემას და აქვთ თავიანთი ხედვები. მე ვეცდები, ამ ადამიანებს შევუქმნა პოლიტიკური საქმიანობის პლატფორმა თუ კომფორტი”, – განაცხადა ხოშტარიამ.

“სირცხვილია” არის აქტივისტური ჯგუფი, ელენე აკეთებს პარტიას, შესაბამისად, ეს ორი რაღაც ერთად ვერ იქნება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “სირცხვილიას” აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა.

მან იმ მიზეზების შესახებაც ისაუბრა, რატომ არ მიიჩნევს მიზანშეწონილად “სირცხვილიას” პოლიტიკურ პარტიად ტრანსფორმაციას.

“პოლიტიკური სპექტრიდან 30 წელი რაც ვერავინ მოახერხა, პროპორციულ არჩევნებს ვგულისმობ, “სირცხვილიას” დიდი კონტრიბუციით მოხერხდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დაისვა კითხვები, ხომ არ არის პოლიტიკური, პარტიული გეგმები? ბუნებრივია, მეც ვფიქრობდი და ყველა ფიქრობდა ამაზე. ჩემი პირადი პოზიცია (და “სირცხვილიაში” ეს გაზიარებული პოზიციაა) ასეთია — “სირცხვილია” რომ პოლიტიკური პარტია გახდეს, იქნება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია და კონკურენტი სხვა ოპოზიციური პარტიების. რაც “სირცხვილიამ” მოახერხა, როგორც სამოქალაქო მოძრაობამ, იმიტომ მოახერხა, რომ მას შეეძლო სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების კონსოლიდაცია ერთი მიზნის გარშემო. შესაბამისად, “სირცხვილია” თუ გახდება ერთ-ერთი ამ პოლიტიკური პარტიათაგანი, ამ ძალას დაკარგავს”, – მიიჩნევს დიღმელაშვილი.

ელენე ხოშტარია, შოთა დიღმელაშვილი. სქრინი გადაცემიდან “სირცხვილია”

მისი თქმით, სამოქალაქო მოძრაობა კარგია იმის გამო, რომ პოლიტიკაზე ზემოქმედების საშუალება მისცა ბევრ ადამიანს, ვისაც არ უნდა, პარტიაში იყოს.

“არ იქნება გონიერი, რომ “სირცხვილია” გახდეს პოლიტიკური პარტია. ეს რაც შეეხება პრაგმატულ ნაწილს და ზოგადად, ადამიანებს თავიდანვე ვუთხარით, რომ სკამებისთვის არ ვიბრძოდით და დავიცავით ეს პირობა მაშინ, როცა ყველაზე მეტი საცდური იყო, პოლიტიკურ პარტიად გადავკეთებულიყავით [ანუ, არჩევნებამდე]. პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაში ვართ და ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ გონიერი ეჭვი არ არის ჩვენს პოლიტიკურ გეგმებზე — 1-დან 10-მდე სკალაზე შანსი არის 1. თუ რამე შეიცვლება ამ სკალაზე, პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს მხარდამჭერებთან “თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებაში” [ფეისბუქ ჯგუფი] და არავის გამოეპარება. საიდუმლო გეგმები ნამდვილად არ არსებობს”, – ამბობს დიღმელაშვილი.

ზურაბ ჯაფარიძესთან ერთობაზე

“სირცხვილიას” გარდა, ელენე ხოშტარიას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სპეკულაციები უკავშირდება ზურაბ ჯაფარიძესთან თანამშრომლობასაც. ჯაფარიძემ ცოტა ხნით ადრე დატოვა “გირჩი” და გირჩი 2 დააფუძნა. ხოშტარია ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძესთან ითანამშრომლებს, მაგრამ — არა ერთი პარტიის შიგნით.

ამასთან, ელენე ხოშტარიას თქმით, თავს უფრო ცენტრისტად მოაზრებს და მემარჯვენე-ლიბერტარიანელ ზურაბ ჯაფარიძესთან იდეოლოგიური განსხვავებებიც აქვს.

“პარტიულ ხაზებს მიღმა თანამშრომლობა ძალიან მშნიშვნელოვნად მიმაჩნია, მათ შორის, განსაკუთრებით ზურასთან, იმიტომ, რომ პოლიტიკის კეთების ბევრი მისი ფორმა ჩემთვის ძალიან პატივსაცემი და მომხიბვლელია, ბევრ საკითხზე ვაპირებ მასთან თანამშრომლბას, ისევე როგორც სხვებთან, თუმცა მე არ ვგეგმავ სხვა პარტიაში გადასვლას, ან თუნდაც ორი პარტიის შერწყმას”, – განაცხადა ხოშტარიამ “ფორმულას” ეთერში.

ხოშტარიასთვის მომხიბვლელია მხარდამჭერების მიერ პარტიის დაფინანსების “გირჩისეული” სქემა, როდესაც ეს დამფინანსებლები ჩართული არიან პარტიის საქმიანობაში და ამბობს, რომ ამ სისტემის აწყობას საკუთარ პარტიაშიც გეგმავს.

“გულწრფელად ვთქვათ, ჩემს და ზურას შორის არის გარკვეული იდეოლოგიური განსხვავებები, მე უფრო ცენტრისკენ მოვიაზრებ ჩემს თავს და არ მიმაჩნია, რომ კონიუნქტურულად, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახლა კარგად გამოიყურებოდეს, იდეოლოგიურ განსხვავებებზე უარი უნდა თქვა. არ არის აუცილებელი, გავერთიანდეთ ერთი პარტიის ქვეშ, თუმცა თანამშრომლობა ძალიან საინტერესო იქნება”, – აღნიშნა ხოშტარიამ.

“ევროპული საქართველოს” რეაქცია

“ადამიანს უნდა, რომ იყოს მარტო და იბრძოლოს მარტო. ამის უფლება აქვს”, – ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა ელენე ხოშტარიას პარტიიდან  წასვლის კომენტირებისას.

მისი თქმით, ხოშტარიას წასვლის მიზეზი არ ყოფილა ის, რომ  პარტიაში აქტივიზმის საშუალებები ჰქონდა შეზღუდული. უგულავას განმარტებით, ხოშტარიამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება დაახლოებით 1.5 წლის წინ მიიღო.

“მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ის წინა ხაზის ერთ-ერთი მებრძოლია და ასეთად დარჩება”, – განაცხადა უგულავამ.

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც ადასტურებს, რომ პარტიამ წინასწარ იცოდა ელენე ხოშტარიას გეგმების შესახებ, არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელი აქტივობის თაობაზე.

“მინდა დავუდასტურო პოლიტიკური მხარდაჭერა და პირადი მეგობრობა”, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ პარტიასა და ელენე ხოშტარიას საერთო მიზნები ამოძრავებთ ოპოზიციურ ფლანგზე.

სამომავლო პერსპექტივები

ელენე ხოშტარიას თქმით, მას გათვთცნობიერებული აქვს ის რისკები, რომლებიც პოლიტიკური პარტიის დამოუკიდებლად შექმნას ახლავს თან. ხოშტარიას სამომავლო პერსპექტივების შეფასება უჭირს პოლიტოლოგ გია ნოდიასაც.

გია ნოდია

გია ნოდია

“ძალიან ძნელია ელენე ხოშტარიას შანსების შეფასება, მით უმეტეს, რომ მას ჯერჯერობით არ განუცხადებია უფრო კონკრეტულად მისი გეგმების შესახებ. თუმცა გარკვეული შანსები აქვს, ვინაიდან მან მართლაც შეიქმნა პიროვნული რეპუტაცია, სახელი, რომელიც არ არის დამოკიდებული მისი პარტიის რეპუტაციაზე. აქედან გამომდინარე, მისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს პარტიის გარეთ ყოფნა”, – ამბობს ნოდია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

გია ნოდიასთვის, ისევე როგორც საზოგადოების ფართო სპექტრისთვის, ელენე ხოშტარიას წასვლა “ევროპული საქართველოდან”  მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მიზეზი უცნობი დარჩა. იგი მიიჩნევს, რომ ხოშტარიას მსგავსი პოპულარული ფიგურის წასვლა “ევროპულ საქართველოს” გარკვეულწილად დაასუსტებს.

“მაგრამ თუ ელენე ხოშტარიას დიდი ხნის წინ ჰქონდა ჩაფიქრებული პარტიის დატოვება, არჩვენების შემდგომი პერიოდი სტრატეგიულად კარგი დროა ამისთვის. არჩევნების წინ წასვლა უფრო მტკივნეულად იქნებოდა აღქმული”, – განაცხადა ნოდიამ.

ელენე ხოშტარიას შესახებ

ელენე ხოშტარიამ პარტიული საქმიანობა 2016 წელს “ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანებით დაიწყო, პარტიის გაყოფის შემდეგ კი “ევროპულ საქართველოში” გადავიდა. მანამდე, 2012-2016 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) წარმომადგენელი იყო; “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა.

ელენე და გოგი ხოშტარიები

ელენე ხოშტარიამ დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შსს-ში საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.

არის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, თუმცა მე-10 მოწვევის პარლამენტში დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.